გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ეს ადამიანი არ შეცვლილა, არც განვლილმა 9 წელმა უშველა და არც - უცხოეთის მოქალაქეობამ - ძალაუფლება რომ ჰქონოდა, რა ბედი ეწოდა ბადრაგის ყველა იმ თანამშრომელს?!

გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ეს ადამიანი არ შეცვლილა, არც განვლილმა 9 წელმა უშველა და არც - უცხოეთის მოქალაქეობამ - ძალაუფლება რომ ჰქონოდა, რა ბედი ეწოდა ბადრაგის ყველა იმ თანამშრომელს?!

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ვიდეომასალებში კარგად ჩანს, ძალაუფლების ქონის შემთხვევაში, როგორ მოექცეოდა მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს.

„ეს ადამიანი არ შეცვლილა - არც განვლილმა 9 წელმა უშველა და არც - უცხოეთის მოქალაქეობამ. პატიმარ სააკაშვილს, მაშინ, როდესაც ის ადამიანებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, ძალაუფლება რომ ჰქონოდა, მისი ტონალობიდან, მისი რიტორიკიდან გამომდინარე, რა ბედი ეწოდა ბადრაგის ყველა იმ თანამშრომელს?!“, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.