მოსახლეობის უმეტესობა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას მიესალმება

მოსახლეობის უმეტესობა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას მიესალმება

ამერიკის ეროვნულ - დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა ამა წლის 13-დან 27 მარტის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 3 103 პირი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით განხორციელდა. NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის, ლუის ნავაროს თქმით, მთავარი საკითხები დაახლოებით იგივე რჩება, რაც წინა კვლევაში გამოიკვეთა.

„მოსახლეობისთვის კვლავ პირველ ადგილზეა სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებიდან კი მნიშვნელოვანია კომუნალური მომსახურების ტარიფები და ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმა. სხვა საკითხებს რაც შეეხება, მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთანხმება მოსაზრებას, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული. ამასთანავე, მოსახლეობის დიდი ნაწილი ციხიდან პატიმრების ამნისტიით გათავისუფლებას ეთანხმება, მაგრამ ასევე დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ამას საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ნეგატიური შედეგი ექნება“, - აცხადებს ლუის ნავარო.

კვლევის თანახმად, ეროვნული საკითხებიდან საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად კვლავ რჩება სამუშაო ადგილები (61%), ტერიტორიული მთლიანობა (34%), ხელმისწავდომი სამედიცინო მომსახურება (32%), სიღარიბე (25%), პენსიები (24%), რუსეთთან ურთიერთობა (18%). ამასთანავე, მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ვითარება ამ საკითხებთან დაკავშირებით არ შეცვლილა, ხოლო პოლიტიკოსები ამ საკითხებს სათანადოდ განიხილავენ. ადგილობრივი საკითხებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევა კომუნალური მომსახურების ღირებულება (45%), ნაგვის გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმა (36%), თუმცა ეს მაჩვენებლები წინა კვლევებთან შედარებით შემცირებულია. სამაგიეროდ, გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივი საკითხებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია გზები (30%) და ტრანსპორტის ღირებულება (28%).

ადგილობრივ საკითხებთან დაკავშირებითაც მოსახლეობის უმეტესობის აზრით 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ვითარება არ შეცვლილა. ერთადერთი საკითხი, რომელზეც გამოკითხულთა აზრი ორად გაიყო, კომუნალური მომსახურების ღირებულებაა, რადგან გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა, 44%-ის აზრით კი ვითარება გაუარესდა.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 72% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, რაც წინა კვლევასთან (რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა) შედარებით 5%-ით მეტია. ამასთანავე, სქესის მიხედვით ეს მონაცემი ასე განაწილდა - ქალების 78% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, მამაკაცებიდან კი - 65%. გამოკითხულთა იმ კატეგორიის 48%, რომელიც თავს უმუშევრად თვლის, 48% ეძებს სამსახურს, 19% პენსიონერია და სამსახურის პოვნით დაინტერესებული არ არის, ხოლო 10% დიასახლისია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოსახლეობის 81% მიიჩნევს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იგივე მდგომარეობაშია, ხოლო 10% თვლის, რომ უკეთესად არის.

კითხვაზე - როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? გამოკითხულთა 58% პასუხობს, რომ ნამდვილად სწორი, ან ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 8%-ის აზრით, ნამდვილად არასწორი, ან ძირითადად არასწორი მიმართულებით. ამასთანავე, გამოკითხულთა 43%-ის აზრით, დღეს საქართველოში დემოკრატიაა (რაც წინა ორი კვლევის შედეგებთან შედარებით ცოტა მომატებულია) 38% კი ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის. გამოკითხულთა 36% მიიჩნევს, რომ საქართველო დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას, ხოლო 33% თვლის, რომ ქვეყანა ჯერ არ არის დემოკრატიული, მაგრამ ამ მიმართულებით ვითარდება. კვლევაში მონაწილეთა 51%-ისთვის დემოკრატია ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას, 44%-ისთვის კი არის თანასწორობა კანონის წინაშე, ხოლო 35%-ის აზრით, დემოკრატია არის ადამიანის უფლებათა დაცვა.

კითხვაზე - რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ არსებული ხელისუფლება თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს? 18% პასუხობს, რომ სრულად ეთანხმება, ხოლო 53% - ნაწილობრივ ეთანხმება. გამოკითხულთა 39%-ის აზრით, საპარლამენტო ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში იყოს, ის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განახორციელებდა. გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ჯანდაცვის რეფორმა, 39% ფიქრობს, რომ ეს არის სოფლის მეურნეობის რეფორმა, ხოლო 29% - საპენსიო რეფორმა. ამასთანავე, კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობას აქვს მოლოდინი, რომ უახლოეს 6 თვეში ეს რეფორმები განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 12%-ს აქვს მოლოდინი, რომ უახლოესი 6 თვის მანძილზე საკონსტიტუციო რეფორმა გატარდება მაშინ, როდესაც მათი მხოლოდ 9% მიიჩნევს ამ რეფორმას მნიშვნელოვნად.

გამოკითხულთა 28%-ისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის უმთავრესი დაბრკოლება არის ამომრჩეველთა მოსყიდვა, 24%-ის აზრით - ამომრჩეველთა შევიწროვება, 18%-ის თქმით კი - ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა სამსახურის შესანარჩუნებლად. მხოლოდ 16% მიიჩნევს, რომ დაბრკოლება საარჩევნო სიებთან დაკავშირებული პრობლემაა, როდესაც წინა კვლევებში სწორედ ეს პრობლემა იყო პირველ ადგილზე.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 54% მიზანშეწონილად მიიჩნევს პრეზიდენტისთვის პარლამენტისა და მთავრობის დათხოვნის უფლების ჩამორთმევას, ხოლო 48% დადებითად აფასებს კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას, რომლითაც პარლამენტის ადგილსამყოფელად ქალაქი ქუთაისი არის განსაზღვრული. 42% ემხრობა მთავრობის ვალდებულებას, გაატაროს პროდასავლური კურსი. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, გამკითხულთა 88% ეთანხმება, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული. გამოკითხულთა 37% არ ეთანხმება პარლამენტის გადაწყვეტილებას, გაურკვეველი ვადით გადაედო პრეზიდენტის დაგეგმილი ყოველწლიური მიმართვა პარლამენტში. ამასთანავე, 42% არ ეთანხმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ ეს მიმართვა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაეკეთებინა, 56% არ იზიარებს აქციის მონაწილეების მიერ ბიბლიოთეკის შესასვლელის გადაკეტვას, ხოლო 76% აქციის მონაწილეების მხრიდან არჩეული თანამდებობის პირების მიმართ განხორციელებულ ძალადობას არ ეთანხმება.

კვლევაში მონაწილეთა 96% ამნისტიის შედეგად ციხეებიდან პატიმრების გამოშვებას დადებითად აფასებს, თუმცა 37%-ის აზრით, ეს მოვლენა საზოგადოებაზე უარყოფითად აისახება. მათგან, ვინც პატიმრების გათავისუფლებას დადებითად აფასებს, 26% ამ პროცესს სამართლიანობის აღდგენად განიხილავს, ხოლო 26% ამ პატიმრებს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამ პროცესის უარყოფითად შემფასებლების 87% კი თვლის, რომ ქვეყანაში დანაშაულის დონე გაიზრდება.

გამოკითხულთა 63% (იმათგან, ვინც იცის ამ ინიციატივის შესახებ) დადებითად აფასებს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდეს და ჯარი მთლიანად საკონსტრაქტო სამსახურზე გადავიდეს.

კითხვაზე - იცნობთ თუ არა ვინმეს, ვინც თქვენი აზრით სახელწიფო სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულების გამო დაითხოვეს, 80% უარყოფითად პასუხობს, რაც 2012 წლის აგვისტოში ჩატარებული კვლევის შედეგზე 1%-ით მეტია.

რაც შეეხება პარლამენტს, გამოკითხულთა უმეტესობა მისი რაიონის მაჟორიტარი კანდიდატისგან ელის, რომ დეპუტატი მის ინტერესებს დაიცავს და აქტიური იქნება. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის კვლევის დროს გამოკითხულთა უმეტესობამ არ იცოდა, ვინ იყო მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ახლანდელი კვლევის შედეგების მიხედვით კი 63%-მა სწორად იცის მისი მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა. ამასთანავე, გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ არჩეულ თანამდებობებზე ქალებიც და კაცებიც ერთნაირად მუშაობენ, თუმცა 48% თვლის, რომ პარლამენტში 150 დეპუტატიდან 16 ქალი დეპუტატის ყოფნა საკმარისია.

კვლევაში საგარეო ურთიერთობებზეც იყო რამდენიმე კითხვა. გამოკითხულთა 42% თვლის, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია, ხოლო 23%-ის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. 49%-ს რუსეთთან საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა არ მოსწონს, ხოლო 38%-ს მოსწონს, თუმცა უმეტესობა მომხრეა რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნებასთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების (84%) და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის (78%), ასევე საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირისა (76%) და ნატოს (73%) წევრი, თუმცა 55%-მა არ იცის, როდის შევა ჩვენი ქვეყანა ნატოში.

მედიასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები ასე გადანაწილდა - გამოკითხულთა 90% ინფორმაციას ძირითადად ტელევიზიის მეშვეობით ღებულობს, აქედან პოლიტიკურ და მიმდინარე მოვლენების შესახებ 87% ტელეკომპანია „იმედის“ საშუალებით ღებულობს ინფორმაციას, 84% - „რუსთავი2“-ის მეშვეობით, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 52%, ხოლო „მაესტროს“ და „მეცხრე არხის“ მეშვეობით 40%.

პოლიტიკურ პროცესებზე კი გამოკითხულთა დიდი ნაწილი ისევ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან საუბრობს.

კვლევაში მონაწილეთა 55% აცხადებს, რომ რელიგიური მრწამსი ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებაში მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა რელიგიურ მსახურებას კვირაში ერთ ჯერზე მეტად მხოლოდ 3% ესწრება.