სოზარ სუბარი სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანაზე: უსაფრთხოების დაცვა იქ გაცილებით მარტივია, ვიდრე სხვა ნებისმიერ სამოქალაქო კლინიკაში

სოზარ სუბარი სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანაზე: უსაფრთხოების დაცვა იქ გაცილებით მარტივია, ვიდრე სხვა ნებისმიერ სამოქალაქო კლინიკაში

სახელმწიფოსა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს უპირველესი მოვალეობაა ნებისმიერ პატიმართან დაკავშირებით, რომ უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა, მათი უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ საჭიროების შემთხვევაში მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა სწრაფად მოხდეს და ამავდროულად, უსაფრთხოების დაცვა გაცილებით მარტივია, ვიდრე სამოქალაქო კლინიკაში.

„ამ შემთხვევაში მე-18 დაწესებულებაში გადაყვანაზე გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ იქ ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ თუ სააკაშვილს დასჭირდება სამედიცინო დახმარება, სწრაფად მოხდება დახმარების აღმოჩენა და მეორე მხრივ, უსაფრთხოების დაცვა იქ გაცილებით მარტივია, ვიდრე სხვა ნებისმიერ სამოქალაქო კლინიკაში. მით უფრო, როდესაც წინასწარ გვქონდა ინფორმაცია, ზოგ შემთხვევაში ღია წყაროებით და ზოგიც სუსის ბრიფინგიდან გავიგეთ, რომ არსებობდა გარკვეული გეგმები ძალადობით ადამიანის ციხიდან გამოხსნის, თუ კაცმა არ იცის, რის. თვითონ სააკაშვილი ხომ არაერთ განცხადებაში ამბობდა, რომ მე გამათავისუფლეთ დროზე და 10 დღეში აქ ხელისუფლებას დავამხობო. ასევე მოვისმინეთ ჩანაწერები, რომ თუ მოხდებოდა მისი გადაყვანა გლდანის დაწესებულებაში, გზაში პიკეტირება უნდა მოეწყოთ. გავრცელდა გარკვეული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მანქანების ამოყირავებამდე მისულიყო საქმე. კიდევ რა ინფორმაციები არსებობდა, ეს გამოძიებას უკეთესად ეცოდინება, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ბუნებრივია, როდესაც ასეთი დაძაბული ფონია, ციხესთან მიტინგები ეწყობა ყოველდღიურად და კარვები იშლება, სამოქალაქო საავადმყოფოსთან ამის გაკეთება პირველ რიგში უსაფრთხოებას ძალიან გაართულებდა და მეორე მხრივ, დიდ დისკომფორტს შეუქმნიდა იქ მოთავსებულ მშვიდობიან მოქალაქეებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.