საქართველოს მთავრობას არჩევანის გაკეთება მოუწევს - ის უნდა შეელიოს ყოფილი ხელისუფლების მიერ, მცხეთაში აგებულ უსახურ შენობებს, ან უნდა შეეგუოს იუნესკოს მიერ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის, სამთავროს მონასტრის და ჯვრის მონასტრის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღებას.
ამ და სხვა რეკომენდაციების მკითხველამდე და მაყურებლამდე სწორი ფორმით მიტანა სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს გვთხოვა „იკომოს საქართველოს“ (ძეგლებისა და ღირშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტის) გენერალურმა მდივანმა ნატო ცინცაბაძემ, რომელიც ამავდროულად, არქიტექტორ-რესტავრატორია; ხელოვნების ისტორიკოსმა ციცინო ჩაჩხუნაშვილმა; არქეოლოგმა გოდერძი ნარიმანაშვილმა და არქიტექტორმა კონსტანტინე ამირეჯიბმა.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, სამთავროს მონასტერი და ჯვრის მონასტერი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში დარჩება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო (კულტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროები), ეკლესია და იუნესკო კოორდინირებულად იმოქმედებენ; თუ გაუქმდება 2012 წლის 17 სექტემბერს გამოცემული საქართველოს მთავრობის განკარგულება N1750 – „ქალაქ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის შესახებ“, რომელსაც ხელს აწერს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი; თუ 16 ივნისამდე იუნესკოში გაიგზავნება მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ზონების ახალი პროექტი; თუ საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები შეაჩერებენ მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლების სიახლოვეს დაწყებულ მშენებლობებს და მოგვიანებით მოახდენენ პოლიციის, მუზეუმის, საქსტატის შენობების და იუსტიციის სახლის დემონტაჟს - ესაა ძეგლთა დაცვის ქართველი სპეციალისტების წინადადებები ხელისუფლებისადმი, რომელიც მათივე განმარტებით, იუნესკოს რეკომენდაციებს ეყრდნობა.
ქართველი სპეციალისტების წინადადებებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სრულად იზიარებას, რის შესახებაც საჯარო განცხადება კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარინე მიზანდარმა გააკეთა, მაგრამ ჯერჯერობით, არც ამ და არც სხვა სამინისტროს ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
აქ არ ისჯება კულტურული მემკვიდრეობის წინაშე ჩადენილი დანაშაული
2009 წლიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, სამთავროს მონასტერი და ჯვრის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ძირითადი ნუსხიდან გადაიტანეს საფრთხეში მყოფი ძეგლების ნუსხაში. თუ 16 ივნისამდე, ანუ კამბოჯაში დაგეგმილ იუნესკოს 37-ე სესიამდე არ შესრულდება ძეგლთა დაცვის ქართველი სპეციალისტების მიერ ზემოთ ჩამოთვლილი, იუნესკოს რეკომენდაციებზე დაფუძნებული წინადადებების გარკვეული ნაწილი, ნატო ცინცაბაძის განმარტებით, „37-ე სესიის გადაწყვეტილებაში შეიძლება გაჩნდეს ჩანაწერი, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან მცხეთის ამოღების შესახებ“.
ძეგლთა დაცვის ქართველი სპეციალისტების განმარტებით, იუნესკოს რეკომენდაციების ნაწილი საქართველოს მთავრობამ შეასრულა, მაგრამ უკანონო მშენებლობების გაგრძელებამ და 2012 წლის 17 სექტემბერს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილის ხელმოწერილმა განკარგულებამ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის, სამთავროს მონასტრისა და ჯვრის მონასტრის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების შანსი გააძლიერა.
ზემოთ მითითებული სპეციალისტების თქმით, მერაბიშვილის ხელმოწერილი განკარგულება კანონსაწინააღმდეგოა, ისევე, როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის გარკვეული ქმედებები, მაგრამ ამ ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხი ჯერ არავის უგია. თუ სხვა შემთხვევებში (იქნება ეს ადამიანის წამება, ძარცვა, ყაჩაღობა) სამართალდამცველები ასე თუ ისე, სწრაფად რეაგირებენ, კულტურული მემკვიდრეობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე რეაგირებას დღემდე არავინ არ, თუ ვერ ახდენს. გამომდინარე აქედან, ჩვენდა სამწუხაროდ, დარწმუნებული ვართ, რომ მერაბიშვილს და მის თანამოსაქმეებს პასუხს არავინ აგებინებს, მაგრამ ახლა მთავარი ეს არ არის, რადგან იუნესკოს 37-ე სესია ახლოვდება და ამ ეტაპზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.
„წელს ივნისში კამბოჯაში 37-ე სესია გაიმართება, სადაც მცხეთის საკითხი კვლავ განიხილება. კულტურის სამინისტრომ იუნესკოს აცნობა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ახალი დამცავი ზონების არსს არ იზიარებს - იცის, რომ ეს ეწინააღმდეგება იუნესკოს რეკომენდაციებს. სამინისტრო ამბობს, ზონებს შეცვლის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ 37-ე სესიამდე სულ ორი თვე რჩება და ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგმული არ არის, მითითებულ არეალებში სამშენებლო სამუშაოების ოფიციალურად შეწყვეტაზე მკაცრი მოთხოვნა არ შესრულებულა“, - ამბობს ნატო ცინცაბაძე.
არქიტექტორ კონსტანტინე ამირეჯიბის განმარტებით, იუნესკოს მოთხოვნა ცალსახა და გასაგებია - სვეტიცხოველსა და არაგვს შორის მშენებლობა უნდა შეჩერდეს.
„იმის მაგივრად, რომ ეს მშენებლობა შეგვეჩერებინა, გარკვეული შენობები დავასრულეთ და იუსტიციის სახლის მშენებლობას ახლაც ვაგრძელებთ. უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ობიექტებთან წუთიერი, დღევანდელი არქიტექტურის ობიექტების გაჩენა არ შეიძლებოდა - პოლიციის, მუზეუმის, საქსტატის შენობები და იუსტიციის სახლი იქ არ უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ ეს ტერიტორია შედის სვეტიცხოვლის ვიზუალური დაცვის ერთკილომეტრიან ზონაში, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონით კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ამგვარ ზონაში მშენებლობა საერთოდ აკრძალულია. მიუხედავად ამისა, წინა ხელისუფლებამ აკრძალულ ზონაში შენობები ააშენა და ეს საქმე იუსტიციის სახლის მშენებლობით ბოლომდე მიჰყავს“.
ამირეჯიბის თქმით, მიმდინარე მშენებლობა უნდა შეჩერდეს, ახალ მშენებლობაზე მორატორიუმი გამოცხადდეს, მცხეთის გენერალურ გეგმაში (რომელიც არქიტექტორის განმარტებით აუცილებლად უნდა გაკეთდეს) პოლიციის, მუზეუმის, საქსტატის შენობებს და იუსტიციის სახლს უნდა დაედოს შეუსაბამოს სტატუსი, რაც გულისხმობს მომავალში მათ არგანვითარებას და პერსპექტივაში დემონტაჟს.
ნაქალაქარებზე დადგმული შენობები
ძეგლთა დაცვის ქართველი სპეციალისტების განმარტებით, გასულ წელს მცხეთის მუნიციპალიტეტმა კანონდარღვევით, გენერალური გეგმის არსებობის გარეშე ტენდერი ჩაატარა და უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ზონის - სამთავროს ველის ნაწილი კერძო მიწათმფლობელებზე გასხვისდა. ახლა მიწის ნაკვეთების მეპატრონეები მშენებლობის ნებართვებს ითხოვენ.
„ეს აკრძალულია, კანონით დაუშვებელია, რადგან ნებისმიერი ტერიტორია მშენებლობის წინ არქეოლოგებმა უნდა შეისწავლონ. თქვენ იკითხეთ ვინ მონაწილეობდა ამ პროცედურაში და მე გპასუხობთ, რომ უპირველესად ესაა მცხეთის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ტენდერების გამოცხადების იურიდიული უფლება აქვს. ეს ამბავი შეთანხმებული იყო ეკონომიკის განვითარების სამინისტროსთან, რაც იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა თავისი განკარგულებით დაამტკიცა. ესაა სერიოზული ხარვეზი, რომლის გამოსწორება ერთადერთი საშუალებითაა შესაძლებელია - 17 სექტემბრის განკარგულება უნდა გაუქმდეს და მცხეთის არქეოლოგიური ზონა ძველ საზღვრებს დაუბრუნდეს“, - ამბობს კონსტანტინე ამირეჯიბი და იქვე მიუთითებს, რომ მცხეთასთან დაკავშირებით სახელმწიფო (კულტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროები და ძეგლთა დაცვის სააგენტო), ეკლესია და იუნესკო თუ კოორდინირებულად, ყოველგვარი კამპანიისა და საკითხის პოლიტიზირების გარეშე იმოქმედებენ, პრობლემა იოლად მოგვარდება.
არქეოლოგმა გოდერძი ნარიმანაშვილმა ჟურნალისტებს გვთხოვა დახმარება იმ „სერიოზული დოკუმენტაციის“ მოძიებაში, რომელიც თან უნდა ხლებოდა მერაბიშვილის მიერ ხელმოწერილ განკარგულებას:
„როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ სერიოზული დოკუმენტაცია ახლდა, რომელიც არ მინახავს. არ ვფიქრობ რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკოსებმა მიიღეს. ალბათ, რაღაც როლი ძეგლთა დაცვასაც აქვს ნათამაშები. იქნებ დაგვეხმაროთ ამ საქმის ჟურნალისტური გამოძიებით“.
გოდერძი ნარიმანაშვილის თქმით, მცხეთის არქეოლოგიურად შესწავლა XIX საუკუნის სამოცდაათიან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება. აღმოჩენები კი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ 1941-ში მცხეთის დიდ ნაწილს დაცვითი ზონის სტატუსი, ხოლო სამოციან წლებში მცხეთას ქალაქ-მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. გოდერძი ნარიმანაშვილის განმარტებით, არქეოლოგიური გათხრები მცხეთის განვითარებას ხელს რომ არ უშლიდა, ცხადია, რადგან ეს პროცესი XIX საუკუნიდან მიმდინარეობს და მცხეთა თავისთავად ვითარდება. მცხეთის ზონირება კი უკანასკნელად 2006 წელს მოხდა, რამდენიმე არქეოლოგიური ზონა გამოიყო, რომელიც საკმაოდ მკაცრი დაცვის ზონას წარმოადგენს, მაგრამ 2009 წელს აკრძალულ ტერიტორიაზე მშენებლობები კანონდარღვევით დაიწყეს, რაც 2012-ის 17 სექტემბერს გამოცემულმა განკარგულებამ „დააგვირგვინა“, რომლის მიხედვით უძვირფასესი არქეოლოგიური ზონა კერძო პირებზე გასხვისდა.
სად იყავით აქამდე?
for.ge-ს კითხვაზე - სად იყავით, აქამდე, ხმას რატომ არ იღებდით? გოდერძი ნარიმანაშვილმა მოგვიგო, რომ უკანონობის პარალელურად, თავის კოლეგებთან ერთად საპროტესტო წერილებს წერდა: პარლამენტს, მიხეილ სააკაშვილს, მთავრობას, კულტურის სამინისტროს, მაგრამ ამაოდ, რადგან უკანონო ქმედებების შეჩერება დღემდე ვერ შეძლეს. არქეოლოგმა ის მედიასაშუალებებიც ჩამოთვალა, ვისითაც საზოგადოებამდე ხმის მიწვდენა სცადეს: ტელეკომპანია „კავკასია“, საზოგადოებრივ-რელიგიური ინტერნეტ-ჟურნალი „ამბიონი“ და ინტერნეტ-ტელევიზია „პალიტრა ტვ“.
„უკანონო მშენებლობების გამოისობით აღარ არსებობს ნაქალაქარი სარკინეს დაახლოებით 90% და წიწამურის ნაქალაქარის 30-დან 40%-მდე. სვეტიცხოვლის წინ ტურისტული ცენტრი დაიდგა არქეოლოგიურ ძეგლზე - III-IV საუკუნის სასახლეზე. 2012 წლის 17 სექტემბრის განკარგულებით უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ძეგლს - სამთავროს ველს 2 ჰექტარი ჩამოაჭრეს და კერძო მიწათმფლობელებზე გაასხვისეს, მიწა მოთხარეს, მოასწორეს და ახლა მშენებლობის დაწყების ნებართვას ელოდებიან“, - გვითხრა გოდერძი ნარიმანაშვილმა.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიის გადაწყვეტილებაში წერია: „გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას იმ მშენებლობებთან დაკავშირებით, რომელსაც აწარმოებს სახელმწიფო ძეგლების მიმდებარე არეალში, მდინარე არაგვის სანაპიროზე, სვეტიცხოვლის ტაძარსა და ჯვრის მონასტერს შორის და მოუწოდებს წევრ ქვეყანას შეწყვიტოს ყოველგვარი მშენებლობა ძეგლის ტერიტორიაზე და მის გარემოში...“
ხელოვნების ისტორიკოსი ციცინო ჩაჩხუნაშვილი სვეტიცხოველსა და ჯვარს შორის არსებული ტერიტორიის არამატერიალური თვალსაზრისით მნიშვნელობას ასე ხსნის:
„ეს არ არის ხილული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც ჩვენი ისტორიის ყველა განსაკუთრებული მომენტი ამ ადგილთან არის დაკავშირებული. ნიკო ბერძენიშვილი იმასაც აღნიშნავდა, ქართველთა ცხოვრება ზუსტად ამ ადგილზე - მტკვრისა და არაგვის შესართავში იწყებაო. წმიდა ნინომ ჯვარი აქ აღმართა. იოანე ზედაზნელმა ასურელ მამებთან ერთად ზუსტად ამ ადგილზე გადაიარა, ჯვარი მოილოცა და ზედაზნის მთაზე ავიდა. ქრისტიანობის მიღების შემდეგ იერუსალიმიდან გადმოტანილი ყველა ძალიან მნიშვნელოვანი ტოპონიმი მცხეთაში ჩნდება, ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების აღმნიშვნელი ტოპონიმებიც აქ არის კონცენტრირებული. კორნელი კეკელიძე იმასაც აღნიშნავდა, მცხეთა მეორე იერუსალიმია და ეს მეორე იერუსალიმი მდებარეობს მტკვრისა და არაგვის შესართავთანო. სვეტიცხოველი, სამთავრო და მთაზე წამომართული მცხეთის ჯვარი ძალიან შეკრული სივრცეა, რის შესახებაც ჩვენ ყველამ ვიცით (ისტორია ძალიან კარგად რომც არ ვიცოდეთ, ჩვენში ეს, თითქოს, გენეტიკურად მოდის), მაგრამ გამიკვირდა ეს უცხოელმა, რომ შენიშნა და მიგვითითა“.
როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობას“ და ალბათ, არა მარტო მათ, მცხეთაში მეორე იერუსალიმის არსებობა ხელს უშლიდა და სწორედ ამიტომ, ვანო მერაბიშვილის მეთაურობით მეორე იერუსალიმის მოწყობა ახალციხის რაბათის ტერიტორიაზე გადაწყვიტეს. ამის შესახებ მერაბიშვილმა განცხადება 5 აპრილს კულტურის სამინისტროში გააკეთა - გუმბათი ოქროსფერი იმიტომ არის, რომ რაბათზე ახალი იერუსალიმის მოწყობას ვგეგმავდით, ჩვენ იქ სინაგოგის გაკეთებაც გვინდოდა, მაგრამ ვერ მოვასწარითო.
ზემოთ არაერთხელ ნახსენებ მონაკვეთში უკანონო მშენებლობებს და კერძო პირებზე გასხვისებულ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ტერიტორიას ციცინო ჩაჩხუნაშვილი ასე აფასებს - „ამ არეალს გულის გულს, რომ ამოაჭრი, როგორც ლანდშაფტს, როგორც უმნიშვნელოვანეს ისტორიულ საკითხს, აი, ამას უდრის. მცხეთა თანდათან კარგავს თავის მხატვრულ-ისტორიულ სახეს, ნამდვილობას, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის განვითარების პოტენციალთან, რადგან სწორი განვითარების შემთხვევაში, მცხეთამ და მისმა შემოგარენმა უდიდესი როლი შეუძლია ითამაშოს“.