აშშ ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალის გააქტიურებით შეშფოთებულია

აშშ ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალის გააქტიურებით შეშფოთებულია

აშშ ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალის გააქტიურებით შეშფოთებულია. ამის შესახებ ავღანეთის საკითხზე აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტომ უესტმა განაცხადა.

„აშშ ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალის გააქტიურებით შეშფოთებულია. ჩვენ გვსურს, რომ „თალიბანი“ წარმატებული იყოს მათ წინააღმდეგ ბრძოლაში. როდესაც საქმე სხვა ჯგუფებს ეხება, „ალ-ქაიდა“ ავღანეთში წარმოდგენილია, რაც ჩვენ ძალიან გვაშფოთებს“, - აღნიშნა ავღანეთის საკითხზე აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

26 ოქტომბერს, პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა კონგრესს განუცხადა, რომ აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების შეფასებით, ავღანეთში „ისლამურ სახელმწიფოს“ (ISIS-K) აშშ-ზე თავდასხმის შესაძლებლობა, სულ მცირე, ექვს თვეში ექნება.

კოლინ კალის თქმით, ჯერ კიდევ დასადგენია, აქვს თუ არა „თალიბანს“ უნარი, ეფექტურად ებრძოლოს „ისლამურ სახელმწიფოს“.

„სადაზვერვო საზოგადოების შეფასებით, ISIS-K-სა და „ალ-ქაიდას“ განზრახვა აქვთ, გარე ოპერაციები განახორციელონ, მათ შორის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, მაგრამ ამჟამად არცერთს არ აქვს ამის შესაძლებლობა. ჩვენი შეფასებით, ISIS-K-ს ეს შესაძლებლობა სადღაც 6-12 თვეში ექნება“, - აღნიშნა კოლინ კალმა.

30 აგვისტოს აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დასრულება გამოაცხადა. 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. ამჟამად „თალიბანი“ ავღანეთს სრულად აკონტროლებს.