თურქეთის პრეზიდენტი, რომელსაც გლაზგოში, კლიმატის სამიტში მონაწილეობა უნდა მიეღო, G20-ის სამიტიდან მოულოდნელად სამშობლოში დაბრუნდა

თურქეთის პრეზიდენტი, რომელსაც გლაზგოში, კლიმატის სამიტში მონაწილეობა უნდა მიეღო, G20-ის სამიტიდან მოულოდნელად სამშობლოში დაბრუნდა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელსაც გლაზგოში, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით სამიტში მონაწილეობა უნდა მიეღო, G20-ის სამიტიდან მოულოდნელად სამშობლოში დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამშობლოში დაუგეგმავი დაბრუნების მიზეზს არ აზუსტებენ, თუმცა როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება, თურქულმა მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბრიტანულმა მხარემ უსაფრთხოების დეტალებთან დაკავშირებით ანკარას მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.

თურქეთის დელეგაციის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დაბრუნების მიზეზი სამიტზე თურქეთის პრეზიდენტის დაგეგმილ დასწრებასთან დაკავშირებით პროტოკოლურ საკითხებს უკავშირდება.

„პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ჩვენი მოთხოვნები უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ავტომობილების რაოდენობასთან დაკავშირებით და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდა“, - განუცხადა Reuters-ს თურქმა მაღალჩინოსანმა.

შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში, დღეს კლიმატთან დაკავშირებული სამიტი (COP26) იხსნება, რომელშიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.