შალვა პაპუაშვილი გუშინდელ შეკრებაზე: საზოგადოებამ აჩვენა, რომ დგას იგივე ფასეულობებზე - სიმართლის, ღირსებისა და პროგრესის მხარეს

შალვა პაპუაშვილი გუშინდელ შეკრებაზე: საზოგადოებამ აჩვენა, რომ დგას იგივე ფასეულობებზე - სიმართლის, ღირსებისა და პროგრესის მხარეს

შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეკრება შეაფასა და აღნიშნა, რომ გუშინდელი დღე ძალიან ემოციური იყო. „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა განაცხადა, რომ საზოგადოებამ აჩვენა, რომ დგას იგივე ფასეულობებზე - სიმართლის, ღირსებისა და პროგრესის მხარეს.

„გუშინდელმა დღემ ის ემოცია გააღვიძა, რომელიც 2012 წლის აქციაში მონაწილე ადამიანს ჰქონდა. ამ აქციის მიზანი იყო ერთი მხრივ ის, რომ ჩვენ ჩვენი ამომრჩეველი შეგვეგულიანებინა, რომ 30 ოქტომბერს ყველა მივიდეს არჩევნებზე და მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ამავე დროს ვხედავდით, რომ იქით მოდიოდნენ და მხარს გვიჭერდნენ, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მხნედ.

ვფიქრობ, რომ გუშინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თითქოს ხიდი იყო 2012 წლის აქციასთანაც, ვიზუალითაც წააგავდა. საინტერესოა ის არის, რომ ისევე როგორც 2012 წელს, ახლაც, საზოგადოებამ აჩვენა, რომ დგას იგივე ფასეულობებზე - სიმართლის, ღირსებისა და პროგრესის წინსვლის მხარეს. ჩვენმა ოპონენტებმაც გვაჩვენა, რომ ისინიც იგივე ღირებულებებზე და ფასეულობებზე დგანან, როგორც მაშინ, გუშინდელი მათი რეაქცია იყო აბსოლუტურად ამაზრზენი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.