რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „Sky Sports” სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
აღმოჩნდა რომ ინგლისის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელ უეინ რუნის, კლუბის თავკაც ალექს ფერგიუსონთან ურთიერთობა დაეძაბა. ამ ორ ადამიანს შორის ჩამოვარდნილი შუღლის წარმოშობის მიზეზებზე ცნობილი არაფერია. ფაქტია, რომ სერ ალექსმა რამდენიმე შეხვედრის განმავლობაში რუნი სათადარიგოთა სკამზე განაწესა.
ბრიტანელი ჟურნალისტები მწვრთნელ-შეგირდის უთანხმოების ერთ-ერთ გამომწვევად რადამელ ფალკაოს ფაქტორს მიიჩნევენ. საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ მანჩესტერული გუნდი კოლუმბიელი შემტევის შეძენასთან ახლოსაა და ახალი სეზონიდან რუნის ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად დიდძალი ოფლის ღვრა მოუწევს.
ბრიტანული გამოცემის მტკიცებით, რუნისთან მოლაპარაკება ერთდროულად სამმა გუნდმა წამოიწყო. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თავდამსხმელს „მანჩესტერ სიტის“, „ჩელსისა“ და ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ წარმომადგენლები დაუკავშირდნენ. ამ სამეულიდან ფეხბურთელის გადაბირების ყველაზე კარგი შანსი „პსჟ“-ს გააჩნია.
კულუარული ცნობით, რუნიმ ორივე ბრიტანული გუნდის ემისრები სასტიკი უარით გაისტუმრა, ფრანგებთან კი საუბარს აგრძელებს. „პარი სენ ჟერმენის“ წარმომადგენელმა მიშელ მულენმა გუშინ განაცხადა, რომ ბრიტანელი შემტევის პარიზში გადასვლის საკითხი უკვე მოგვარებულია და ახალი სეზონიდან რუნი თანამემამულე დევით ბექჰემს შეუერთდება.
მართალია დღეს დილით სერ ალექს ფერგიუსონმა ბრიტანულ სპორტულ მას-მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ უეინი არსად წასვლას არ აპირებს, მაგრამ ამ თემაზე კომენტარებს თავად „მთავარი დამნაშავე“ რუნი არანაირ კომენტარებს არ აკეთებს.