მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავენ

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავენ

„ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავს, რომლის მონაწილეებიც მინისტრ რატი ბრეგაძეს პატიმრის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. მათი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს.

„ნაცმოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის თქმით, იუსტიციის მინისტრი ვალდებულია აქციის მონაწილეებს შეხვდეს.

„პატიმრის ნებისმიერ გადაადგილებასა და მის პირობებზე პასუხისმგებელია იუსტიციის სამინისტრო, კონკრეტულად, ამ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრი. სწორედ ამიტომ, ეს არის სამინისტრო, რომელიც ამ წუთებშიც უხეშად არღვევს მიხეილ სააკაშვილის უფლებებს. მინისტრი მოვალეა კანონით შეხვდეს როგორც საქართველოს პარლამენტის წევრებს, ასევე იმ უამრავ ადამიანის, რომელიც აქ შეკრიბა“, - აცხადებს კირკიტაძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.