„ქართული ტელემედიის სამაუწყებლო პოლიტიკა“ - ამ თემაზე მედიააკადემიამ სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარა

„ქართული ტელემედიის სამაუწყებლო პოლიტიკა“ - ამ თემაზე მედიააკადემიამ სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარა

მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიამ და მედიააკადემიამ სტუდენტებისთვის სასწავლო სემინარი - „ქართული ტელემედიის სამაუწყებლო პოლიტიკა“ ჩაატარეს. მედიააკადემიის მოწვევით, სემინარს ჟურნალისტი, სცენარისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერი და დოკუმენტური სტუდია „ეპოქის“ ხელმძღვანელი ქეთევან სადღობელაშვილი გაუძღვა. 

როგორია ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ტელემედია და როგორ უნდა იქცეოდნენ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში ჟურნალისტები, როგორ და რატომ იზრდება დღევანდელ მედიაგარემოში პოლარიზების მასშტაბები, ასევე რა სტანდარტები უნდა დაიცვან და როგორი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი მედია - აღნიშნულ საკითხებზე სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.  სემინარის ფარგლებში, განიხილეს მაგალითები, თუ როგორ იქცა  პარტიული მიკუთვნებულობა მედიისთვის ძალაუფლებისთვის ბრძოლის ეფექტიან იარაღად. შეხვედრას მოდერაციას მედიააკადემიის ხელმძღვანელი შორენა შავერდაშვილი უწევდა. 

“პარტიული მიკუთვნებულობა ტელემედიებს ძალაუფლებისთვის ბრძოლის ეფექტიან იარაღად აქცევს. რაც უფრო იზრდება პოლარიზების  მასშტაბი, მით მეტად ვიწროვდება სამოქალაქო მშვიდობის პერსპექტივის არეალი, რაც ქართული ტელემედიისთვის დიდი გამოწვევაა“,-  განაცხადა სტუდენტებთან შეხვედრისას მედიააკადემიის დირექტორმა შორენა შავერდაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის, როგორც საქართველოში მედიაწიგნიერების პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო უწყების ორგანიზებით, საქართველოში 25-29 ოქტომბერს მედიაწიგნიერების კვირეული ტარდება. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 2021 წლის 25 მარტს 75-ე სესიის ფარგლებში, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანაინიციატორიც საქართველოა. რეზოლუციის თანახმად, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას ჩატარდება.