დღეს დილით გამოცემამ „Goal.com” გაავრცელა ცნობა, რომ დორტმუნდის „ბორუსიას“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი თანამდებობაზე კიდევ ერთი წლით დარჩება.
რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლოპი იმ ფეხბურთის სპევიალისტების რიცხვში შედიოდა, რომლებსაც ახალი სეზონიდან მადრიდის „რეალის“ თავკაცის პოსტს უწინასწარმეტყველებდნენ.
მოარული ხმებით, ბატონი ჟოზე მოურინიო ესპანეთის მიმდინარე პირველობის დასრულების შემდეგ „სამეფო კლუბს“ აუცილებლად დატოვებს.
45 წლის კლოპმა საფეხბურთო გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიუხედავად მადრიდიდან მიღებული სარფიანი შემოთავაზებისა, დორტმუნდის „ბორუსიას“ ვერ უღალატებს და ამ გუნდს კიდევ ერთი წლის განმავლობაში გაუძღვება.
„მომავალ სეზონშიც „ბორუსიას“ თავკაცი ვიქნები. ჩემთვის დიდი პატივია ჟოზე მოურინიოს შემცვლელად მოხსენიება. ეს ჩემს მიერ გაწეული სამუშაოს აღიარებაა. ამის მიუხედავად ჩემი მომავალი გეგმები მადრიდის „რეალს“ არ უკავშირდება“. - განაცხადა იურგენ კლოპმა.