ოფიციალური პეკინი: ტაივანს გაეროში გაწევრიანების უფლება არ აქვს

ოფიციალური პეკინი: ტაივანს გაეროში გაწევრიანების უფლება არ აქვს

ტაივანს გაეროში გაწევრიანების უფლება არ აქვს, - განაცხადა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ტაივანის საქმეთა სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მა სიაოგუანმა.

„გაერო საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც სუვერენული სახელმწიფოებისგან შედგება. ტაივანი ჩინეთის ნაწილია“, - აღნიშნა მა სიაოგუანმა.

26 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ტაივანის გაეროს სისტემაში მონაწილეობას.

„ტაივანი დემოკრატიული წარმატების ისტორია გახდა. ტაივანის მოდელი მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და კანონის უზენაესობას - ღირებულებებს, რომელიც გაეროს ღირებულებებს შეესაბამება. ტაივანი მნიშვნელოვანია გლობალური მაღალტექნოლოგიური ეკონომიკისთვის და მოგზაურობის, კულტურისა და განათლების ჰაბია. ჩვენ გაეროს იმ მრავალ წევრ ქვეყანას შორის ვართ, რომლებიც ტაივანს განიხილავენ, როგორც ღირებულ პარტნიორსა და სანდო მეგობარს“, - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

1971 წელს, გაერომ ჩინეთის ერთადერთ წარმომადგენლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აღიარა და ტაივანი ორგანიზაციიდან გარიცხა.