აქციაზე რაიონებიდან თითო-ოროლა ადამიანი უპრობლემოდ მოემართება

აქციაზე რაიონებიდან თითო-ოროლა ადამიანი უპრობლემოდ მოემართება

დღეს 16.00 საათზე რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძაობის“ აქცია გაიმართება. ექსპერტთა და პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ აქციაზე დიდი რაოდენობის ხალხი არ მივიდოდა, ხოლო ნაციონალები სხვადასხვა მიზეზებს მოიგონებდნენ და ადამიანების ნაკლებობას მმართველ გუნდს გადააბრალებდნენ. დაახლოებით ასეთ კონტექსტში იყო განხილული საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გოკა გაბაშვიილს გუშინდელი განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს რეგიონებში პოლიცია პრობლემებს უქმნის გადაადგილებაში და დღევანდელ აქციაზე ჩამოსვლის საშუალებას არ აძლევს.

გაბაშვილმა კონკრეტული რეგიონები და სამართალდამცავებიც დაასახელა. კერძოდ, მისი თქმით, სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის პოლიციის უფროსის, ხარებავას და მისი მოადგილის, ყალიჩავას დავალებით დადიან თანამშრომლები და ვისაც ნაციონალებად მიიჩნევენ, აფრთხილებენ და ემუქრებიან, რომ თბილისში აქციაზე არ წავიდნენ. გარდა ამისა, გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთში ამ მხრივ აქტიურობს რაბათის ციხის დირექტორი, ელგუჯა ბიჭაშვილი, ასევე აბასთუმნის პოლიციის უფროის, ოლეგ ამბროზაშვილი, სამცხე-ჯავახეთის დაცვის პოლიციის უფროის, ჯიმშერ გოგოლაძე, კასპის პოლიციის უფროსი, მამაუკა ჯაჯანაშვილი, აჭარის პოლიციის უფროსი, ვალერი თელია, იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, გამეზარდაშვილი, ქუთაისის პოლიციის უფროსი მდინარაძე, რაჭაში კი ონის პოლიციის უფროსი, ვიტალი მეტრეველი და ამბროლაურის პოლიციის უფროსიც.

კახეთთან დაკავშირებით კი გაბაშვილმა განაცხადა, რომ იქ აქტიურობენ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს აშინებენ თამაზ თამაზაშვილი და კახეთის გენერალური ინსპექციის უფროსი. დეპუტატის თქმით, მსგავსი ზეწოლის ფაქტები თბილისის გარდა, ყველგან შეინიშნება.

გაბაშვილის განცხადებას რაბათის ციხის დირექტორი, ელგუჯა ბიჭაშვილი გამოეხმაურა და მას აბსურდული უწოდა. იგივე შეფასება მისცეს გოკა გაბაშვილის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა და განაცხადეს, რომ ნაციონალები მსგავსი განცხადებებით თავს იზღვევენ, თუ მათ აქციაზე ცოტა ხალხი მივა, ისინი ამას მმართველ გუნდს დააბრალებენ და იტყვიან, რომ აქციის ორგანიზებაში ხელი შეეშალათ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც დღეს, 19 აპრილს 12 საათიდან მიტინგის დასრულებამდე უნდა გადაკეტილიყო რუსთაველის გამზირი, ვარდების მოედანი, თავისუფლების მოედანი, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩა, თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩები. შსს-ს ინფორმაციით, უწყების მიზანია, „ნაციონალური მოძრაობის“ შეკრების მშვიდობიანი გზით ჩატარება უზრუნველყოს და არ დაუშვას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დაგეგმილი ქუჩების გადაკეტვა არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისათვის აქციაზე მისვლაში ხელის შეშლას ისახავს მიზნად.

„თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამით შინაგან საქმეთა სამინისტრო მიზანს ვერ მიაღწევს და ჩვენი მხარდამჭერები აქციაზე მაინც მოვლენ“, - აღნიშნა დეპუტატმა.

საინტერესოა ისიც, რომ ირმა ნადირაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ გუშინ რეგიონებიდან ატყობინებდნენ, რომ მათ მხარდამჭერებს თბილისში ჩამოსვლაში ხელს პოლიციის თანამშრომლები უშლიდნენ, დღეს კი ამ მხრივ ვითარება გამოსწორდა და როგორც ნადირაშვილი აცხადებს, ამჟამად მათ მხარდამჭერებს გადაადგილებაში პრობლემები აღარ ექმნებათ.

„ჩვენი გუშინდელი საგანგებო განცხადების შემდეგ, როგორც ჩანს, ხელისუფლება გონს მოეგო და ახლა რეგიონებიდან რა ინფორმაციებიც მოდის, ამაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ პოლიცია ჩვენი კოლონების თბილისისკენ გადაადგილებას ხელს არ უშლის. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგშია. ადგილებზე ზედამხედველობის სამსახურები ყველა საჯარო და კერძო სტრუქტურებში დადიან და პირდაპირ ხელს აწერინებენ ადამიანებს, რომ მიტინგზე არ წავლენ“, - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა

მისი განცხადებიდან სულ ცოტა ხანში შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თბილისში რუსთაველის გამზირისა და სხვა მიმდებარე ქუჩებისა თუ მოედნების გადაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება შეიცვალა, ანუ გზების გადაკეტვა აღარ მოხდება. სამინისტროს ინფორმაციის, ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

„ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტრო ზრუნავს აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვაზე და რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიებზე მოძრაობის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე უნდა ითქვას, რომ როგორც ცნობილია, არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას დააკვირდნენ და ეს პროცესი რეგიონებში მისი მხარდამჭერების მობილიზაციასა და თბილისისკენ გადაადგილებაზე დაკვირვებით დაიწყო. როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა, ლელა ტალიურმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მათი მხარდამჭერებისთვის რეგიონებში პოლიციის მიერ ხელის შეშლასთან დაკავშირებით, „საიას“ წარმომადგენლები ადგილებზე ამოწმებენ და ამ მომენტისთვის, არც ერთი მსგავსი ფაქტი დაფიქსირებული არ არის, თუმცა ტალიური აქვე დასძენს, რომ პროცესი გრძელდება.

ამდენად, როგორც თავად ნაციონალებიც ადასტურებენ, რეგიონებშიც და თბილისშიც მათ მხარდამჭერებს აქციაზე მისვლაში პოლიცია ხელს არ უშლის. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დღევანდელ მიტინგზე იმდენი ადამიანი მივა, რამდესაც ეს თავად სურს, თუ არ ჩავთვლით იმ ადამიანებს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და მათ ქვემდებარე უწყებებში მუშაობენ და რომლებსაც ავალდებულებენ, რომ დღევანდელ აქციაში მონაწილეობა მიიღონ.

ამასთანავე, for.ge შეეცადა, რეგიონებში გადაემოწმებინა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ეშლებათ ხელი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს თბილისისკენ გადაადგილებაში. როგორც ჩვენი რეგიონული კორესპოდენტი თეონა მანაგაძე ქუთაისიდან იტყობინება, არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმემ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს აქციაზე წამოსვლაში ხელი შეუშალა. ამასთანავე, ჟურნალისტი იტყობინება, რომ რეგიონიდან აქციაზე ადამიანების წამოსვლას ორგანიზებული ხასიათი არ აქვს, მხოლოდ ინდივიდუალურად, ვისაც აქვს აქციაზე წასვლის სურვილი, თვითონ უზრუნველყოფს თბილისისკენ გადაადგილებას, თუმცა ასეთები ძალიან ცოტაა.

ახმეტის რაიონიდან წამოსვლაშიც, როგორც გვატყობინებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს ხელი არ შეშლიათ, თუმცა მათი რიცხვი ძალიან მცირეა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იგივე ვითარებაა გორის რაიონშიც. ავტოსადგურში ნაციონალთა მხარდამჭერები არ გამოჩენილან, ჯერჯერობით, ჩვენმა კოლეგამ ვერც აქციაზე წამომსვლელები შენიშნა. თბილისისკენ მომავალი ადამიანების გამოკითხვისას აღმოჩნდა, რომ თითოეული მათგანი საკუთარი საჭიროებისთვის მიემგზავრება დედაქალაქში.

ჩვენ შევეცადეთ დიდუბის ავტოსადგურში გადაგვემოწმებინა აქციაში მონაწილეობის მსურველთა რა რაოდენობა ჩამოვიდა რაიონებიდან. ასეთი მხოლოდ ორი ქალბატონი - მზევინარ ბ. და ლალი ზ. აღმოჩნდა, რომლებიც თვლიან, რომ „როცა ქვეყანას უჭირს ისინი მზად არიან გვერდით დაუდგნენ.“ როგორც ქალბატონები ამბობენ, ისინი მცხეთიდან ჩამოვიდნენ. ჩვენს კითხვაზე - ვინმე ხომ არ ცდილობდა მცხეთელებზე ზეწოლას, რომ აქციაზე არ ჩამოსულიყვნენ, ქალბატონი ლალი ამბობს, რომ მათ მსგავსი ფაქტი არ დაუფიქსირებიათ.   

ასე რომ, იმედია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს ხელი არ შეეშლებათ. ჩვენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც გვექნება კონტაქტი და თავადაც, შეძლებისდაგვარად, განვახორციელებთ მონიტორინგს თბილისის ავტოსადგურებში, რათა გავიგოთ რამდენად თავისუფლად შეძლეს აქციაზე დასწრების მსურველებმა დედაქალაქში ჩამოსვლა.

დღეს 16.00 საათზე კი გამოჩნდება, რეალურად რამდენი მხარდამჭერი ჰყავს ყოფილ მმართველ პარტიას.