ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში უხერხულობას ქმნიდა, სააკაშვილის ფაქტორი იყო და მადლობა ღმერთს, დღეს დაისვენა როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ

ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში უხერხულობას ქმნიდა, სააკაშვილის ფაქტორი იყო და მადლობა ღმერთს, დღეს დაისვენა როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ

ერთადერთი, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში უხერხულობას ქმნიდა, სააკაშვილის ფაქტორი იყო და მადლობა ღმერთს, დღეს დაისვენა როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 30 ოქტომბრის შემდეგ ყველანაირი უხერხულობა გაქრება.

„პატარა კუდები რჩება იმ ადამიანების გამო, რომლებიც ცდილობენ აქედან შოუ მოაწყონ, მაგრამ გარწმუნებთ, 30 ოქტომბრის შემდეგ სააკაშვილის თემა დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრება. აქედან გამომდინარე, გაქრება ყველანაირი უხერხულობა, რაც დღემდე არსებობდა საქართველოსა და უკრაინას შორის. რაც შეეხება კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების შემოშვებას საქართველოში, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი და იგივე რამ შეიძლება მოხდეს უკრაინაშიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გერმანიის მოქალაქეების მიმართ და ა.შ. ერთი არის მთავარი, რომ შოუს დადგმის შესაძლებლობას არავის მივცემთ. რაც შეეხება იმას, რატომ არ შემოუშვა კონკრეტულმა უწყებამ საქართველოში კონკრეტული პირი, განმარტებას ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.