რუსებმა აფხაზებისა და სომხების გენეტიკური ნათესაობა გამოიგონეს

რუსებმა აფხაზებისა და სომხების გენეტიკური ნათესაობა გამოიგონეს

ეთნოგენეტიკური კვლევის პროექტის დირექტორი გიორგი ანდრიაძე მოსკოვის სამედიცინო გენეტიკური კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს აპროტესტებს, რომლითაც აფხაზებისა და სომხების გენეტიკური ნათესაობა დაფიქსირდა.

კერძოდ, 2010 წლის შემოდგომაზე საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში ეთნოგენეტიკური კვლევის პროექტი დაიწყო, რომელიც მაქს პლანკის ინსტიტუტში მოღვაწე, ანთროპოლოგიური გენეტიკის აღიარებული სპეციალისტის, ცნობილი ქართველი მეცნიერის, ივანე ნასიძესთან თანამშრომლობით წარიმართა. თუმცა ნასიძის გარდაცვალების გამო, პროექტი მოსკოვის სამედიცინო გენეტიკური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით გაგრძელდა.

პირველ ეტაპზე ჩატარდა ორი პოპულაციის, ლაზებისა და იმერლების გენეტიკური კვლევა. კვლევა დაფუძნებული იყო ლოკალიზებულ გენებზე (Y STR,  SNP) და ამ მიზნით ქართული უნივერსიტეტის გენეტიკური კვლევის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, მოსკოვის გენეტიკური კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად, იმერეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში სამეცნიერო ექსპედიციები განხორციელდა.

თუმცა, ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად, რუსმა კოლეგებმა მოამზადეს სტატია, რომლის სათაურიც არის „აფხაზ-ადიღეური ხალხების, ქართველებისა და სომხების გენოფონდების შედეგების ანალიზი ევრაზიულ კონტექსში“. აღნიშნული სტატიის თანაავტორად მათ გიორგი ანდრიაძე მიუთითეს, როგორც ლაზებისა და იმერლების ბიოლოგიური მასალის შემგროვებელი.

სტატიის პროექტის გამოგზავნისას 2012 წლის დეკემბერში ქართულმა მხარემ დააფიქსირა, რომ არ ეთანხმებოდა სტატიაში გამოთქმულ დასკვნას „აბაზების აფხაზეთის ტერიტორიიდან ჩრდილოკავკასიაში მიგრაციის შესახებ“, რისი მიხედვითაც აფხაზეთის ავტოქტონ მოსახლეობად ცხადდებოდა აბაზა-აფსუების ტომი და არა - ქართული (მეგრულ-სვანური) მოსახლეობა. თუმცა ეს შენიშვნა გამოსაცემად ჩაშვებულ სტატიაში მაინც არ გაითვალისწინეს.

სულ ახლახანს მიღებულ სტატიაში კი, ისტორიოგრაფიაში გაუგონარი ვერსია დაფიქსირდა აფხაზებისა და სომხების გენეტიკური ნათესაობის შესახებ. ამის გამო, გიორგი ანდრიაძე პროტესტს გამოთქვამს ასეთი პოლიტიზირებული და არამეცნიერული მიდგომების მიმართ და იმედოვნებს, რომ ეს რუსი კოლეგების მხრიდან არ მომდინარეობს და რუს ხელისუფალთა დაკვეთაა.

გარდა ამისა, როგორც ანდრიაძე ამბობს, რუს კოლეგებთან აღნიშნული პრობლემების გამო, ქართული უნივერისტეტის გენეტიკური კვლევის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობა დაიწყო და განვითარდა აშშ-ის გენეტიკური კვლევების ლაბორატორიასთან - FamilliTreeNDA.

For.ge-ს ეთნოგენეტიკური კვლევის პროექტის დირექტორი გიორგი ანდრიაძე ესაუბრა.

როგორ ფიქრობთ, რუსი მეცნიერების მხრიდან რატომ მოხდა ფაქტების აღრევა, თუ ეს შეგნებულად დაშვებულ შეცდომა იყო, რომ აფხაზებისა და სომხების გენეტიკური ნათესაობა როგორმე ნაძალადევად გამოეყვანათ?

- ეს არის სტატია, რომელსაც აქვეყნებს მოსკოვის გენეტიკური კვლევის ცენტრი. მათთან დავიწყეთ თანამშრომლობა. უფრო მეტიც, ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყნის გენეტიკური კვლევის ცენტერებთან. ეს არის ქართული უნივერსიტეტის კვლევის პროექტი და უნდა დაბეჭდილიყო საერთო სტატია, ლაზებისა და იმერლების გენეტიკური ნათესაობის შესახებ. რუსულმა მხარემ მოამზადა ვრცელი სტატია, ეს იყო აფხაზურ-ადიღეური ხალხების, სომხების და კავკასიური ტომების ურთიერთნათესაობის შესახებ. ამ სტატიაში ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი სამი თეზისი დაფიქსირდა. პირველი, ეს იყო აფხაზეთის, როგორც ცალკე სახელმწიფოდ აღიარება და სტატიაში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ იყო მოხსენიებული. მეორე, ეს იყო აფხაზების მიგრაციის თემა, სტატიაში ნახსენები იყო, რომ ეს მოხდა შავი ზღვისპირეთიდან, ანუ, თითქოს, მათი ავტოქტონური ადგილიდან აფხაზების მიგრაცია ჩრდილო კავკასიაში, რაც ისტორიულ სინამდვილეს არ შეესაბამება და მესამე - იყო თვითონ გენეტიკური კვლევის ფაქტორი. ეს არის ეთნოგენეტიკა, ინტერდისციპლინარული ახალი მიმართულება, ჩვენ ვიკვლევთ ამას, ჩვენთვისაც ცნობილია ეს მონაცემები. ამ დროს კი აფხაზი მოსახლეობის ერთი მესამედი გამოცხადებულია სომხებთან მონათესავე ხალხად, რაც შეგნებულად დაშვებული შეცდომაა, ვინაიდან ჩვენ ხელთ გვაქვს ეს მონაცემი და რეალურად, აფხაზები არიან ქართველ ერთან, ანუ მეზობელ მეგრელებთან მონათესავე ხალხი. ამდენად, მეგრულ-აფხაზური ნათესაობის ნაწილი არასწორად იყო წარმოდგენილი, როგორც სომხებთან მონათესავე ხალხისა.

ცნობილია, რომ აფხაზეთში სომხების რაოდენობა ძალიან მატულობს და ამ მხრივ აფხაზების გენოფონდის მდგომარეობა დამაფიქრებელია. ფიქრობთ, რომ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, რუს მეცნიერთა აღნიშნული სტატია, გარკვეულწილად, ამის ანარეკლიცაა?       

- ამაშია საქმე, რომ ჩვენ ეთნოგენეტიკური კვლევის პროექტი დავიწყეთ იმისთვის, რომ შეგვესწავლა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ობიექტური რეალობა და ის, რაც ისტორიოგრაფიულად განმტკიცებულია. კერძოდ, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ, მათ შორის, აფხაზებიც, მიუხედავად მათი ენობრივი სხვაობისა, არიან ქართული კულტურული, საეკლესიო და ეთნიკური სივრცის ნაწილი. სწორედ ამას ამტკიცებს ჩვენი კვლევები. ჩვენმა რუსმა კოლეგებმა ეს ყველაფერი სხვანაირად წარმოაჩინეს, თითქოს, აფხაზები ენათესავებიან ჩვენს მეზობელ და მოძმე სომეხ ხალხს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან აფხაზებსა და სომხეთს შორის უზარმაზარი არეალია.

მათ მცდარ ვერსიას თუ ვირწმუნებთ, რუს მეცნიერებს იმის თქმა სურთ, თითქოს, სომხეთიდან წამოვიდნენ აფხაზები ან პირიქით? ანუ აფხაზების ისტორიული მარშრუტი როგორი გამოდის?    

- ეს გაუგონარი ვერსიაა, რაც რუსმა მეცნიერებმა გამოამზიურეს და შესაბამისად, არც მარშრუტი არ მოუყოლებიათ, იმდენად აბსურდული ვერსია იყო. თუმცა, ირიბად მაინც დააფიქსირეს, თითქოს, გენეტიკური კოდით, ეს ცნობილი ჰაპლო ჯგუფია, j-2-ია ქართული ჯგუფისთვის დამახასიათებელი. ასევე, ახასიათებს ეს ჯგუფი ჩვენს მეზობელ სომხებსაც, ვინაიდან იქ ქართველების მონათესავე ტომები ცხოვრობენ, განსაკუთრებით, ეს ჩრდილო სომხეთს ეხება. ამ დროს კი ეს რეალობა წარმოაჩინეს ისე, თითქოს, სომხებს რაღაც კავშირი ჰქონდეთ აფხაზებთან, როდესაც აფხაზეთთან ნამდვილად აქვს კავშირი ქართულ მოსახლეობას, ძირითადად მოსაზღვრე რეგიონებში მცხოვრებ მეგრულ მოსახლეობას და დაახლოებით, დღევანდელი აფხაზი ხალხის ერთი მესამედი მეგრული წარმოშობისაა, ისევე, როგორც არსებობენ გაქართველებული აფხაზებიც და ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ერთი ერი, ერთი კულტურა და ერთი ისტორიის მქონე ხალხი. სწორედ ეს არის ჩვენი პროექტის მიზანი. ამ დროს პოლიტიკური დაკვეთით, რუსმა მეცნიერებმა ეს ყველაფერი გვარიანად შეცვალეს.

საინტერესოა, თვითონ აფხაზების აზრი როგორია ამასთთან დაკავშირებით? მათ აწყობთ სომხებთან ნათესაობა?

- ეს სრულიად ახალი ამბავია, რადგან ჩვენ თანაავტორად ვიყავით დაფიქსირებულნი ამ სტატიაში და ჩვენ ეს თანაავტორობა ამის გამო გავაპროტესტეთ. ჯერჯერობით, სტატია არ გამოქვეყნებულა, უბრალოდ, ჩაიშვა ბეჭდვაში. რა რეაქცია ექნებათ აფხაზებს არ ვიცი, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი თავისუფალნი რომ არ არიან თავის არჩევანში, საკუთარი აზრის გამოხატვასა და ბევრ სხვა რამეში, ეს საყოველთაოდ ცნობილია. თუმცა, მსოფლიოს არცერთი ობიექტური და პატიოსანი მეცნიერი იმ აბსურდულ განცხადებას, თითქოს, სომხებსა და აფხაზებს რაიმე გენეტიკური კავშირი ერთმანეთთან გააჩნიათ, არ დაეთანხმება, შესაბამისად, რა თქმა უნდა, აფხაზებიც ამას ვერ დაეთანხმებიან. ჩვენც იმიტომ გავაკეთეთ ეს განცხადება, რომ პროტესტი გამოგვეთქვა ამ ანტიმეცნიერული  პოზიციისადმი და უახლოეს მომავალში, 16 აპრილს ჩანიშნული გვაქვს ფართო სამეცნიერო კონფერენცია აღნიშნულ თემაზე.

დღევანდელი აფხაზების წინაპრები აფსუა-აბაზგური ტომები არიან. ისინი ჩრდილო კავკასიიდან მოსული ხალხია და ამ შემთხვევაში, მეგრულ მოსახლეობასთან კავშირი ნაწილობრივ იგულისხმება?

- ქართული ისტორიოგრაფია ცალსახად მოწმობს, რომ ეგრუსის სამკვიდრო, ანუ ეგრუსის შთამომავლების ქართული ტომების სამკვიდრო ვრცელდებოდა მდინარე ყუბანამდე მთელი კავკასიის ქედის გასწვრივ. არქეოლოგიური, საეკლესიო, კულტურული წყაროები მოწმობენ, რომ ეს იყო ერთიანი ქართული სივრცე. პირადად მე თუ რომელ ვერსიას ვემხრობი, ეს ერთი საკითხია. კონკრეტულად როგორი მიგრაციული პროცესები მიმდინარეობდა სხვადასხვა პერიოდში, ესეც სხვა თემაა, მაგრამ  ფაქტი ერთია, დღევანდელი აფხაზების, რომლებიც წარმოშობით  ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები აბაზა ტომების ნათესავები არიან და რომლებიც თავიანთ ენაზე საუბრობენ, ამ ენაზე მოსაუბრე ხალხს არანაირი კულტურული კვალი შუა საუკუნეების მთელ სიგრძეზე არ დაუტოვებია რეგიონში, არც საეკლესიო, არც წერილობითი, არც სხვა კუთხით.

საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ სადღაც მე-17 საუკუნის ბოლოსთვის ლევან მეორე დადიანის დროს ბრძოლები მიმდინარეობდა მდინარე კელასურთან, კელასურიდან იწყება ოდიშის სამთავრო, მის დასავლეთითაც იმავე ქართული მოსახლეობით დასახლებული ტერიტორიაა და ეს ქართული კულტურის არეალი გახლდათ. ეთნოგენეტიკა ახალი მეცნიერებაა, ისტორიისა და გენეტიკის სინთეზური მეცნიერებაა და ჩვენი კვლევის მიზანი სწორედ ის იყო, რომ ეს დაგვედგინა. ამ გენეტიკური კვლევებით, მათემატიკური სიზუსტით დავადგინეთ, რომ აფხაზი მოსახლეობის მინიმუმ 35 %, თუ მეტი არა, არის ქართული, ანუ მეზობელი მეგრული წარმოშობის. დღევანდელი აფხაზები გენეტიკურად უფრო ახლოს დგანან ქართველებთან, ვიდრე თავის ძირძველ მონათესავე ჯგუფთან -აბაზებთან. აბაზა ჯგუფი ბინადრობს ჩრდილო კავკასიაში, ადიღეის და ყარაჩაის ავტონომიურ ოლქებში. ეს არის ძალზე მცირერიხოვანი ჯგუფი, ზუსტად ისეთივე მცირერიცხოვანი, როგორებიც არიან ჩვენი აფხაზები, მაგრამ ჩვენ აფხაზი ძმები შევინახეთ, უნივერსიტეტი გავუხსენით, ყველანაირად ხელს ვუწყობდით და ისინი ჩამოყალიბდნენ ეთნიკურ, კულტურულ და სახელმწიფოებრივ ერთეულად. მათი მონათესავენი ჩრდილო კავკასიაში კი ამ სტატუსით არ არიან და ძალზე მცირერიცხოვანი ჯგუფია.

რაც შეეხება ტერმინ აფსუას, ეს მათი თვითწოდებაა და ეს ხალხი, რომლებიც დღეს აფხაზეთში ცხოვრობენ, თავის თავს აფსუებს (აფსნი) უწოდებენ, ხოლო მათი მონათესავე ჯგუფი ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები აბაზა ტომები არიან. აბაზა და აფსუა(აფსნი) მონათესავე ტომები არიან. აფხაზი ტერმინი კი არის აბსოლუტურად ქართული. აფხაზეთი აბსოლუტურად ქართული მოვლენაა შუა საუკუნეების პერიოდშიც და დღესაც. ამ კვლევებმა დაადგინა, რომ დღევანდელი ხალხი, გინდაც „აფსნი“ უწოდეთ, გინდაც - „აფხაზები“, გენეტიკურად ნათესაობენ და ახლოს დგანან უფრო ქართველებთან, ვიდრე წარმომავლობით თავის მონათესავე აბაზა ტომებთან. 

თქვენ გენეტიკურ ჯგუფზე საუბრობთ, მაგრამ კონკრეტულად რით ამტკიცებთ, რომ აფხაზებს ქართველებთან აქვთ ნათესაობა და ზოგადად, როგორ გამოიკვლიეთ ქართული და აფხაზური გენეტიკა?

- ჩვენ შევისწავლეთ ლაზების და იმერლების გენეტიკური ანალიზი. რუსებმა კი შეისწავლეს აფხაზების გენეტიკა და შეუდარეს ჩვენს მიერ აღებულ მონაცემებს. აფხაზების მონაცემი ჩვენ არ შეგვისწავლია. სწორედ ამ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე ვამბობთ, რომ მათემატიკურ დონეზე ეს ზუსტი მეცნიერებაა, რადგან გენეტიკური კოდი იშიფრება და იღებს ციფრების სახეს. ეს ციფრები კი, როგორც ორჯერ ორი უდრის ოთხს, დაახლოებით ასეთივე კომბინაციას წარმოადგენს. ამ ციფრების სიახლოვით გენეტიკური კოდის დადგენა მხოლოდ ჩვენი მიგნება არ არის და ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერული ფაქტი. ამას თვითონ რუსებიც აღიარებენ.

სხვათა შორის, ამავე სტატიაში, რომელსაც ჩვენ ვაპროტესტებთ, რუსები აღიარებენ, რომ აფხაზები ახლოს დგანან ქართველებთან, ვიდრე თავის გენეტიკურად მოძმე აბაზა ტომებთან.

ეს ციფრები ქართველებისა და აფხაზებისთვის საშუალოდ როგორ გამოითვლება?

- წარმოიდგინეთ, სიშორის მაქსიმალური მანძილი 1-იანი რომ იყოს, ჩვენ და აფხაზები ერთმანეთთან ვართ 0,2 მეათედით ახლოს. თანაც, ეს მათი ციფრებია, ჩვენ არ დაგვიდგენია, ხოლო აბაზები და აფხაზები ერთმანეთთან არიან 0,7 მეათედით ახლოს, ანუ მთელი 0,5 ბიჯით დაშორებული და რომ იცოდეთ, ეს ძალიან დიდი ბიჯია, რადგან მთლიანობაში სულ ერთი მეტრია. გენეტიკა იმასაც მოწმობს, რომ ისინი წარმომავლობით ერთნი არიან, მაგრამ უკვე გენეტიკური შემადგენლობით, რაშიც იგულისხმება შერეული ქორწინებები, ნათესაობა და სხვა, აფხაზები უკვე ჩაეწერნენ ქართულ სამყაროში. ეს იქნება ღვინის სმა, თამადობა, ნათლიობა, მათი დიდი ნაწილი ქრისტიანია. ამდენად, ისინი ქართულ კულტურასა და სამყაროსთან ინტეგრირებულნი არიან.

ვინაიდან გენეტიკას იკვლევთ, ამ კოდისა და გენეტიკური ჯგუფის მეშვეობით ხომ არ დაგიდგენია ქარველების ნათესაური კავშირის ესახებ ბასკებთან და ზოგადად, ხმელთაშუა ზღვის ხალხებთან?

- დღეს არსებულმა მონაცემებმა ეს ვერსია არ დაადასტურა. ანუ, ამ გენეტიკური კოდით ასეთი წარმომავლობითი ახლო ურთიერთობა ბასკებთან არ დასტურდება. რაც შეეხება იბერიულ-კავკასიურ ჯგუფებს - აფხაზებს, ადიღებს, აბაზებს...

ალბათ, ჩეჩნებსაც...

- დიახ, განსაკუთრებით, ჩეჩნებსა და ინგუშებს, ჩვენი წარმომავლობითი ნათესაობა უახლოესია. ყველაზე ახლო ნათესავები არიან ინგუშები, შემდეგ ჩეჩნები, სვანებისთვის კი - ყაბარდოელები.

სხვათა შორის, ინგუშ ბავშვს ქართველი ბავშვისგან ვერც კი ასხვავებდნენ და მათთან ასეთი გამოთქმაც იყო, ქართველივით ვაჟკაცი გაიზარდეო

- გენეტიკურად მართლაც ახლო ხალხები ვართ. მე არ ვიცი, ბავშვები რამდენად ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ ქართველისა და ინგუშის გენეტიკურ კოდს მართლაც ვერ ვასხვავებთ. ხევსურის, ფშაველის, მთიულის კოდს ვერ განასხვავებთ ინგუშისგან.

თქვენ იმედოვნებთ, რომ რუსი მეცნიერები უშუალოდ არ იქნებიან ამ საქმეში ჩართულნი და ისინი, უბრალოდ, რუს ხელისუფალთა დაკვეთას ასრულებენ? თუ რუსი მეცნიერებიც გაგრძელებანი არიან იმ პოლიტიკის, რასაც რუსეთი აწარმოებდა საქართველოსთან მიმართებით საუკუნეთა მანძილზე?!

- გულთამხილავი არ ვარ, მაგრამ ამ ხალხს ვიცნობ. ისინი სამი წლის წინ გავიცანი, პატრიარქი როცა იმყოფებოდა რუსეთში. ისინი პატიოსანი, უბრალო ადამიანები არიან. ძალიან მინდა, დავიჯერო, რომ ეს რუსული პოლიტიკური მანქანის წნეხია, რადგან ვნახე, თუ როგორც ცხოვრობენ ეს ადამიანები. ისიც ვიცი, რას აკეთებდა რუსული მანქანა არა მარტო რუსეთში, არამედ - საქართველოშიც. ძალიან მინდა, რბილად ვთქვა, მაგრამ ქართველმა მეცნიერებმაც იმდენი არასწორი რამ დაწერეს ისევ და ისევ საბჭოთა კომუნისტური იმპერიის ზეწოლით, რომ ამის შემდეგ გამიჩნდა ეს აზრი. მაგრამ ეს ზუსტი მეცნიერებაა და მათ კარგად იციან, რომ არასწორი რამ დაწერეს.