კომუნიკაციების კომისია: სიძულვილის ენა და პოლიტიკური მიკერძოება წინასაარჩევნო პერიოდში კვლავ მედიის მთავარ გამოწვევად რჩება

კომუნიკაციების კომისია: სიძულვილის ენა და პოლიტიკური მიკერძოება წინასაარჩევნო პერიოდში კვლავ მედიის მთავარ გამოწვევად რჩება

კომუნიკაციების  კომისია 2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის მეორე ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2021 წლის 02 სექტემბრიდან 02 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. თვისებრივი მედიამონიტორინგი 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელს, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხს”, საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიას”, “რუსთავი 2”-ს, “ტელეიმედს”, “ტელეკომპანია პირველს” და “მთავარ არხს” ჩაუტარდა. მონიტორინგი საუკეთესო დროს, კერძოდ 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდს მოიცავდა, ხოლო საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონიტორინგი მთელი დღის განმავლობაში ხორციელდებოდა. რაოდენობრივი მედიამონიტორინგი 50-მდე სამაუწყებლო არხზე ჩატარდა. 6 საერთო ეროვნული მაუწყებლის თვისებრივი მონიტორინგისას, კომისიის დაკვირვების საგანს შემდეგი საკითხები წარმოადგენდა: ბალანსი, სიზუსტე, რელევანტურობა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვება, ასევე სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია, დისკრიმინაცია და ვიზუალური/აუდიო მანიპულაცია. 

მედია მონიტორინგმა აჩვენა, რომ პლურალისტურ და მრავალფეროვან წინასაარჩევნო მედიაგარემოში მედიის ნაწილი ისევ პოლარიზებულია, ნაწილი კი დეზინფორმაციის გავრცელებით, მანიპულაციით და მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობითაა დაკავებული. აღნიშნულ პერიოდში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ცალკეულ მაუწყებლებში  სიძულვილის ენის გამოყენება რჩება. 

უფრო დეტალურად, 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგები ასეთია:  

„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ახალ ამბებს აშუქებდა მიუკერძოებლად. ადგილი არ ჰქონია მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვებას, ჟურნალისტების მხრიდან პოლიტიკური შეხედულებების ღიად დაფიქსირებას და სიძულვილის ენის გამოყენებას. არხი ნეიტრალურად და დაბალანსებულად აშუქებდა ყველა კვალიფიციური სუბიექტის წინასაარჩევნო აქტივობას, ეთერს უთმობდა არაკვალიფიციურ სუბიექტებს და პირდაპირ ეთერში გადასცემდა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების პრეზენტაციებს, ბრიფინგებს და სხვა წინასაარჩევნო აქტივობებს. არხზე შეიქმნა სპეციალური რუბრიკა, რომლის საშუალებითაც მაყურებელს ინფორმაციას აწვდიდნენ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში არსებული ადგილობრივი პრობლემებისა და  მერობის სხვადასხვა კანდიდატის პროგრამული პრიორიტეტების შესახებ. ახალ ამბებში დრო ეთმობოდათ: „ქართული ოცნება“ – 22.7% (პოზიტიური - 10%, ნეგატიური - 12%), „ნაციონალური მოძრაობა“ – 18.3% (პოზიტიური - 16%, ნეგატიური - 5%), საქართველოს მთავრობა - 16.7% (პოზიტიური - 5%, ნეგატიური - 1%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 5%–ზე ნაკლები. 

„აჭარის ტელევიზიის“ ეთერში წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება მიმდინარეობდა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმებისა და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით, მიუკერძოებლად, არადისკრიმინაციულად და მშვიდ ტონებში. წამყვანები და ჟურნალისტები იცავდნენ ობიექტურ მიდგომას ყველა წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიისა და არჩევნებში მონაწილე კანდიდატის მიმართ. ადგილი არ ჰქონდა პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვას და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენებას. მომზადებული სიუჟეტები იყო დაბალანსებული, მხარეებს შორის დრო თანაბრად იყო განაწილებული და ყველა მონაწილეს ეძლეოდა საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება. წინასაარჩევნო სიუჟეტები ძირითადად ამომრჩევლის ინფორმირებას ემსახურებოდა. ახალ ამბებში დრო ეთმობოდათ: „ქართული ოცნება“ – 26.2% (პოზიტიური - 8%, ნეგატიური - 31%), „ნაციონალური მოძრაობა“ – 19.6% (პოზიტიური - 12%, ნეგატიური - 31%), „გახარია - საქართველოსთვის“ – 14.1% (პოზიტიური - 47%, ნეგატიური - 15%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.

„ტელეიმედის“ ეთერში გამოიკვეთა პოზიტიური დამოკიდებულება მთავრობის და „ქართული ოცნების” მიმართ. ასევე, საანგარიშო პერიოდში ტელეკომპანიის მხრიდან გამოიკვეთა აშკარა ნეგატიური განწყობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, შეინიშნებოდა, როგორც წამყვანების და სიუჟეტის ავტორების ტონში, ისე  მომზადებული სიუჟეტების შინაარსში. პირდაპირი ეთერი ეთმობოდა და აქტიურად შუქდებოდა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, მსგავსი ხარისხითა და სიხშირით სხვა არცერთი წინასაარჩევნო სუბიექტის აქტივობა „ტელეიმედს“ არ გაუშუქებია. ტელეკომპანიის მხრიდან გაიზარდა ნეგატიური დამოკიდებულება გიორგი გახარიასა და პარტია “საქართველოსთვის” მიმართ.  ადგილი ჰქონდა მანიპულაციას. ზოგადად, არხზე გასულ ახალ ამბებში ისევე, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში მოვლენები მიკერძოებულად შუქდებოდა. ახალ ამბებში დრო ეთმობოდათ:  ქართული ოცნება - 46.4% (პოზიტიური - 47%, ნეგატიური - 4%), „ნაციონალური მოძრაობა“ – 18.9% (პოზიტიური - 2%, ნეგატიური - 68%), საქართველოს მთავრობა - 10.4% (პოზიტიური - 37%, ნეგატიური - 1%), ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტი 10%–ზე ნაკლები.

საანგარიშო პერიოდში, „რუსთავი 2“ აუდიტორიას აწვდიდა გადამოწმებულ და ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას. მონიტორინგის მსვლელობისას არ გამოვლენილა დეზინფორმაციის გავრცელებისა და მანიპულაციის შემთხვევები. საინფორმაციო სიუჟეტებით მაყურებელს უმეტესწილად შესაძლებლობა ჰქონდა საკითხის გარშემო განსხვავებულ მოსაზრებებს გაცნობოდა. თუმცა, რიგ შემთხვევაში, რაოდენობრივი ბალანსი დარღვეული იყო მმართველი პარტიის სასარგებლოდ. მმართველი პარტიის წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქებისთვის დათმობილი დრო მნიშვნელოვნად აღემატებოდა ოპოზიციური კანდიდატებისთვის დათმობილ დროს. საანგარიშო პერიოდში, საინფორმაციო გამოშვების ზოგიერთ სიუჟეტში შეინიშნებოდა ტენდენცია, რომ მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენა და მთავრობის აქტივობები ერთ სიუჟეტად შუქდებოდა, რასაც შესაძლოა მაყურებლისთვის გაერთულებინა სამთავრობო აქტივობების  გამიჯვნა „ქართული ოცნების“ საქმიანობისგან. ახალ ამბებში დრო ეთმობოდათ:  ქართული ოცნება - 43.6% (პოზიტიური - 41%, ნეგატიური - 11%), „ნაციონალური მოძრაობა“ – 15.7% (პოზიტიური - 9%, ნეგატიური - 33%), საქართველოს მთავრობა - 15.1% (პოზიტიური - 50%, ნეგატიური - 1%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები. 

„ტელეკომპანია პირველი“ საანგარიშო პერიოდში კვლავ მკვეთრად უარყოფითად განწყობილი იყო „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მიმართ. უმეტეს შემთხვევაში, არხი წარმოდგენილი იყო როგორც მხარე და არა მოვლენების მიუკერძოებლად და ობიექტურად გაშუქების წყარო. წინასარჩევნო პერიოდში მაყურებელს მთავარი საინფორმაციო გამოშვებიდან საარჩევნო სუბიექტების აქტივობის შესახებ ინფორმაცია ფრაგმენტულად მიეწოდებოდა, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა ამომრჩევლის ინფორმირებისა და გააზრებული არჩევანის გაკეთებისთვის. იყო შემთხვევები, როცა ახალი ამბების წამყვანები რეპორტაჟების წარდგენისას მმართველი გუნდის მიმართ ბრალდებებს და სავარაუდო დანაშაულებს რეალურ ფაქტებად წარმოაჩენდნენ, რასაც შესაძლოა მაყურებელი შეცდომაში შეეყვანა. გარდა ამისა, რეპორტაჟების ავტორები მათ მიერ მომზადებული მასალების დასკვნით ნაწილში თავადვე აკეთებდნენ საკუთარ უარყოფით შეფასებებს და პროგნოზებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. წამყვანები ღიად უპირისპირდებოდნენ მთავრობას და მმართველ გუნდს, იყო ირონიული გამონათქვამები. საანგარიშო პერიოდში „ტვ პირველის“ გადაცემები და მთავარი საინფორმაციო გამოშვება მიკერძოებული და დაუბალანსებელი იყო ოპოზიციის სასარგებლოდ. ახალ ამბებში დრო ეთმობოდათ: ქართული ოცნება - 42.4% (პოზიტიური - 1%, ნეგატიური - 62%), „ნაციონალური მოძრაობა“ – 16.3% (პოზიტიური - 2%, ნეგატიური - 13%), საქართველოს მთავრობა - 14.1% (პოზიტიური - 0%, ნეგატიური - 50%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 10%–ზე ნაკლები. 

„მთავარი არხი“ ეთერში სიძულვილის ენის გამოყენება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად დარჩა. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში წამყვანები ღიად უპირისპირდებოდნენ მმართველ ძალას, ისმოდა სიძულვილის ენა და შეურაცხმყოფელი ლექსიკა. „მთავრი არხი“ მკვეთრად ლოიალური და მიკერძოებული იყო ოპოზიციის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი კანდიდატების მიმართ. არხზე გასული სიუჟეტები დაუბალანსებელი იყო. საანგარიშო პერიოდში მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტები და წამყვანები ღიად აფიქსირებდნენ სიმპათიებს ოპოზიციის მიმართ და მაყურებელს მოუწოდებდნენ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა მიეცათ ყველა პარტიისთვის „ქართული ოცნების“ გარდა. არხზე ხშირად გადიოდა ცალმხრივი და დაუბალანსებელი სიუჟეტები, ასევე ისმოდა დაუსაბუთებელი ბრალდებები ძირითადად მთავრობის და „ქართული ოცნების“ მიმართ. მთლიანობაში არხზე გაშუქება იყო მიკერძოებული, დაუბალანსებელი და შეურაცხმყოფელი ლექსიკით გაჯერებული.

ახალ ამბებში დრო ეთმობოდათ: „ქართული ოცნება“ – 33.6% (პოზიტიური - 1%, ნეგატიური - 71%), „ნაციონალური მოძრაობა“ – 26.4% (პოზიტიური - 11%, ნეგატიური - 2%), საქართველოს მთავრობა - 8.6% (პოზიტიური - 0%, ნეგატიური - 76%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 5%–ზე ნაკლები.

კომუნიკაციების კომისიის მედიამონიტორები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ევროპის საბჭოს მედიაექსპერტმა, ორგანიზაცია „მემო 98“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რასტო კუზელმა გადაამზადა.

2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის მეორე ანგარიში სრულად იხილეთ აქ.