დაჭრილი ირემი კლინიკაში თავად გამოცხადდა

დაჭრილი ირემი კლინიკაში თავად გამოცხადდა

გამოცემა „USA Today”-ის მტკიცებით, ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ოჰაიოს შტატის პატარა ქალაქ როსფორდში საინტერესო და უცნაური ფაქტი დაფიქსირდა.

ამ დასახლებულ პუნქტში მდებარე ვეტერინარულ კლინიკაში დაჭრილი ირემი საკუთარი ფეხით გამოცხადდა.

დაწესებულების ერთ-ერთმა ვეტერინარმა შენობის კარი შემთხვევით გააღო და იქვე მიწაზე დავარდნილი, გასისხლიანებული ნადირი დაინახა. ადამიანის გამოჩენაზე, ირემი ფეხზე წამოიჭრა და ღია კარში შევარდა. შენობაში ის ისევ ძირს დაენარცხა, უკანა მარცხენა ფეხიდან კი სისხლი ძლიერად სდიოდა.

ვეტერინარმა კოლეგებს სასწრაფოდ დაუძახა და ირემის მკურნალობას შეუდგა. ექიმებმა ნადირს ჭრილობა დაუმუშავეს. ამის შემდეგ ირემი ველურ ბუნებას კვლავ დაუბრუნდა.

„განა საოცარი არ არის, რომ უამრავი სხვა ადგილიდან, დაჭრილმა ირემმა სწორედ იმ შენობას მიაღწია, სადაც დახმარებას აუცილებლად აღმოუჩენდნენ.

როცა მის ჭრილობებს ვუწამლეთ და შვება იგრძნო, ცხოველი ნელ-ნელა ფეხზე წამოიმართა, რამდენიმე წამი უძრავად იდგა, შემდეგ კი კლინიკიდან სასწრაფოდ გაიქცა.“ - განაცხადა ვეტერინარმა.