ევროკომისიის პრეზიდენტი: ბელარუსის მიერ მიგრანტების პოლიტიკური მიზნებისთვის ინსტრუმენტალიზაცია მიუღებელია

ევროკომისიის პრეზიდენტი: ბელარუსის მიერ მიგრანტების პოლიტიკური მიზნებისთვის ინსტრუმენტალიზაცია მიუღებელია

ბელარუსის მიერ მიგრანტების პოლიტიკური მიზნებისთვის ინსტრუმენტალიზაცია მიუღებელია, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„ბელარუსის ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ევროკავშირზე მიგრანტების ცინიკური ინსტრუმენტალიზაციის გზით ზეწოლა არ დაეხმარება მას თავისი მიზნების მიღწევაში“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების გაფართოებული რეჟიმი საბოლოოდ დაამტკიცონ.

8 ნოემბერს, ბელარუსის ტერიტორიიდან არალეგალი მიგრანტების ჯგუფმა პოლონეთთან საზღვარზე ფიზიკური ბარიერის გარღვევა სცადა. პოლონელ მესაზღვრეებს სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწიათ.

პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე დაძაბულობის ესკალაციასა და სამხედრო ხასიათის პროვოკაციებს არ გამორიცხავს.

ლიეტუვა და პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართებს აგებენ, რათა მიგრანტების ნაკადი შეაჩერონ, რომლის ორგანიზებაშიც ბრალს ლუკაშენკოს რეჟიმს სდებენ.

29 ოქტომბერს, პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობას 10 ათასამდე გაზრდის. 7 სექტემბერს, მიგრანტების ნაკადის ზრდის ფონზე, პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.