ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობი, ტიმოთი შალამე, თვალსა და ხელს შუა იქცევა ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავად. სულ ახლახან მისი მონაწილეობით ფრენკ ჰერბერტის საკულტო საი-ფაის, დიუნის, ეკრანიზაცია გამოვიდა, რომელმაც უკვე აღაფრთოვანა უამრავი მაყურებელი.
დიუნით ტიმოთიმ უფრო მეტი ფანი შეიძინა, თუმცა, მისი სამსახიობო ოსტატობა, რომელიც არაერთი ჯილდოთი აღინიშნა, ბოლო წლებში სხვა ფილმებშიც ვიხილეთ. ახალგაზრდა კინოვარსკვლავი სულ რაღაც 25 წლისაა, მაგრამ ბევრ ფანს მაინც აინტერესებს, როგორ ცხოვრობდა ტიმოთი მანამდე, სანამ იგი სცენის ყველაზე განათებულ ადგილას აღმოჩნდებოდა.
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა თავის თავზე აიღო Vice-მა და მსახიობის წარსულის საფუძვლიან კვლევას შეუდგა. გამოძიების შედეგმა კი ბევრი გააოცა.
შორეულ 2010 წელს, ტიმოთის თურმე იუთუბერობა დაუწყია. არხზე ModdedController360 მომავალი კინოვარსკვლავი ტვირთავდა მოკლე ვიდეოებს, რომლებშიც Xbox 360-ის სხვადასხვა ფერის კონტროლერებს მთელი მონდომებით განიხილავდა.
იმის მიუხედავად, რომ ვიდეოებს დაკომენტარების ფუნქცია გამორთული აქვთ, ტიმოთის, როგორც ჩანს, დიდად სულაც არ ადარდებს თავისი წარსული. მან ერთხელ ინტერვიუშიც ახსენა, რომ ადრე იუთუბარხი ჰქონდა, რომელიც ხალხმა ახლახან იპოვა.
ტიმოთის არხს ამ დროისთვის 22 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის თითოეულ ვიდეოს კი ასიათასობით ნახვა აქვს. ასე რომ, ფანებს, როგორც ჩანს, არა მხოლოდ მსახიობის განსახიერებული როლები, არამედ 15 წლის ასაკში მისი შექმნილი კონტენტიც ძალიან მოსწონთ.