შვიდი სპეცრაზმელის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ბრალდების მთავარი მოწმე შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოაგდილე შალვა ჯანაშვილია. ახალაიას საქმეში ჯანაშვილის გამოჩენა მოულოდნელი იყო მისი დაცვის მხარისთვის. ჩვენი ინფორმაციით, ბრალდების მთავარი მოწმის გამოჩენამ ბრალდებულ ახალაიას მამის, როლანდ ახალაიას გაღიზიანება გამოიწვია. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ როლანდ ახალაია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს პარტიის ოფისში ეახლა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ახალაიამ მერაბიშვილს უსაყვედურა, რომ მისი შვილი ყოფილმა ხელისუფლებამ პრაქტიკულად გაწირა.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული პირი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბაჩო ახალაიასა და ყოფილ ხელისუფლებასთან, კერძოდ პრეზიდენტ სააკაშვილთან ვითრება 1ოქტომბრის არჩევნებამდე დაიძაბა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ახალაიას გააჩნდა თავისი პოზიცია და მან რამდენიმეჯერ სააკაშვილთან შეუთანხმებლად მიიღო გადაწყვეტილება. ამავე წყაროს ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ციხის ცნობილი სკანდალის შემდეგ გადადგა თანამდებობიდან, სააკაშვილმა ყოფილ პრემიერთან, ვანო მერაბიშვილთან და ადეიშვილთან ერთად მიიღო დაგაწყვეტილება ბაჩო ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით.
ბაჩო ახალაიას დასაკავებლად წყნეთში, სპეციალური დანიშნულების რაზმი გავიდა, თუმცა ინფორმაციამ გაჟონა და მისი დაკავების ოპერაცია ჩავარდა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ბაჩო ახალაია წყნეთში მისი ძმის, დათა ახალაიას სიმამრის ვანო ბენიძის სახლს აფარებდა თავს. ამავე წყაროს ინფორმაციით, ბაჩო ახალაიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის სასახლეშიც მოხდა. ამის მიზეზი კი სააკაშვილის მიერ 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგების ცნობა გახდა.
რა ხდება ახალაიებსა და ყოფილ ხელისფლებას შორის და რა კომპრომატები აქვს ახალაიას გარემოცვას? ამასთან დაკავშირებით for.ge ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
ბატონო მამუკა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ როლანდ ახალაიასა და ვანო მერაბიშვილს შორის მოხდა კონფლიქტი. რა გახდა ამის მიზეზი?
- ნამდვილად მოხდა მათ შორის კონფლიქტი. ახალაია მივიდა ვანო მერაბიშვილთან და პირდაპირ უთხრა, რომ ჩემი შვილი მიტოვებულია და თქვენ არავითარ აქტივობას არ იჩენთ მისი ციხიდან გამოსახსნელადო. როგორც წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, ასეთი ფრაზა უთხრა როლანდ ახალაიამ მერაბიშვილს, რომ თეა თუთბერიძის იმედზე მიატოვეთ ჩემი შვილიო. მწვავე ლაპარაკი იყო როლანდ ახალაიას მხრიდან.
როდის მოხდა ეს კონფლიქტი მერაბიშვილსა და ახალაიას შორის?
- კონფლიქტი მათ შორს ერთი კვირის წინ მოხდა. სიტვიერი დაპირისპირება იყო. უფრო საყვედურები იყო ახალაის მხრიდან. როგორც მე მითხრეს მერაბიშვილი ცდილობდა, რომ თავი გაემართლებინა.
თუმცა ფაქტია, რომ ბრალდებული ახალაია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და უშუალოდ პრეზიდენტმა პირისპირ დატოვა პროკურატურასთან...
- პრინციპში, შემიძლია გითხრათ და ისეთი შთაბეჭდილება ექმნება საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც დაინტერესებულია ამ საქმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერსეშიც იყო, რომ ახალაია დაპატიმრებულიყო.
როდესაც ახალაიამ თავდაცვიდან შს სამინისტროში გადაინაცვლა, მაშინ ითქვა, რომ სააკაშვილმა ის გაწირა და შეგნებულად დანიშნა ამ თანამდებობაზე. ახალაიას გარშემო დღეს მიმდიანარე პროცესები რამდენად იძლევა ამის თქმის საფუძველს?
- ასეც იყო. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ლაფანყურის ოპერაციასთან დაკავშირებით ახალაია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. პრინციპში, მას მოუწია სხვის მიერ წამოწყებული ავანტურის დასრულება. ვინაიდან, მას არანაირად არ ეხებოდა ჩეჩნების ჩამოყვანა და მათი მომზადება. დასკვნით ეტაპზე მას შეეწმინდა ხელი. მე ვიცი, რომ გარკვეული დაძაბულობა წარმოიშვა ამის გამო. გარდა ამისა, ახალაიას არჩევნების პერიოდშიც და არჩევნების დღეებშიც თავისი აზრი გააჩნდა და თავად აპირებდა დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას. ეს იყო არჩევნების შედეგების არ მიღება.
ამბობენ, რომ ახალაიამ თავისი აქტიურობით რამდენიმეჯერ შეუქმნა დისკომფორტი სააკაშვილს...
- გეთანხმებით. ნამდვილად ბევრჯერ შეუქმნა დისკომფორტი სააკაშვილს თავისი აქტიურობით. როცა ახალაია თურქეთიდან დაბრუნდა, მაშინაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ახალაია აპირებდა ინიციატივის ხელში აღებას. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ნაწილი სიხარულით შეხვდა მის გამოჩენას და ზუსტად ამ ნაწილის აჟიოტაჟმა გააღიზიანა როგორც ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ დანარჩენი ხელმძღვანელობა. ახალაიას სავარაუდო სურვილმა, რომ პარტიის ლიდერი გამხდარიყო, გამოიწვია მის მიმართ ის დამოკიდებულება, რომელიც დღეს აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს. მისი დაკავებაც კი ჰქონდა სააკაშვილს გადაწყვეტილი და წყნეთში მისი ძმის სიმამრის სახლთან იყო მისი სპეციალური დანიშნულების რაზმი. თუმცა მაშინ ინფორნაციამ გამოჟონა.
ფაქტია, რომ ახალაიას დანაშაულებებზე ლეგენდები დადიოდა. მაგარამ, სასამართლო პროცესზე ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურა უჭირს ფაქტების მტკიცებულებებით გამყარება. რატომ - თქვენი აზრით?
- როგორ ფიქრობთ, ახლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობ, ეს ხელისუფლებაში არ იციან? მოდით, ლოგიკურად შევხედოთ ამას ყველაფერს. რატომ გონია ვინმეს, რომ ახალაიასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურას არ აქვს წონიანი არგუმენტები?
თუ კი არის ასეთი არგუმენტები, მაშინ რატომ არ დებს ამას პროკურატურა?
- აი სწორედ მაგაშია საქმე. სერიოზული წონიანი არგუმენტები რომ იყოს ახალაიას მიმართ, როგორ გგონიათ როლანდ ახალაია მივიდოდა მერაბიშვილთან და ამას ეტყოდა?! აქიდან გამომდინარე, გამოდის, რომ გამოძიების ასეთი ფორმით მსვლელობა ვიღაცას აწყობს. ერთის მხრივ, თითქოსდა არგუმენტები არის სუსტი, მეორეს მხრივ ახალაია ციხეში ზის. ამ ფონზე „ნაციონალური მოძრაობა“ არ ინძრევა და ეს იწვევს როლანდ ახალაიას გაღიზიანებას. ახლა მხოლოდ როლანდ ახალაია არაა ამ ვითარებით გაღიზიანებული. ჩათვალეთ, რომ ძალოვან სტრუქტურებში ვინც იყო სამეგრელოს რეგიონიდან ჩამოსული და ვინც ახალაიას გარშემო იყო, ყველას ასეთი გაღიზიანება აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.
ანუ, ჯგუფი რომელიც დაკავშირებული იყო ახალაიასთან „ნაციონალურ მოძრაობას“ უპირისპირება?
- ზუსტად ასე გამოდის. მე დაწმუნებული ვარ, რომ ამ ჯგუფის ზოგიერთ წევრს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აქვთ სერიოზული კომპრომატები. თუ საჭირო გახდა ამ კომპრომატებსაც გამოამზეურემენ. ისინი შეიძლება ხელისუფლებას არ დაუახლოვდნენ, მაგრამ, სამაგიეროს გადახდის მიზნით, არ გამოვრიცხავ, რომ კომპრომატების გამოქვეყნება დაიწყონ.
უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება რომელიც არსებობდა სამეგრელოში და რომელიც ასოცირდებოდა ახალაიასთან, რა ბედი ეწია ამ ჯგუფს?
- ამ ჯგუფების მცირე ნაწილზე ვერ გეტყვით სად არის. მაგრამ, დიდი ნაწილი სადაა ეს ვიცი ძალიან კარგად. ამ ჯგუფის წევრები და მათი ხელმძღვანელები გაემიჯნენ ამ ფსევდო სამხედრო აქტიურობას. მაგრამ, იარაღი სად წაიღეს, ეს ინფორმაცია მე არ მაქვს. ვიცი, რომ რამოდენიმე ჯგუფი ისევ იმ რეჟიმშია, როგორც იყვნენ არჩევნებამდე. თუმცა, მათგან, წესით, დიდ ხიფათს არ უნდა ველოდოთ.
როგორც ამბობენ ნაწილი გალის ტერიტორიაზეა გადასული...
- გალის ტერიტორიაზე გადასულია 8-12 კაცამდე. თუმცა, ისინი არ არიან სერიოზული ჯგუფი.