სუპერგმირების ფილმები საშინლად მოსაწყენია — რიდლი სკოტი

სუპერგმირების ფილმები საშინლად მოსაწყენია — რიდლი სკოტი

სუპერგმირების შესახებ გადაღებული ფილმები რეჟისორმა რიდლი სკოტმა "საშინლად მოსაწყენად" შეაფასა და ისიც აღნიშნა, რომ სანაცვლოდ თავისი ზოგიერთი ნამუშევარი იმის "კარგი" მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს ასეთი ფილმი.

"საუკეთესო ფილმებს პერსონაჟები ქმნიან და თუ სუპერგმირებზე მიდგება საქმე, მათ უბრალოდ მიწასთან გავასწორებ, რადგან საშინლად მოსაწყენია ასეთი ფილმები", — ამბობს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეჟისორი Deadline-თან ინტერვიუში.

რიდლი სკოტმა პარალელურად თავისი ფილმები მოიყვანა უკეთეს მაგალითად:

"ამ ჟანრის ფილმების სცენარი ძალიან ცუდია. ვფიქრობ, რომ სუპერგმირების შესახებ სამი კარგი ფილმი გადავიღე, ესენია: Alien, Gladiator და Blade Runner. სიმართლე ისაა, რომ ეს [კომიქსის პერსონაჟებზე გადაღებული] ფილმები მხოლოდ სპეცეფექტების წყალობითაა კარგი. რეალურად კი, ამ სტილით ფილმის შექმნის პროცესი უკვე ყველასთვის ძალიან მოსაწყენია", — დასძინა რეჟისორმა.

ამ ჟანრის ირგვლივ დისკუსია ბოლო წლებში საკმაოდ აქტუალური გახდა, რადგან არაერთმა რეჟისორმა ეჭვქვეშ დააყენა იმ ფილმების ღირებულება, რომლებიც თანამედროვე ბაზარზე ყველაზე პოპულარულია ხოლმე.

სკოტმა ეს ინტერვიუ მას შემდეგ ჩაწერა, რაც სულ ახლახან დიუნის რეჟისორმა დენი ვილნევმა Marvel-ს გაჰკრა კბილი. "ალბათ, პრობლემა ის არის, რომ Marvel-ის ძალიან ბევრი ფილმი უბრალოდ "დაჭრა და ჩასმაა". შესაძლოა, ასეთმა ფილმებმა ზომბებად გვაქციოს. მაგრამ ისევ არსებობს დიდებული და ღირებული ფილმები, რომელთა გამოც პესიმისტურად განწყობილი ვერ ვიქნები", — თქვა მან.

უახლოეს წარსულში მარტინ სკორსეზემ კომიქსებზე გადაღებული ფილმები ატრაქციონებს შეადარა და განაცხადა, რომ ეს "კინო საერთოდ არ არის". თუმცა მისი სიტყვები Guardians of the Galaxy‘s-ის რეჟისორმა ჯეიმს განმა გააკრიტიკა და თქვა, რომ სკორსეზეს კომენტარები "საშინლად ცინიკურია".