ნობელიანტ მწერალს, ორჰან ფამუქს, თავის რომანში ჟამიანობის ღამეები (Veba Geceleri) "ათათურქის და თურქეთის დროშის" შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ ბრალდებებზე უკვე დაწყებულია გამოძიებაც.
2021 წლის აპრილში, იზმირელმა იურისტმა, ფამუქის წინააღმდეგ სარჩელი მოამზადა. სარჩელის ტექსტში იგი აღნიშნავდა, რომ ცნობილმა მწერალმა საზოგადოების გულისწყრომა გამოიწვია, თავის წიგნში, ჟამიანობის ღამეები, თანამედროვე თურქეთის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის, შეურაცხყოფის გამო. ამასთან, მოსარჩელე ფამუქს თურქეთის დროშის დაცინვაშიც ადანაშაულებს.
იზმირის პროკურატურამ სარჩელი სტამბოლში გაგზავნა, თუმცა, სტამბოლში გამოძიების დაწყებაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც, მოსარჩელემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ნოემბერში კი სასამართლომ საჩივარი ცნო და გამოძიება თავიდან დაიწყო.
საქმის გამოძიება 5816-ე კანონით მიმდინარეობს, რომელიც "ათათურქის ხსოვნის" დასაცავად კრძალავს თურქეთის მოქალაქის მიერ მის შეურაცხყოფას და აღნიშნული ქმედებისთვის თავისუფლების სამ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
ფამუქი ყველა ბრალდებას უარყოფს.
ამბავს გამოეხმაურა მწერალთა საერთაშორისო ასოციაცია PEN International-იც, რომლის ვიცეპრეზიდენტიც ფამუქია.
"ორჰან ფამუქი თურქეთის ეროვნული საგანძურია, ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომლის სიტყვებიც მთელ მსოფლიოში ქუხს", — აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი, ბურჰან სონმეზი, — "იგი სათანადოდ უნდა ფასდებოდეს, თუმცა, ამის ნაცვლად, თავისი ნაწერების გამო, კიდევ ერთხელ იქცევა სამიზნედ. თურქეთის ხელისუფლება გამუდმებით ცდილობდა, სამართლებრივი დევნით გაეჩუმებინა ისინი, ვინც ხმის ამაღლებას ბედავს. არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. ჩვენი ასოციაცია ფამუქს სოლიდარობას უცხადებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს მისი სამართლებრივი დევნა".
ორჰან ფამუქი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თურქი რომანისტია, რომელსაც ნობელის პრემია ლიტერატურაში 2006 წელს გადაეცა. მისი ამ დროისთვის ბოლო რომანი, ჟამიანობის ღამეები, რომლის შინაარსის გამოც დაიწყო გამოძიება, 2021 წლის მარტში გამოიცა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ფამუქის სამშობლოში მის წინააღმდეგ გაილაშქრეს. 2005 წელს მწერალს "თურქობის შეურაცხყოფაში" დასდეს ბრალი, რადგან შვეიცარიულ გაზეთთან აღნიშნა, რომ თურქეთში "30 ათასი ქურთი და მილიონი სომეხი დახოცეს" და ამის შესახებ კი "მის გარდა ვერავინ ბედავდა საუბარს". მაშინ ფამუქის წიგნები დაწვეს კიდეც, მწერალმა კი სიკვდილის მუქარები მიიღო.