ახალი კვლევის თანახმად, ჭიის ხვრელებით შორეულ გალაქტიკებში მოხვედრა, სავარაუდოდ, შესაძლებელია

ახალი კვლევის თანახმად, ჭიის ხვრელებით შორეულ გალაქტიკებში მოხვედრა, სავარაუდოდ, შესაძლებელია

ჭიის ხვრელი დრო-სივრცეში განლაგებული ორი წერტილის დამაკავშირებელი გვირაბის მსგავსი ჰიპოთეზური სტრუქტურაა, რომელსაც აინშტაინ-როზენის ხიდსაც უწოდებენ. წარმოიდგინეთ შავი ხვრელი, რომლის მეშვეობითაც სამყაროს სულ სხვა ნაწილში მდებარე გალაქტიკებში უმოკლეს დროში გადაინაცვლებთ, რასაც, ჩვეულებრივ, მილიონობით წელი დასჭირდებოდა.

ეს სცენარი ალბათ ბევრი თქვენგანისთვის მიმზიდველია, თუმცა სამეცნიერო საზოგადოებაში აღიარებული ვარაუდების თანახმად — ნაკლებად შესაძლებელი. ამის მიზეზად მკვლევრები ჭიის ხვრელების არასტაბილურობას ასახელებენ. მათი აზრით, ასეთი "პორტალები" წარმოქმნიდან მალევე კოლაფსს განიცდიან, ამიტომ ჩვენ მათში გავლას ვერ მოვასწრებთ.

ახალ ნაშრომში კი, რომელიც ჯერჯერობით ვებგვერდზე arXiv არის ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში The Journal of Modern Physics D გამოქვეყნდება, სულ სხვა თეორიაა წარმოდგენილი. ამ უკანასკნელის მიხედვით, დროსა და სივრცეში "გაჭრილი" ეს ხიდები საკმარისად ხანგრძლივად ნარჩუნდებიან იმისთვის, რომ მათში მოხვედრილმა ობიექტმა მეორე მხარეს უსაფრთხოდ ამოყოს თავი.

აღნიშნული მოსაზრება საფრანგეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ENS de Lyon მომუშავე პასკალ კოირანს ეკუთვნის, რომელიც კომპიუტერულ მეცნიერებათა სპეციალისტი გახლავთ. მის მიერ შემოთავაზებული ჰიპოთეზა ჭიის ხვრელში და მასთან ახლოს ობიექტთა მოძრაობის ასახსნელად ედინგტონ-ფინკელშტეინის კოორდინატთა სისტემებს ეყრდნობა. ეს განსხვავდება უფრო ხშირად გამოყენებადი შვარცშილდის მეტრიკისგან, რომელიც შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტთან მიმართებაში თავდაყირა დგება, რადგან იქ დრო-სივრცე ირღვევა.

კოირანმა, კოორდინატთა ზემოხსენებული სისტემების დახმარებით, აინშტაინ-როზენის ხიდში ნაწილაკთა გადაადგილების მათემატიკურად სიმულირება მოახერხა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოვლენათა ჰორიზონტის გადალახვა და კოსმოსის შორეულ რეგიონებში გადასვლა თეორიულად შესაძლებელია.