როლანდ ახალაიას სამეგრელოში700-ზე მეტი მეწარმე ჰყავს უკანონოდ დაპატიმრებული

როლანდ ახალაიას სამეგრელოში700-ზე მეტი მეწარმე ჰყავს უკანონოდ დაპატიმრებული

2007 წლის 29 ოქტომბერს, 72 წლის ნაპო გაბისონიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 19 წლით თავისაუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით, 10 ათასი ლარი შეუფარდა. გაბისონიას ბრალი ყალბი დოკუმენტების დამზადებაში, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, სხვისი ქონების მითვისებასა და გადასახადის დამალვაში დასდეს. როგორც გაბისონიამ for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მისი საწარმოს წარმატებული საქმიანობა თვალში არ მოსდიოდა სამეგრელო- ზემო სვანეთის ყოფილ პროკურორს, როლანდ ახალაიას და საწარმოს ხელში ჩაგდება განიზრახა.

დაზარალებული გაბისონია ამბობს, რომ პროკურატურამ გადაიბირა მთავარი ბუღალტერი თემურ ხაზალია, რომელმაც დამალა დოკუმენტები, შეადგინეს ექსპერტიზის ყალბი დასკვნები, შეამოწმეს ყალბი აქტები, არ ჩაატარეს ინვენტარიზაცია და ხელოვნურად მოხდა მზა პროდუქციის სარეალიზაციო ფასების გაზრდა. ხაზალია ჯერ დააკავეს, შემდეგ მასთან საპროცესო გარიგება გააფორმეს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ის, რომ პროკურატურა ლოიალური აღმოჩდა ხაზალაის მიმართ, ამას ისიც ადასტურებს, რომ მუხლი, რომლითაც ხაზალია იყო ბრალდებული 22 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

როგორც გაბისონია ამბობს, მის დაპატიმრებამდე სააქციო საზოგადოების კუთვნილი ქონება ჯერ დააყადაღეს, შემდეგ კი გაყიდეს. ამ უკანონობის ორგანიზატორი და განმხორციელებელი როლანდ ახალაია და მისი ნათესავები იყვნენ.

რა ინტერესი ჰქონდა როლანდ ახალაიას და რა გზით აპირებს სამართლიანობის აღდგენას 77 წლის ყოფილი ბრალდებული? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ნაპო გაბისონიას ესაუბრა.

ნაპო გაბისონია: 6 წელი გავატარე უკანონო პატიმრობაში. იმ ურთულეს პერიოდში, როდესაც ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაცია იყო, როდესაც არც ერთი საწარმო არ მუშაობდა, მოვიყვანე ინვესტორები, ავამუშავე ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხანა, დავასაქმე 160 კაცი. საათივით მქონდა ბიზნესი აწყობილი. ჩემი დაკავების დღიდან საწარმოს არ უმუშავია, ყველაფერი განადგურებულია. ასეთი ვანდალობა ფაშისტებს არ ჩაუდენიათ, რაც როლანდ ახალაიამ გააკეთა.

ბატონო ნაპო, თქვენ ამბობთ, რომ თქვენი დაკავებით დაინტერესებული იყო როლანდ ახალაია, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი საწარმო ჩაეგდო ხელში?

- დიახ. ყველაფერი როლანდ ახალაიას ხელმძღვანელობით ხდებოდა. მისი პირადი პატიმარი ვიყავი. თავისი ნათესავებისთვის უთქვამს, ის ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვაო. ჩემი წარმოება 2 ჰექტარი მიწის ფართობზე იყო აშენებული, თვითონ წარმოება დაახლოებით 5-6 მილიონი ლარი ღირდა. ამ საწარმოს ხელში ჩაგდება უნდოდა ახალაიას და ამიტომ დამაპატიმრა.

როლანდ ახალაიამ მარტო მე კი არა, სამეგრელოში არ დარჩენილა მეწარმე, რომელსაც არ წაართვა ქონება და არ გაანადგურა. სამეგრელოში 700-ზე მეტი მეწარმე ჰყავს უკანონოდ დაპატიმრებული. ყოველგვარი დანაშაულის გარეშე, 71 წლის კაცი დამაპატიმრა და მომისაჯეს 19 წელი და 6 თვე. 77 წლის კაცი ვარ და ასეთი უსამართლობა არასოდეს მინახია. ვერც წარმოვიდგენდი ასეთი რამე თუ მოხდებოდა ქვეყანაში, რაც როლანდ ახალაიამ იკადრა და გააკეთა.

როგორც ვიცი, დაპატიმრების შემდეგ თქვენ საცხოვრებელი სახლიც ჩამოგართვეს...

- ნამდვილად ასეა. საწარმოს გირაოდ სახლი ჩავდე, ახალაიამ კი საწარმოში ბანკი არ შეუშვა, გირაოში ჩადებული საქონელი რომ გაეყიდათ. 2 წელია ბანკმა სახლი ჩამომართვა. საწარმოს ზარალი სულ მცირე 800 ათასი დოლარია. ჩემი მოთხოვნაა მატერიალური ზარალის ანაზღაურება. როლანდ ახალაიას, რომელმაც ჩემი კუთვნილი ქონება უკანონოდ მიისაკუთრა არაფერს შევარჩენ. მთავარ პროკურატურაში შევიტანე სარჩელი, ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული უკანონოდ დევნის ფაქტები გადავეცი იუსტიციის სამინისტროს, პარლამენტშიც გავაგზავნე მასალები.

სანამ ცოცხალი ვარ, ახალაიას არ მოვეშვები. უახლოეს დღეებში მე და საწარმოს ყოფილი 160 თანამშრომელი გადავალთ შეტევაზე. ჩვენი მოთხოვნაა აღდგეს სამართლიანობა და როლანდ ახალაიამ დამიბრუნოს უკანონოდ წართმეული ქონება. ის არის ქვეყნის და საზოგადოების მტერი. სხვა რა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ 160 კაცი უმუშევარი დატოვა მხოლიდ იმიტომ, რომ სხვისი კუთვნილი ქონება ჩაეგდო ხელში.

ახალაიას წინააღმდეგ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმე შეჩერებულია, რადგანაც მას იცავს დეპუტატის იმუნიტეტი. თქვენ რა ბერკეტების გამოყენებას აპირებთ ახალაიას წინააღმდეგ?

- აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ იმისათვის, რომ ახალაიამ აგოს პასუხი. კაცმა გამოგონილი დანაშაულის გამო დამაპატიმრა და 19 წელი მომისაჯა. მე იქ თანამდებობა არ მეკავა. ვიყავი წარმოების დამფუძნებელი და ოფიციალურად 45%-ის მფლობელი. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ახალაია აღმოჩნდეს იმ საკანში, სადაც მე 5 წელი უკანონოდ გამომაწყვდია.  მან კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩემს წინააღმდეგ განახორციელა. ამ კაცის უსამართლობამ, არა მარტო მე, არამედ მთელი სამეგრელო გაამწარა.

დაკავების შემდეგ თუ გქონდათ ახალაიასთან რამე კავშირი?

- ზუგდიდის ციხეში მისი დავალებით შემოვიდა პროკურორი კალანდია. შემომთავაზა საპროცესო შეთანხმება. დანაშაული აღიარე და გაგიშვებთო. რაზეც ვუთხარი, რომ დანაშაული რომელიც არ ჩამიდენია იმას არავითარ შემთხვევაში არ ვაღიარებ, ეს რომ ვაღიარო მე ვიქნები ჩემი თავის და ჩემი ქვეყნის მტერი-თქო, - კატეგორიული უარი ვუთხარი.

რუსთავის მე-16 დაწესებულებაში სადაც სასჯელს იხდიდით, იყო  თქვენზე ზეწოლა ხომ არ ხორციელდებოდა, რომ დანაშაული გეღიარებინათ?

- არა. იქ ჩემი ასაკის კაცი არ იჯდა. ახალგაზრდები რომლებიც შემოდიოდნენ, აბსოლუტურად ყველა სასტიკად ნაცემი იყო. პირადად ჩემზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, ან თუნდაც ფიზიკური ძალადობა. 71 წლის კაცი ვიყავი რომ მიმიყვანეს იმ ციხეში და რა ძალადობა უნდა ყოფილიყო ჩემზე.