ონკოლოგიური ცენტრის თანამშრომლები ხელისუფლებას მიმართავენ და სთხოვენ, ონკოცენტრი ისევ სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდეს, რადგან მისი შემძენი ინვესტორი ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს და ეს ონკოლოგიის დარგს განადგურებით ემუქრება. ამის შესახებ განცხადება ონკოცენტრის მედპერსონალის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დღეს for.ge-ს პრეს-კლუბში გააკეთეს. მათი განცხადებით, ონკოლოგიური ცენტრი 2010 წელს კანადურ კომპანია „პეგასუს ფარმაცევტიკალ გრუპზე“ გასხვისდა შემდეგი პირობებით - კლინიკა 3 მლნ 10 ათას დოლარად გასხვისდა და მყიდველს 2.5 წლის განმავლობაში 20 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
ონკოლოგების თქმით, ამ ვადის გასვლამდე დღეის მდგომარეობით, ერთი თვე არის დარჩენილი, თუმცა ინვესტორი თავის ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მედიკოსების თქმით, ხელშეკრულების მოშლის საფუძველია. ონკოლოგიური ცენტრის თანამშრომელი გიორგი თოიძე აცხადებს, რომ გასხვისებამდე და გასხვისების შემდეგ, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში სამედიცინო საქმიანობას ახორციელებდა სს „ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიური ცენტრი“, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა. მოგვიანებით, ამ სააქციო საზოგადოებას ხელისუფლებამ სამედიცინო საქმიანობის უფლება ჩამოართვა და ეს უფლება ახლადდაფუძნებულ შპს „ონკოლოგიის ცენტრს“ მიანიჭა. ამ შპს-ს დამფუძნებელი და ასპროცენტიანი წილის მფლობელი არის რევაზ გაგუა, რომელიც ამავდროულად სააქციო საზოგადოების დირექტორი იყო.
„სააქციო საზოგადოებას სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია ჩამორთმეული აქვს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის დღესაც ფუნქციონირებს. კერძოდ, „ტაობანკიდან“ ჩვენთვის მოწოდებული ამონაწერიდან ირკვევა, რომ სააქციო საზოგადოება „ონკოლოგიის ცენტრისთვის“ სადაზღვევო კომპანია „ტაოსაგან“ რამდენიმე ათასი ლარი არის გადარიცხული. ამდენად, ვინაიდან სააქციო საზოგადოებას სამედიცინო საქმიანობის ნებართვა აქვს ჩამორთმეული, გამოდის, რომ რეზო გაგუა, რომელიც სააქციო საზოგადოების დირექტორია, უკანონო საქმიანობას ეწევა“, - აცხადებს გიორგი თოიძე.
მისი თქმით, ონკოცენტრში ანტისანიტარიაა, რის გამოც მედპერსონალმა მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, რომ შეამოწმონ, რამდენად შესაძლებელია ასეთ პირობებში სათანადო სამედიცინო საქმიანობის განხორციელება. ამასთანავე, მედიკოსებმა ფინანსთა სამინისტროს მიმართეს თხოვნით, რომ შემოწმდეს ონკოცენტრის ფინანსური საქმიანობა, ხოლო პროკურატურას მიმართეს მოთხოვნით, რომ დადგინდეს ონკოლიგიური ცენტრის გასხვისებასთან დაკავშირებული დეტალები, რადგან ონკოლოგები ვარაუდობენ, რომ ამ პროცესში წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების გარკვეული ინტერესები იკვეთება.
აქვე ონკოცენტრის მედპერსონალი აბსურდულს უწოდებს ცენტრის შემძენი კანადური კომპანიის წარმომადგენლების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ინვესტიცია იმიტომ ვერ განახორციელეს, რომ გამყიდველმა მხარემ მათ შენობის გენერალური გეგმა არ წარმოუდგინა. აქვე ონკოლოგები განმარტავენ, რომ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში ჩადებული პირობების თანახმად, ინვესტორს უფლება აქვს, კლინიკის მის საკუთრებაში გადასვლიდან ხუთი წლის შემდეგ, სამედიცინო პერსონალი სრულად დაითხოვოს და მთელი ეს ქონება მისი სურვილისამებრ განკარგოს.
გიორგი თოიძის განცხადებით, ონკოცენტრის გასხვისებაში რამდენიმე უწყების ინტერესი იკვეთება. კერძოდ, კლინიკის გასხვისებას წინ უძღოდა პრეზიდენტის განკარგულება, რომლის თანახმადაც „ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიურ ცენტრს“ ჩამოერთვა ქონება და ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. ეკონომიკის სამინისტრო ონკოცენტრის გასხვისების შემდეგ არ აწარმოებდა ინვესტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგს და ამიტომ, მედიკოსები ვარაუდობენ, რომ აქ სამინისტროს გარკვეული ინტერესი იკვეთება.
ფინანსთა სამინისტრომ კი სააქციო საზოგადოების სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებულ დავალიანებაზე დახუჭა თვალი და ეს ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც რამდენიმეთეთრიანი დავალიანების გამო, მეწარმეებს შემოსავლების სამსახური სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.
ონკოლოგიური ცენტრის მედპერსონალის საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ როდესაც ონკოცენტრი სააქციო საზოგადოების საკუთრება იყო, მას ბიუჯეტის წინაშე დავალიანება გააჩნდა, ხოლო როგორც კი ის რეზო გაგუას შპს-ს საკუთრებაში გადავიდა, მაშინვე მომგებიანი გახდა. ამიტომ მედიკოსებს ეჭვი აქვთ, რომ სააქციო საზოგადოების საქმიანობაში თანხები იმალებოდა, ხოლო შპს- საკუთრებაში ცენტრის გადასვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.
ონკოცენტრის წარმომადგენელი, პროფესორი რემა ღვამიჩავა გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ ონკოცენტრზე გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც კომენტარი კლინიკის შემძენი კანადური კომპანიის წარმომადგენლებმა გააკეთეს და სწორედ მათ ნათქვამთან დაკავშირებით ღვამიჩავა განმარტებებს აკეთებს. პროცესორი სასაცილოს უწოდებს კანადური კომპანიის მიერ ინვესტიციის შეუსრულოებლობის შესახებ გამოთქმულ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შენობის გენგეგმის წარმოუდგენლობის გამო მოხდა.
„ძნელი წარმოსადგენია სერიოზული იყოს კომპანია, რომელიც ობიექტის შეძენაში იხდის 3 მლნ დოლარს, 20 მლნ ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებას იღებს და ყიდულობს იმას, რისი ნახაზებიც მას არ აქვს. გარდა ამისა, ჩვენი საინჟინრო სამსახური დაბეჯითებით აცხადებს, რომ „პეგასუსმა“ როდესაც ნახაზები მოითხოვა, მას ეს ნახაზები გადაეცა“, - ამბობს რემა ღვამიჩავა.
მისი თქმით, თვალის ასახვევად ონკოლოგიის ცენტრის შენობაზე რამდენიმე დღის წინ ფასადის რეკონსტრუქცია დაიწყო და მედიკოსი იმედს გამოთქვამს, რომ ეს პროცესი შესაბამის სამსახურებთან არის შეთანხმებული. რემა ღვამიჩავას განცხადებით, კანადური კომპანიის წარმომადგენლების მეორე არგუმენტი იყო ის, რომ ონკოცენტრის დაცლა დაგვიანებით მოხდა, თუმცა ონკოლოგი განმარტავს, რომ შენობის დაცლა ექიმებმა თავისი ძალებით ობიექტის გასხვისებიდან ერთ კვირაში მოახდინეს. აქვე ღვამიჩავა განცხადებას აკეთებს კომპანია „პეგასუს ფარმაცევტიკალ ჯორჯიას“ საქმიანობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ონკოცენტრის შესახებ ნათქვამია, რომ ის მდებარეობს ბრწყინვალე ადგილას, ძალიან კარგი ტბის მიმდებარედ და რაც მთავარია, ყოფილი საბჭოთა ლიდერის, იოსებ სტალინის მშობლიური ქალაქ გორიდან სულ რაღაც 60 კილომეტრში. რატომ არის ასეთი მითითება გაკეთებული, მედიკოსებისთვის გაუგებარია. ამასთანავე, „პეგასუს ფარმაცევტიკალის“ საიტზე მითითებულია, რომ 2011 წელს საქართველოში „კიბოს საერთაშორისო ინსტიტუტი“ დააფუძნეს, რომლის ხელმძღვანელიც რევაზ გაგუაა და ამ კლინიკის გუნდში დასახელებულია ასევე პროფესორი ალექსანდრე ცალუღელაშვილი. რემა ღვამიჩავას თქმით, ამის შესახებ ცალუღელაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ სწორედ საიტიდან გაიგო, ანუ ეს ინფორმაციაც სინამდვილეს არ შეეფერება.
გარდა ამისა, რემა ღვამიჩავას თქმით, კანადური კომპანია მედიკოსებს ატყუებდა, რადგან ნათქვამი იყო, რომ ონკოცენტრის შენობის გვერდით ახალი კორპუსი უნდა აშენებულიყო, რაც არ გაკეთებულა. ონკოლოგი ამბობს, რომ ონკოცენტრის ახლანდელი ხელმძღვანელი, რევაზ გაგუა ცდილობს, მედიკოსთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გამოხატული პროტესტი მათ პირად ინტერესებს დააბრალოს, - თითქოს, საინიციატივო ჯგუფის წევრებს ონკოცენტრის თავიანთ საკუთრებაში გადატანა სურთ, თუმცა რემა ღვამიჩავა კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას და აცხადებს, რომ საინიციატივო ჯგუფი პირიქით ითხოვს, ონკოცენტრი სახელმწიფოს დაუბრუნდეს, რაც გაგუას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პირდაპირ აბათილებს.
პროფესორი აცხადებს, რომ საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტის ერთ-ერთ კომიტეტს მიმართა, თუმცა წერილი კომიტეტის აპარატში დაიბლოკა და ადრესატამდე არ მისულა. ონკოლოგები აღნიშნავენ, რომ „პეგასუს ფარმაცევტიკალი“ საკვები დანამატებზე სპეციალიზირებული კომპანიაა და საქართველოში ონკოლოგიურ პაციენტებზე განახორციელა თავისი პროდუქციის გამოცდა. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს პრეპარატები ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში უკვე გამოცდილი ჰქონდათ, თუმცა ონკოცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა და შესაბამისად, კომპანიის საკვები დანამატების გამოცდა პირველად საქართველოში მოხდა.
და ბოლოს, ონკოცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ დღიდან იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას ონკოლოგიური ცენტრის სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით და მიმართავენ ქართულ საზოგადოებას, რომ მხარში დაუდგნენ ონკოლოგებს, რადგან თავად ონკოლოგია მედიცინის ისეთი დარგია, რომელიც არა მხოლოდ ამ სფეროს მედპერსონალისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და მისი კერძო საკუთრებაში გადასვლა ქვეყნის მოსახლეობას სათანადო მომსახურებას ვერ უზრუნვლყოფს.