ოპოზიცია პატივს არ სცემს საკუთარ ამომრჩეველს, ქვეყანას და ერთ-ერთ უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს, პარლამენტს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გივი მიქანაძემ ოპოზიციის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
„ისინი პირველ რიგში, პატივს არ სცემენ საკუთარ ამომრჩეველს, ქვეყანას და ამ ქვეყნის ერთ-ერთ უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს, საქართველოს პარლამენტს. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში. ისინი არ იყენებენ იმ მაღალ ტრიბუნას, რომელიც პირდაპირ შესაძლებლობას იძლევა, ამ მაღალი ტრიბუნიდან ამომრჩევლის მხარდამჭერთა ინტერესები და პოზიციები გააჟღერონ “, - განაცხადა მიქანაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას მოუწოდა, დიალოგისთვის საპარლამენტო ტრიბუნასთან გადაინაცვლონ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას, ვიდრე მათ მოთხოვნები არ შესრულდება.