ექვსთვიანი მორატორიუმი დასრულდა

ექვსთვიანი მორატორიუმი დასრულდა

ინტელიგენციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა საქმე უნდა გადადოს, ერთი კონკრეტული თარიღი დათქვას და ამ დღეს საკუთარ ხალხს უნდა მოუსმინოს. როგორც ჩანს, მედიასაშუალებებთან შეხვედრით პრობლემა არ ამოიწურება და ქვეყანაში საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჩანდა. ყველაზე მთავარი კი, შეფერხებებია სამართლიანობის აღდგენის გზაზე და კადრებთან დაკავშირებით.

„სახალხო მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, მსახიობი გია ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ბოლო დროს მართლაც დაგროვდა შეკითხვები, რადგან ახალ ხელისუფლებას სამი თვის ნაცვლად ექვსი თვით დააცალეს. ამიტომ მორატორიუმის დრო უნდა დასრულდეს და ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა გადავიდეთ. მით უფრო, რომელი ხელისუფალიც არ უნდა იყოს, მის ხელშია კარგიც და ცუდიც, რაც ქვეყანაში ხდება. გია ბურჯანაძის თქმით, ამავეს მოითხოვდა იგი წინა ხელისუფლების დროსაც, რომ ხალხის პრობლემების გაზიარება ინტენსიური ყოფილიყო.

„ღმერთმა ქნას, დღევანდელ ხელისუფლებას, რომლის გულშემატკივარიც ვარ, წარმატებები ჰქონდეს. თუმცა, მაინც შეეშლებათ რაღაცები, მაგრამ იმისთვის ვართ მეგობრები, რომ ამ შეცდომების შესახებ ვუთხრათ და მივუთითოთ და ეს არ უნდა ჩათვალონ მტრობად. არ მაქვს ისეთი განცდა, გინდა თუ არა, ბიძინა ივანიშვილი მე შემხვდეს ან ჩემს მეგობრებს-თქო. ქვეყნის მაჯაზე უნდა ჰქონდეს ხელისუფალს ხელი დადებული, რომელსაც მართავს, ამის შემდეგ არ გამოეპარება შეცდომები, რომლის გამოსწორებაც ძალიან იოლია, უბრალოდ, ინფორმირებაა საჭირო, კოორდინირებულად უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ასაშენებლად. ამიტომ, აუცილებელია ხშირ-ხშირი კომუნიკაცია. ხელისუფალი ნამდვილ ოპოზიციას უნდა შეხვდეს და არა ვითომ ოპოზიციას, ნაციონალების სახით“, - აცხადებს გია ბურჯანაძე.

მისი აზრით, ინტელიგენციასთან, სოფლის მოსახლეობასთან, მეცნიერებსა თუ ხელოვან ხალხთან შეხვედრისას შეკითხვები თავისთავად წარმოიშობა, რადგან ყველა სფეროში ნაციონალებმა საქმე გააფუჭეს, გენოციდი მოუწყეს საკუთარ ერს და სახელმწიფო თავიდან ასაშენებელია.

„პროკურატურა ან არ იძიებს საქმეებს, ან ნელა იძიებს. ამაზეც აქვს საზოგადოებას კითხვები, შესაძლოა, ელოდებიან, რომ იუსტიციის საბჭო ჩამოყალიბდეს. დღეს, ისევ ნაციონალების გავლენის ქვეშ არის დღევანდელი სასამართლო, ახალი იუსტიციის საბჭოს პირობებში კი შეიძლება, მართლაც თავისუფალი გახდეს სასამართლო. ალბათ, ამით აიხსნება, რომ საქმეებს პროკურატირა ნელა იძიებს ან არ იძიებს. ამასაც დრო სჭირდება და ესეც გამოჩნდება რამდენიმე თვეში“, - აღნიშნა მსახიობმა.

მისი თქმით, შეუძლებელია, პროკურატურამ არ იცოდეს საკუთარი კადრების შესახებ. ამის დასტურად გია ბურჯანაძე თავისი მეგობრის - გია სალუქვაძის მაგალითს იხსენებს. გია სალუქვაძემ საქმე შეიტანა პროკურატურაში ერთ-ერთი პროკურორის წინააღმდეგ, რომელმაც მას პატიმრობა უკანონოდ მიუსაჯა, თუმცა ახლახანს გაირკვა, რომ მის საქმეს იგივე პროკურორი იძიებდა, ვინც იგი დააპატიმრა. ამის შესახებ გია სალუქვაძემ პირადად უთხრა არჩილ კბილაშვილს და პროკურატურის ხელმძღვანელობამ უშუალოდ იცის ეს ამბავი. ამდენად, გია ბურჯანაძის თქმით, დაუშვებელია ისევ დამნაშავე პროკურორების ხელში მოხვდეს საქმეები, მით უფრო, რომ ასეთი შემთხვევები უამრავია.

გარდა ამისა, გია ბურჯანაძე აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყანა ყველა ადამიანისთვის საერთოა, ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ ღირსეული კადრების მოზიდვაზე უნდა იზრუნოს და პროფესიონალები გამოიყენოს, რომელთა რიცხვიც მრავლადაა.

მისი თქმით, გოგა ხაჩიძემ პირდაპირ უთხრა მის ძმას, შენით დაწერე განცხადება, თორემ სამსახურიდან მაინც გაგიშვებთ, იმიტომ, რომ გიას ძმა ხარო. მსახიობი აცხადებს, რომ არც ახალ ხელისუფლებას გამოუჩენია ინიციატივა მის მიმართ, მაგრამ მისი ძმის შემთხვევა არ არის მთავარი. უამრავი მაგალითია, როცა მაღალი რანგის პროფესიონალებს სხვადასხვა სფეროში წინა ხელისუფლებამ პოლიტიკური შეხედულებით დაატოვებინა სამსახურები და დღეს ისინი ისევ უმუშევრები არიან. ამიტომ ისინი ავტომატურად უნდა დაბრუნდნენ არა იმიტომ, რომ ხელისუფლება შეიცვალა, არამედ მაშინაც და დღესაც პროფესიონალები ქვეყნისთვის არიან საჭირო.

„მე ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობდი, მთელი ჩემი ცხოვრება უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძოდი და ვწირავდი ბევრ რაღაცას, ვწირავდი ჩემს პირად კეთილდღეობას და ოჯახსაც, რადგან ელემენტარულად, არ შემიძლია, როდესაც ვხედავ, რომ ქვეყანა ცუდად არის, ხმა არ ამოვიღო.

გადაავლეთ თვალი, წლების მანძილზე ერთი და იგივე ადამიანები გამოხატავდნენ პროტესტს, რადგან არ შეეძლოთ უსამართლობაზე გაჩუმება. მე არ ვიცი, რას ფიქრობენ ჩემი კოლეგები, მე ვიცი, ჩემი მეგობრების შეხედულებები, ვინც ჩემთან ერთად იბრძოდა და ყოველთვის იბრძოდნენ. მე ყველა სფეროს მცოდნე არ ვარ და არც მივცემ ჩემს თავს უფლებას, ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ სხვა, შევთავაზო ცალკეული კადრები. ხელისუფლება იმიტომ არის ხელისუფლება, რომ თვითონ მოიძიოს კადრი და გაიკითხოს ღირსეული ადამიანების შესახებ. ყველა სფეროში ნებისმიერმა ადამიანმა კარგად იცის, ვინ არის ძლიერი და პროფესიონალი“, - აცხადებს გია ბურჯანაძე და ადასტურებს, რომ არა მარტო ბიძინა ივანიშვილი, მომავალში ვინც არ უნდა იყოს ხელისუფალი, საზოგადოების ნაწილთან შეხვედრა ჩვეულებრივ ამბად უნდა ჩათვალოს.

სახალხო კრების თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მან ძალიან კარგად იცის, თუ რა სიტუაციაა ქვეყანაში და ისიც იცის, რას ნიშნავს პრემიერის ცალკეულ ჯგუფებთან შეხვედრა. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი მოახერხებს და საამისო დრო ექნება, რომ უშუალოდ თემატურ ჯგუფებს შეხვდეს, მაგრამ ნონა გაფრინდაშვილი იმაშიც დარწმუნებულია, რომ ივანიშვილს მშვენივრად ესმის პრობლემები.

უბრალოდ, მისი თქმით, არ შეიძლება თანამშრომლობა იმ ძალებთან, რომლებსაც ნაციონალები ჰქვია.

„ესენი არიან დამნაშავეები და დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი. სიამოვნებით შეხვდებიან ბიძინა ივანიშვილს საზოგადოების წარმომადგენლები. არცერთი თემატური ჯგუფი არ იტყვის მასთან შეხვედრაზე უარს, მაგრამ ეს უფრო ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული“, - აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი.

ამასთან, ადასტურებს, რომ ყველაზე მეტი შეკითხვა ისევ ნაციონალებთან აქვს, რადგან მათ ცინიზმს დასასრული არ აქვს. ისინი საბოტაჟს უწყობენ თავიანთ ქვეყანას. ამიტომ ამის შესახებ უნდა ისაუბროს საზოგადოებამ. ის, რომ სწრაფად ვერ ხერხდება მდგომარეობის გამოსწორება და მოლოდინის გამართლება, ნონა გაფრინდაშვილის აზრით, ისევ ნაციონალების ბრალია და კიდევ იმ ზეწოლის, რომელსაც ნაციონალები, როგორც ჩანს, იმავე ბიძინა ივანიშვილზე ახორციელებენ.

„ერთადერთი და აუცილებელია, რომ ადამიანებს საქმეები როცა შეაქვთ პროკურატურაში გასარჩევად, ის საქმეები არ მიდიოდეს დამნაშავე ადამიანებთან. პროკურატურაში ყველანი ისევ თავიანთ ადგილებზე სხედან, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა და, ეს თუ არ მოწესრიგდება, რა თქმა უნდა, უკმაყოფილებას გამოიწვევს“, - აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ეთანხმება აზრს, რომ ნებისმიერ ხელისუფალს რაც უფრო ინტენსიურად ექნება საკუთარ საზოგადოებასთან კომუნიკაცია, მით უფრო დამაჯერებელი იქნება ასეთი ხელისუფალის შემდგომი ქმედება, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლება არ არის შეჩვეული, რომ მას ეკუთვნის ქვეყანაში ძალაუფლება.

„ვიყოთ გულწრფელნი, ორხელისუფლებიანობის რეჟიმი საქართველოში არ მოსპობილა. ამდენად, ამ ეტაპზე საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან აქტიური კომუნიკაცია შეიძლება გამაღიზიანებელიც იყოს ჩვენი მოსახლეობის გარკვული ნაწილისთვის და დაიწყოს შეჯიბრი ორ ძალას შორის არა იმ საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც მათი ვალდებულებაა, არამედ ისევ წინასაარჩევნო რეჟიმში გადაინაცვლოს ნაცმოძრაობამაც და „ქართულმა ოცნებამაც“. ანუ შეკრებენ ერთ თეატრში ერთი პარტიის წევრებს, მეორე თეატრში მეორე პარტიის წევრებს და შეიძლება, ამან კიდევ უფრო დაძაბოს სიტუაცია“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

ამითაც ხსნის იმას, რომ ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილის მედიასთან შეხვედრის ფორმატი ძალაში რჩება, რაც, ცხადია, სწორედ საზოგადობისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ, ამავე დროს, გულდასაწყვეტია, რომ ეს არ მოიცავს ჩვენი საზოგადოების მრავალი ფლანგის ინტერესებს. მეტიც, ხშირად ძალიან აკვიატებული კითხვები აქვთ ჟურნალისტებს სწორედ პოლიტიკური დაპირისპირების გასარკვევად. ამ დროს კი პრობლემებია ეკონომიკაშიც, განათლებაშიც, სპორტშიც, მაგრამ რატომღაც წინადღის ნიუსების გამეორებით მოწმენი ვართ იმისა, რომ ერთსა და იმავე თემაზე ხანგრძლივი საუბარი მიმდინარეობს.

სოსო ცისკარიშვილის აზრით, კარგი იქნება, თუ ახალი ხელისუფლება საზოგადოებასთან უშუალო ურთიერთობას დაიწყებს და, უპირველესად, რეგიონებში მათი გასვლა რეგულარული იქნება. მით უფრო, რომ რეგიონებში შექმნილი სიტუაცია ნაკლებად მკაფიოა და ამა თუ იმ რეგიონის პოლიტიკური ხელმძღვანელობა განსხვავებული პოზიციებისა თუ კუთვნილებისაა. ამიტომ თანამდებობის პირთა კომუნიკაციას დამატებითი დატვირთვა აქვს.