ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში ბელა ჰადიდმა თავის მენტალურ ჯანმრთელობასა და იმ საერთო პრობლემებზე საჯაროდ ილაპარაკა, რომლებიც ბევრ ადამიანს აწუხებს, მაგრამ ამაზე ხშირად ღიად არ საუბრობენ.
მან უილოუ სმიტის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ეს მომღერალი შფოთვაზე, თვითრწმენის ნაკლებობასა და იმაზე საუბრობს, როცა საკუთარი თავი „არასაკმარისად კარგი“ გგონია.
ამ ვიდეოსთან ერთად ბელა ჰადიდმა თავისი ნამტირალევი ფოტოები გამოაქვეყნა, პოსტის აღწერაში კი ამბობს, რომ ეს მდგომარეობა კარგად ესმის.
„ხანდახან ერთადერთი, რისი მოსმენაც გჭირდება, ისაა, რომ მარტო არ ხარ. ჰოდა, ახლა მე გეუბნებით, რომ მარტო არ ხართ. მიყვარხართ, გხედავთ და მესმის თქვენი. საკუთარ თავზე ზრუნვა და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები / ტვინში ქიმიური წონასწორობის დარღვევა სწორხაზოვანი არ არის, ეს უფრო „ამერიკული მთების“ მოძრაობას ჰგავს... ხან ზევით ადის, ხანაც კიდევ ქვემოთ ჩამოდის, აქეთ-იქით უხვევს. მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ გვირაბის ბოლოს ყოველთვისაა სინათლე და ატრაქციონიც ბოლოს აუცილებლად ჩერდება", - წერს ბელა ჰადიდი.