გორის რაიონის სოფელ შინდისში კერძო მესაკუთრეს ზაქრო მაზმიშვილს კუთვნილი მიწის ნაკვეთების გაყიდვას უკრძალავენ. ამის შესახეb სოფლის ცენტრში გამართულ აქციაზე გახდა ცნობილი. შეკრებილ მოსახლეობას რაიონის გამგებელი პაპუნა კობერიძე, სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი გიორგი ხიდაშელი და სხვა ოფიციალური პირები შეხვდნენ. მათთან ზაქრო მაზმიშვილიც მივიდა. ის 2003 წლამდე სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი იყო.
სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული მიხეილ მაზმიშვილი აცხადებს, რომ ზაქრო მაზმიშვილი კუთვნილ მიწის ნაკვეთებს არაბებზე და ინდოელებზე არ უნდა ჰყიდიდეს. იგივეს მისი მხარდამჭერები და ზაქრო მაზმიშვილის მოწინააღმდეგეები აცხადებენ. მათი თქმით, ზაქრო მაზმიშვილმა მიწის ნაკვეთები იმ დროს შეიძინა, როდესაც ის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი იყო. ,,მე ეს მიწები კერძო პირებისგან შევიძინე” – ამბობს ზაქრო მაზმიშვილი. ის სოფლის მოსახლეობას ჰპირდება, რომ დარჩენილ 3 ჰა-ს უცხოელებს აღარ მიჰყიდის.
მაზმიშვილის მიწების გარდა სოფელში ყოფილი სარეზერვო მიწები ეკონომიკის სამინიტრომ იმ პირებს ჩააბარა, რომელიც 2011-2012 წწ ყოფილი შს მინისტრის და პრემიერის ვანო მერაბიშვილთან დაახლოებულები იყვნენ. შეიქმნა სახელმწიფო მეურნეობა, სადაც პომიდორის და სხვადასხვა ბოსტნეულის მოყვანა დაიწყეს.
სოფლის ამჟამინდელი გამგებელი ამბობს, რომ ამ მეურნეობას შინაგანი ჯარის ნაწილები იცავდა და იქ სოფლის მოსახლეობას არავინ უშვებდა. ,,ზაქრო მაზმიშვილის 5 ჰა-ზე გამოკიდებას, უმჯობესია, დანარჩენ 140 ჰა-ს მივხედოთო” – თქვა ერთმა გლეხმა.
რაიონის გამგებელი პაპუნა კობერიძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც მიწის ნაკვეთებთან არსებულ მონაცემებს შეაგროვებს და დასკვნას დადებს: ,,შემდეგ ეს დასკვნა შესაბამის ორგანოებს გავუგზავნოთ და იქნებ შესაბამისი რეაგირება მოახდინონ” – თქვა პაპუნა კობერიძემ შეკრებილებთან.
სოფლის მეურნეობის სამმართველოს ამჟამინდელი უფროსი გიორგი ხიდაშელი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების, კერძოდ,,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში პრეზიდენტი სააკაშვილი პირდაპირი მიყიდვის წესით მიწის ნაკვეთებს შერჩევით გასცემდა. ,,ამ მიწებს ანაწილებდნენ პატარ-პატარა ნაკვეთებად, შემდეგ პირდაპირი მიყიდვის წესით აძლევდნენ როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ასევე იმ პირებს, რომელსაც მაშინდელი გამგეობა თვლიდა საჭირო. მე ამ სოფლის საქმეზე უკვე სქელტანიანი ტომი მაქვს შედგენილი” – აცხადებს გიორგი ხიდაშელი.
რაც შეეხება ზაქრო მაზმიშვილს, ის ამბობს, რომ უცხოელებზე მან მხოლოდ 2 ჰა გაყიდა: ,,ბანკში ვალები მაქვს და მე იძულებული გავხდი ეს მიწა გამეყიდა. თუ სოფლის მოსახლეობა იმ თანხას შეაგროვებს, რამდენიც უცხოელებმა გადამიხადეს, მაშინ გადაუხადონ იმ არაბებს ის ფული და მიწა მაგათი იყოს” – აცხადებს ზაქრო მაზმიშვილი.
ერთადერთი რაც ამჯერად სოფლის მოსახლეობამ მიაღწია, არის ის, რომ ზაქრო მაზმიშვილი კუთვნილ 3 ჰა-ს არაბებს თუ ინდოელებს აღარ მიჰყიდის. იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენი 140 ჰა-ის მფლობელები უცხოელებზე მიწის გაყიდვას დაიწყებენ, შინდისელები ინდოელებს და არაბებს იქ მუშაობის დაწყების უფლებას არ მისცემენ.