პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავას მიერ აქციაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, გიგი უგულავამ გუშინ გაილაშქრა საკუთარ ოპონენტად აღქმულ სამართალდამცველზე და რაც საგანგაშო და საყურადღებოა, მის ოჯახზე და არასრულწლოვან შვილებზე.
მიხეილ სარჯველაძე მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ზოგიერთ მედიასაშუალებას, რომ ერთმნიშვნელოვნად დაგმონ ეს საქციელი.
„ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მსგავსი პრეცედენტები აღარასდროს ქართულ პოლიტიკაში არ გვხვდებოდეს. ეს არ ყოფილა ერთი მორიგი დარღვევა ბავშვის უფლებების. ეს მინდა ვთქვა მათ გასაგონად, ვინც იფარგლება მშრალი ე.წ. მორიგე შეფასებებით. მივმართავ ასევე ზოგიერთი მედიასაშუალებას. მათაც ცოტა მეტი ევალება, რომ ასეთი სისაძაგლე დავალებად კი არ მიიღონ, არამედ სწორი შეფასება მისცენ და გაემიჯნონ ასეთი ტიპის ქცევებს", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ის რაც გუშინ გიგი უგულავამ თქვა იყო აბსოლუტური სიცრუე.
„ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, არაფერი იმ ნათქვამიდან სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ადამიანი, ვისზეც ბატონი უგულავა საუბრობდა, არის კაცი, რომელიც არის სამართლის დამცველი ამ ქვეყანაში და სწორედ, სამართალია ის, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ეს კი აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის და წინსვლისთვის.
მივმართავ იმავე ბავშვებს, ასევე მათი მეგობრების გასაგონად ვამბობ, რომ თქვენ უნდა გეამაყებოდეთ, რომ ბრძანდებით სამართალდამცველის შვილები", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.