ნებისმიერი ინსინუაცია მმართველი გუნდის მხრიდან არის ბინძური, ამორალური მანიპულაცია მოშიმშილე ადამიანის მდგომარეობით, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ რუსთავის ციხეში ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და მას წონის 10%-ზე მეტი აქვს დაკარგული.
„ერთი მხრივ, ვითომ პერსონალურ მონაცემებს უფრთხილდებიან, ხოლო მეორე მხრივ, თურმე კულტურის მინისტრი, მდინარაძე და სხვები ფლობენ დეტალურ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მაშინ, როცა ჩვენ აქ კვირების განმავლობაში ვითხოვთ, რომ გადმოგვეცეს მისი ჯანმრთელობის ისტორია. ხაზი უნდა გაესვას ერთ საკითხს - ქართველი ხალხი არის ამ ქვეყანაში ძალაუფლების წყარო, შესაბამისად, ქართველი ხალხი გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილის, პოლიტიკური მძევლის გათავისუფლების საკითხს. სალომე ზურაბიშვილი არის მარიონეტი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი პატიმარი და ზურაბიშვილი ასრულებს არამხოლოდ ივანიშვილის, არამედ პუტინის დავალებებს. ძალიან კარგად ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი არის რუსეთის რეზიდენტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად დასვეს“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილს არ ეყოფა იმის გამბედაობა, რომ პენიტენციურ სამსახურს თავისი კვების რაციონისა და დღის რეჟიმის გასაჯაროების უფლება მისცეს.