მართალია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებში დამარცხების შემდეგ ძალაუფლება დათმო, მაგრამ რიგი ლიდერების მიმართ საზოგადოების ინტერესი დღემდე არ განელებულა. ამ სტატიაში შევეცდებით, ცნობილი ნაციონალების უცნობი მეორე ნახევრები გაგაცნოთ.
ჩიორა თაქთაქიშვილი 1981 წლის 28 თებერვალს ქუთაისში დაიბადა. სანამ "ნაციონალური მოძრაობის მაია ნადირაძე" გახდებოდა და საკუთარი პარტიისთვის სისხლსაც დაღვრიდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ჩიორას სწავლა-განათლების შესახებ თითქმის ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ მისი გასაიდუმლოებული პირადი ცხოვრება ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი რჩება. ქალბატონი ჩიორას ფინანსურ დეკლარაციაში, რომელიც 2012 წლის 27 მაისს შეავსო, ვკითხულობთ, რომ ჰყავს მეუღლე - ილია ნიკოლაიშვილი, დაბადებული 1975 წლის 19 აგვისტოს ქალაქ ბათუმში. ჩიორას მეუღლე "რუსთავი 2"-ის სპორტულ რედაქციაში მთარგმნელად მუშაობს.
წყვილი საერთო ფოტოს გამოქვეყნებას სოციალურ ქსელში ერიდება, თუმცა ჩვენ მაინც მოვიპოვეთ ფოტო, რომელზეც ილია ნიკოლაიშვილი ცნობილ ფეხბურთელ რონალდინიოსთან ერთად არის გადაღებული.
ირმა ნადირაშვილმა მომავალი მეუღლე ჯერ კიდევ ჟურნალისტად მუშაობის დროს გაიცნო. იმ პერიოდში დავით დაღელაშვილი მაშინდელი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის წევრი გახლდათ. ამბობენ, რომ ჟვანიამ არაერთხელ მიუთითა საკუთარ დაცვას, ყურადღება მიექცია ამ ძალიან კარგი გოგონასთვის. მალე წყვილს ერთმანეთი შეუყვარდა და დაქორწინდნენ. მათ საერთო ფოტოებს და ინტერვიუს პრესაში ვერ ნახავთ, თუმცა ჩვენ მიერ მოპოვებულ ფოტოზე ირმას მეუღლე დავით დაღელაშვილი მათ ვაჟთან ერთად არის აღბეჭდილი.
დიმიტრი შაშკინი ვარდების ხელისუფლებას, მოგვიანებით, რევოლუციიდან რამდენიმე წლის შემდეგ შეუერთდა. სამი სამინისტრო გამოიცვალა - სასჯელაღსრულების, განათლების და ბოლოს თავდაცვის. კარიერაც სკანდალურად დაასრულა - არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შემდეგ მოულოდნელად გაქრა, შემდეგ ოჯახთან ერთად ამერიკაში აღმოჩნდა. დიმიტრიმ ერთგვარი მოდაც კი დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში, რადგან ის პირველი იყო, რომელმაც "ფეისბუქის" საშუალებით საჯარო წერილები გამოაქვეყნა. შაშკინის მეუღლე ანა ტყემალაძე-შაშკინა გახლავთ. წყვილს ორი შვილი ჰყავს. ამჯერად ყოფილი მინისტრი საქართველოში იმყოფება, თუმცა ოჯახური ფოტოები შტატებში, ნაციონალების დამარცხების შემდეგ აქვს გადაღებული.
ბაჩო ახალაიას პერსონა სკანდალურად გამოჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიან ისტორიაში და ასევე სკანდალურად დაასრულა კარიერა. მართალია, დღეს ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი მას თანამედროვე ცოტნე დადიანს უწოდებს, მაგრამ ფაქტია, რომ დადიანობამდე ახალაიას ბევრი უკლია და გლდანის ციხეში ყოველდღე პატიმრების შეძახილების მოსმენა უწევს. მისგან საშიში და დაუნდობელი ადამიანის იმიჯის შექმნა, სავარაუდოდ, ძველ მთავრობას თავად აწყობდა, რათა მოსახლეობაში შიში გაეჩინათ. ის ყოველთვის იქ გადაჰყავდათ, სადაც ყველაზე მეტად იყო საჭირო მკაცრი ხელი და ბაჩოც პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. ახალაიას დაცვას მაშინდელი მთავრობა რომ არ ცდილობდა, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ხშირად ლეგენდების შეთხზვას თავად უწყობდნენ ხელს და ერთმანეთში არეული ტყუილ-მართალი, საბოლოოდ, ისევ ნაციონალებმა ცირკად აქციეს და ხალხს აჯერებენ, რომ მინისტრი, რომლის შესახებაც პატიმრები ათას სისასტიკეს ჰყვებიან, მხოლოდ ვაშლის გათლისთვის არის დაკავებული. სკანდალური აღმოჩნდა მისი პირადი ცხოვრებაც. პირველი მეუღლე, ირინა ჰეიბელი, გერმანელი გახლდათ. წყვილს საერთო შვილი, 13 წლის მაქსი ჰყავთ, თუმცა რამდენიმე წელია, რაც ერთმანეთს დაშორდნენ და ირინა ჰეიბელი შვილთან ერთად გერმანიაში დაბრუნდა. მეორე მეუღლის შესახებ დიდი ხანი არაფერი იყო ცნობილი. ბაჩოს
დაკავების შემდეგ კი ანი ნადარეიშვილი საზოგადოებამ გაიცნო. ანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, გარდაცვლილი თამაზ ნადარეიშვილის შვილი გახლავთ. ანი და ბაჩო ორი წელია დაოჯახდნენ და საერთო შვილი ჰყავთ - რამდენიმე თვის კესო. ანი მანამდეც იყო დაქორწინებული და ჰყავს 13 წლის მარიამ კერესელიძე. ანი ნადარეიშვილი საზოგადოებრივ საქმიანობაში ბაჩანას დაკავების შემდეგ ჩაება და რაოდენ გასაკვირიც უნდა გეჩვენოთ, არასამთავრობო ორგანიზაცია დააარსა, რომელიც უკანონოდ დაკავებული პატიმრების უფლებებს იცავს.
დავით კეზერაშვილის მეუღლე სოფიო ჩიქოვანი საზოგადოებამ "რუსთავი 2"-ის პროექტ "ვარსკვლავების აკადემიის" ჩამონგრეული შენობის სკანდალიდან გაიცნო. ამ ტრაგედიის შედეგად პროექტის ერთ-ერთი თანამშრომელი გოგონა დაშავდა, ორი მემონტაჟე - ნიკა გელაშვილი და გიორგი გაბუნია კი დაიღუპნენ. სამშენებლო სამუშაოებს აღნიშნულ ობიექტზე ერთ-ერთი კომპანია აწარმოებდა, რომლის დამფუძნებლებიც სოფიო ჩიქოვანი და გიგა ბოკერიას ცოლისდა - რუსუდან ჩერგოლეიშვილი გახლდნენ. ფაქტია, რომ პასუხისმგებლობის აღება მაშინ ზედა რგოლმა არ ისურვა და პრეზიდენტის მუქარა, რომ მალე ყველაფერს გამოიძიებდნენ და დამნაშავე დაისჯებოდა, მუქარად დარჩა, რადგან მთელ ამ ტრაგედიაში დამნაშავე მხოლოდ "პრარაბი" აღმოჩნდა. სოფიო ჩიქოვანის პერსონამ საზოგადოებას თავი რამდენიმე თვის წინ თავისდაუნებურად ისევ შეახსენა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე, რომლებზეც გიგი უგულავა სტიპტიზბარში მეუღლესა და მის დაქალებთან ერთად "გულაობს", კეზერაშვილი-ჩიქოვანის წყვილიც ფიგურირებს.
ნიკა გილაურის ოჯახური ცხოვრება დღემდე ბურუსით არის მოცული. რამდენიმე წლის წინ ამბობდნენ, რომ გილაური ერთ-ერთ ცნობილ ტელეწამყვან ქალბატონზე იყო შეყვარებული, მაგრამ მომავალ დედამთილს სარძლო არ მოსწონდა და ნიკაც დედას დაემორჩილა. რამდენიმე წლის წინ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის დაოჯახებას დედაქალაქში ჭორების სერია მოჰყვა. მარინა შამუგიას და ნიკა გილაურის ქორწინების რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, გილაური-შამუგიას ქორწინება მშობლებმა გადაწყვიტეს, თუმცა უფრო სარწმუნო მეორე ვერსიაა, რომლის თანახმადაც, მარინა ნიკას ბავშვობის სიყვარული გახლდათ, გოგონა გათხოვდა, მაგრამ ქმარს მალე დაშორდა და ძველ სიყვარულს დაუბრუნდა. მარინა შამუგია ყოფილი მოდელი გახლავთ და ერთ-ერთ წელს სილამაზის კონკურსშიც მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გილაური საჯარო პირი გახლდათ, მისი ოჯახური ცხოვრება და ფოტოები გასაიდუმლოებული რჩებოდა. წყვილს ერთი შვილი ჰყავს, გოგონა.
გია ბარამიძის მეუღლე, ეკა ჯაფარიძე, მხატვარ ნიკუშა შენგელაიას ცოლი იყო და მათ საერთო შვილი, 28 წლის ნატაშა შენგელაია ჰყავთ, რომელიც საქართველოში ბებიასთან, სოფიკო ჭიაურელთან ცხოვრების პერიოდში, პრესას ინტერვიუებით ხშირად ანებივრებდა. ბარამიძე-ჯაფარიძის წყვილს ერთი გოგონა, ანა ჰყავს.