აფხაზებს ქართველთა ჩანაცვლება სირიელებით სურთ

აფხაზებს ქართველთა ჩანაცვლება სირიელებით სურთ

აფხაზეთი მოსახლეობას სირიელების ხარჯზე აფართოებს. ამ სახის მიგრაციას ხელს უწყობს ისიც, რომ სირიაში გაჩაღებულმა სამოქალაქო ომმა მილიონზე მეტი მოქალაქე იძულებული გახადა, თავშესაფარი სხვა ქვეყანაში მოეძია.

მათი უმეტესობა თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში ბანაკებში დასახლდა, ნაწილმა კი შავი ზღვის სანაპიროს, საქართველოს მოწყვეტილ რეგიონს, აფხაზეთს მიაშურა.

ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ რუსული ბიურო წერს, რომლიც თანახმადაც, ცოტა თუ აღმოჩნდა ბედნიერი, რომელთაც საცხოვრებელი შავი ზღვის სანაპიროზე, აფხაზეთში იპოვეს, რომელიც ერთ დროს „რუსულ რივიერად“ ითვლებოდა.

„სირიელი აფხაზები, მას შემდეგ, რაც რუსეთის მეფემ მათი მუსლიმანი წინაპრები ოსმალეთის იმპერიაში გადაასახლა, 150 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის თანახმად, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა აცხადებს, რომ აფხაზეთში 200 სირიელი აფხაზი უკვე ჩავიდა, აპრილის ბოლოსთვის კი კიდევ 150 მათგანი ჩავა. ჩირიკბა არ მალავს, რომ აფხაზების სურვილია, სირიელ თანამოძმეებს, რომლებიც საფრთხეში აღმოჩნდნენ, ყველა შესაძლო დახმარება აღმოუჩინონ.

მიუხედავად იმისა, რომ ლტოლვილებიდან ცოტამ თუ იცის რუსული ან აფხაზური ენა, ჩირიკბა მიიჩნევს, რომ ისინი სჭირდება აფხაზეთს, რომელიც ომის შემდეგ ნელ-ნელა ფეხზე დგება. მით უფრო, რომ ბევრი მათგანი საჭირო პროფესიის წარმომადგენელია, მაგალითად, ელექტრიკოსი.

სტატიაში მოყვანილია აფხაზური გამოცემის „საჭირო გაზეთის“ რედაქტორის იზიდა ჩანიას აზრიც. ის აცხადებს, რომ აფხაზეთის ხელისუფლების დემოგრაფიული პოლიტიკა განპირობებულია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ეთნიკური მოსაზრებებითაც. ამიტომაც, ისინი ცდილობენ, აფხაზეთის მოსახლეობა ეთნიკური აფხაზებით გაზარდონ.

სტატიის ავტორი ჯეიმს ბრუკი პირდაპირ მიუთითებს, რომ აფხაზეთი მოსახლეობას შორეული სირიიდან ლტოლვილთა ხარჯზე აფართოებს, მაგრამ უარს ამბობს, მიიღოს ეთნიკური ქართველები, რომლებიც ყოფილი მამულიდან სულ რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით ცხოვრობენ.

სტატიის თანახმად, აფხაზეთი საბჭოთა პერიოდში საქართველოს ავტონომიურ რეგიონად ითვლებოდა. მან ფიქტიური დამოუკიდებლობა 1993 წელს მოიპოვა, როდესაც საკუთარი ტერიტორიიდან ქართული ჯარები განდევნა და თბილისის კონტროლისგან გათავისუფლდა.

ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთში ჯერ კიდევ ბევრი სახლი ცარიელია, გამომდინარე იქიდან, რომ 1993 წელს სეპარატისტულმა ძალებმა აფხაზეთი კონტროლქვეშ აიყვანეს და მოსახლეობის ნახევარი, დააახლოებით 200 ათასი ქართველი იძულებული გახდა გაქცეულიყო. ამის ფონზე კი, საქართველოს დედაქალაქში მიიჩნევენ, რომ,თუ აფხაზეთს საკუთარი მოსახლეობის გაზრდა სურს, მაშინ, მან ქართველებს საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება უნდა მისცეს.

რამდენად შეცვლის აფხაზეთში დემოგრაფიულ ვითარებას სირიელების დამკვიდრება?! ამის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე აფხაზებს არ აქვთ საშუალება, სირიელი დევნილები დიდი რაოდენობით ჩამოასახლონ. ამდენად, 200 ოჯახის ჩამოსახლება არაფერს ნიშნავს. ხოლო, თუ იქ ათასობით ოჯახი ჩამოსახლდება, ამის შემდეგ აისახება ეს დემოგრაფიულ ცვლილებებზე.

მისი თქმით, დიდი ხანია, აფხაზეთში არსებობს გეგმა, დიასპორებიდან ჩაასახლონ აფხაზები და ამით გაიმყარონ დემოგრაფიული მდგომარეობა, რომელსაც საშიშროება ემუქრება, ვინაიდან იქ იმავე რაოდენობის სომხები ცხოვრობენ, როგორც - აფხაზები.

„ამ მხრივ სერიოზულ საშიშროებას ხედავენ აფხაზები, მაგრამ ეს გეგმა არ გამოუვიდათ. პარლამენტშიც შექმნეს სპეციალური კომისია, რომლის თავმჯდომარედაც დანიშნეს თურქეთიდან ჩამოყვანილი აფხაზი, 2007 წელს მას შევხვდი და ვესაუბრე. მართლაც არსებობდა გეგმა, რომ მასობრივად თურქეთში მყოფი აფხაზები ჩამოეყვანათ და ბიზნესი ეკეთებინათ, მაგრამ მათ ვერ დაინახეს თავისი ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობები და ეს პროცესი არ განვითარდა. არც კრემლმა მოიწონა მათი ჩამოსახლება, რადგან ეს თურქეთის გავლენას ზრდიდა აფხაზეთში,“ - აცხადებს გოგი ხუციშვილი და აფხაზების მეორე მცდელობას სირიიდან ჩასული ადამიანების ხარჯზე გააცოცხლონ ვითარება აფხაზეთში, საეჭვოდ უყურებს.

მისი თქმით, უნდა დაველოდოთ, კრემლის პოზიციას სირიასთან მიმართებით. ერთი რამ კი ცნობილია, რომ რუსეთი არ შედის იმ კოალიციაში, რომელიც ბაშარ ასადს მხარს უჭერს. თუმცა ექსპერტი ეჭვობს, ჩირიკბას აფხაზეთში სირიელების დაბრუნება ისე შეეთავაზებინოს, რომ ამის შესახებ რუსეთთან შეთანხმებული არ ჰქონოდეს.

ამდენად, კონფლიქტოლოგი არ გამორიცხავს, რომ ეს უფრო ჰუმანიტარული აქტის დონეზეა და მასობრივ ხასიათს არ მიიღებს. მით უფრო, რომ ჯერჯერობით მას არ აქვს ინფორმაცია, დიდი რაოდენობით სირიელი დევნილების ჩასახლებაზე თანახმა თუ არა რუსეთი.

„პრინციპში, არ არის გამორიცხული, მომავალში ეს პროცესი განხორციელდეს, მაგრამ ამ ეტაპზე არ ჩანს აფხაზების მზადყოფნა, რომ იქ სხვა ხალხი შეიყვანონ. ბოლოს და ბოლოს, მათ ხომ უნდა აჭამონ, ხომ უნდა დაასაქმონ, ამის საშუალება კი აფხაზებს არ აქვთ. ამ დროს ქარული მხარე ისეთ ტერმინებს არ უნდა იყენებდეს, რომ თურმე აფხაზები მარიონეტები არიან, არამედ მათთან ურთიერთობა უნდა გავაძლიეროთ. შევთავაზოთ ერთობლივი პროცესები, ვაჭრობა, რაც მათთვისაც ხელსაყრელი იქნება“, - აცხადებს გოგი ხუციშვილი.

ამასთან, ფიქრობს, რომ ბოლო დროს დაწყებული საქართველო-რუსეთის დიალოგი აშინებს აფხაზებს. ამიტომ ისინი თუ დაინახავენ, რომ რუსეთი არ თმობს პოზიციებს და მათ ზურგსუკან არაფერი ხდება, შეიძლება, უფრო დაწყნარდნენ და გაიხსნას კარი ქართველებთან დიალოგისთვის. მით უფრო, რომ, გოგი ხუციშვილის აზრით, ქართულმა მხარემ უკვე შეცვალა დამოკიდებულება აფხაზების მიმართ, მათ რუსეთის მარიონეტებად არ აღიქვამს და მათთან პირდაპირი კავშირის განვითარებას ცდილობს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა აცხადებს, რომ მეფის რუსეთის დროს აფხაზები თურქეთში გადაასახლეს და შესაძლოა, ამის შემდეგ ისინი სირიაში გადავიდნენ. თუმცა აფხაზეთში მათი დაბრუნება ადამიანის უფლებების ყოველგვარი დარღვევაა, რადგან ამით ძირძველი მოსახლეობა იგნორირებულია.

გია გვაზავა აცხადებს, რომ პირადად მისი გვარი ჯერ კიდევ 1621 წლიდან დაფიქსირებულია აფხაზეთში, რომ არაფერი თქვას მათზე, ვინც ბევრად უფრო ადრე იმყოფებოდა აფხაზეთში. ამდენად, მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება ეს უსამართლობა, როცა ჩვენს დევნილებს არ უშვებენ აფხაზეთში და თუნდაც ეთნიკურად აფსუები სხვა რეგიონიდან ჩამოჰყავთ.

„კი ბატონო, ისინიც ჩამოიყვანონ, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? ასეთი აღვირახსნილი ქმედება ახსნასაც არ ექვემდებარება. მხოლოდ ქართველების დაბრუნება არ უნდათ, თორემ ყველას აბრუნებენ. იქ უკვე დასახლდა სხვა ერის ბევრი წარმომადგენელი - ჩრდილო კავკასიელი, რუსი, ახლა სირიელი რეპატრიანტები... ამ ეტაპზე ორასი ოჯახია ჩამოყვანილი და კიდევ საუბარია 200-მდე განცხადებაზე. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ადამიანებს ჩვენს სახლებში ასახლებენ, ქართველებისა და არაქართველების ბინებში, ვინც გამოყრილია აფხაზეთიდან. ასე რომ, საკუთრების თემა კიდევ ცალკე საკითხია“, - აცხადებს გია გვაზავა.

ამასთან, მიიჩნევს, რომ ასეთ თემებზე საუბარი მაღალ რაუნდებზე უნდა შედგეს, თუნდაც ჟენევის მოლაპარაკებაზე. მით უფრო, რომ მეფის რუსეთის დროს აფხაზეთიდან გაასახლეს 72-73 ათასი ადამიანი, არა მარტო ეთნიკურად აფხაზი, არამედ ძალიან ბევრი ქართველი - ლაზიც. დღეს თურქეთში მცხოვრებ ამ დიასპორას უფრო ჩერქეზთა დიასპორას ეძახიან და მასში შედის აფხაზური ნაწილიც. თუმცა ის არ არის ისე მრავალრიცხოვანი, როგორც ისინი ლაპარაკობენ. თვითონ ჩრდილო კავკასიელების დიასპორა კი სადღაც 500 ათასამდეა თურქეთში.

გია გვაზავას თქმით, თურქეთიდან მოჰაჯირთა ჩამოყვანის პროექტიც შეჩერდა, რადგან ეს პროცესი, ეტყობა, კრემლს არ მოეწონა. ამის გამო, დიდი უსიამოვნებები ჰქონდა ბაღაფშს მოსკოვთან. ამდენად, გამორიცხული არ არის, რუსებს სირიელების ჩამოყვანაც არ მოეწონოთ აფხაზეთში. თუმცა, აქ კიდევ ერთი მომენტია, რუსეთი ახლა იმიტომაც არ აკონტროლებს სირიელთა ჩასახლებას აფხაზეთში, რომ, როგორც ჩანს, იმდენად მრავალრიცხოვანი არ არის ეს პროცესი და, მეორეც, სირიაში ომი მიმდინარეობს და იქიდან დევნილ ადამიანებს ჰუმანიტარული მოსაზრებით უარს არ ეუბნებიან, მაშინ, როცა ქართველებისთვის ეს ხელმიუწვდომელია.

ისტორიკოსი გიორგი ანჩაბაძე აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული რაოდენობის ადამიანები, რომელთა ჩასახლებასაც აფხაზეთში აპირებენ, მაგრამ ისინი მარტო სირიელები არ არიან, არამედ ისინი წარმომავლობით ეთნიკური აფხაზები არიან. არ არის გამორიცხული, რამდენიმე ასეული ასეთი ადამიანი ჩავიდეს აფხაზეთში, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს არ იქნება დიდი რაოდენობა.

„სირიაში ათი ათასამდე აფხაზია დარჩენილი, ვისაც აქვს ეთნიკური თვითშეგნება. სულ მთლიანადაც რომ დაბრუნდნენ, ალბათ, მათი რიცხვი ათი ათასი იქნება. მაგრამ, როგორც წესი, სულ მთლიანად არ ხდება ხოლმე დაბრუნება. ამიტომ გამოსავალი იქნება, თუკი ქართული მხარე ისეთ პოლიტიკას წარმართავს, რომელიც მოგების პოლიტიკაზე იქნება გათვლილი და ორივე მხარისთვის სასარგებლო წერტილის პოვნას მოემსახურება“, - აცხადებს გიორგი ანჩაბაძე.