ერთი თვის წინ ბრიტანელმა მეცნიერებმა სპეციალური გამოკითხვა ჩაატარეს: რა უბედურება ელის და რისი უფრო ეშინია კაცობრიობას?
აღმოჩნდა, რომ ადამიანებს სულაც არ ანაღვლებთ მოსახლეობის ზრდა - გამოკითხულთა 76 პროცენტი მიიჩნევს, რომ დედამიწა დიდია და ყველას ეყოფა.
69 პროცენტს ასევე არ ეშინია დედამიწის შეჯახების რამე ციურ სხეულთან - ასეთ კატაკლიზმებზე საუბარი კვაზიმეცნიერული ბოდვაა, - აცხადებენ ისინი.
არაპოპულარობით მესამე ადგილზე გავიდა გლობალური აციება - 67 პროცენტი მიიჩნევს, რომ ესეც ნაკლებსარწმუნოა.
გამოკითხვით დადგინდა, რომ დედამიწის მოსახლეობას უფრო სასიკვდილო დაავადებების ეშინია - 66 პროცენტმა გამოთქვა ამის შესახებ შეშფოთება და მაგალითად მოიყვანა შავი ჭირის ეპიდემია შუა საუკუნეებში, როდესაც ნახევარი ევროპა ამოწყდა.
ასევე გამოკითხულთა 63 პროცენტს ეშინია ტექნოგენური კატასტროფის - ქარხნების აფეთქების, მდინარეების მოწამვლის, შხამიანი გაზების ამოფრქვევის, ატომური რეაქტორების აფეთქების და სხვა მსგავსი საშინელების.
სტიქიური უბედურება და ბუნებრივი კატაკლიზმები რომ აღგვის პირისგან მიწისა ყველაფერს - 56 პროცენტს მიაჩნია.
ოდნავ ნაკლებს - 55 პროცენტს ჰგონია, რომ დედამიწაზე მალე ამოიწურება ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, გაზი.
45 პროცენტს გლობალური დათბობის ეშინია.
მხოლოდ 29 პროცენტი იჭერს ოქროს შუალედს და აღნიშნავს, რომ კლიმატის გაფუჭება ნელ-ნელა მოხდება, ისე რომ ეს ჩვენზე დიდად არ იმოქმედებს.