ჩედვიკ ბოუზმენის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც Marvel-ის სუპერგმირ შავ პანთერას როლს ასრულებდა, კინოსტუდიამ განაცხადა, რომ მის როლზე მსახიობის ცვლილებას არ განიხილავდნენ. ამ დანაკარგიდან ერთი წლის შემდეგაც კი, მარველი მტკიცედ იცავს ამ გადაწყვეტილებას, რომლითაც ცდილობს, მსახიობის ხსოვნას მიაგოს პატივი.
მარველის ვიცე-პრეზიდენტი ნეიტ მური ახლახან ესაუბრა Ringer Verse-ს და ისევ იმ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ ბოუზმენის შემცვლელის პოვნით კინოსტუდია დაინტერესებული არ არის.
"გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ მაყურებელი შავ პანთერას მარველის სამყაროში ვეღარ იხილავს. როცა ბოუზმენი გარდაიცვალა, ჩვენ რეჟისორ რაიან კუგლერთან დიალოგი გვქონდა იმის შესახებ, თუ რას გავაკეთებდით. ეს საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა, არამედ 10 წუთში ერთხმად შევთანხმდით: შავი პანთერას პერსონაჟი ჩედვიკ ბოუზმენთან იმდენად მტკიცედაა დაკავშირებული, რომ ჩანაცვლება არ განიხილება", — აღნიშნა ინტერვიუში მურმა.
სანამ მარველი თავის სიტყვას არ ტეხს, ფანების ნაწილმა პეტიცია შექმნა, რომელიც შავი პანთერას როლზე ახალი მსახიობის აყვანას ითხოვს.
პეტიციას ამჟამად უკვე 37 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს და მიზნამდე, რომელიც 40000-ია, სულ რაღაც 3 000-მდე ხელმოწერა აკლია.
შეგახსენებთ, რომ ფილმი Black Panther: Wakanda Forever კინოთეატრებში 2022 წლის 8 ივლისს გამოვა.