ოზი და შერონ ოსბორნებზე ფილმს გადაიღებენ

ოზი და შერონ ოსბორნებზე ფილმს გადაიღებენ

როკის ლეგენდის, ოზი ოსბორნისა და მისი ცოლის, მუსიკალური მენეჯერი შერონ ოსბორნის ცხოვრებაზე ფილმს გადაიღებენ.

ჯერ ისევ დაუსათაურებელ პროექტზე, რომელიც ბიოგრაფიული დრამა იქნება, Polygram Entertainment იმუშავებს, სცენარს კი ოსკარის ნომინანტი ლი ჰოლი დაწერს. ნაწარმოების სიუჟეტი, ძირითადად, ოზისა და შერონის ხანგრძლივ ურთიერთობას დაეფუძნება.

ოჯახისადმი საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2002 წელს MTV-მ სატელევიზიო რეალითი შოუ ოსბორნები დაიწყო.

"ჩვენი ურთიერთობა დროდადრო ბობოქარი, არანორმალური და საშიშიც კი ხდებოდა, თუმცა, ერთმანეთთან ჩვენმა უკვდავმა სიყვარულმა გაგვაჩერა", — ამბობს შერონი, — "მოხარულები ვართ, რომ Sony Pictures-თან და Polygram-თან თანამშრომლობით, ჩვენი ისტორიის ეკრანზე გაცოცხლებას შევძლებთ".

წყვილის შვილები, ჯეკ ოსბორნი და ეიმი ოსბორნი, თავიანთი საპროდიუსერო კომპანია Osbourne Media-თი ასევე ჩართულები იქნებიან პროექტზე მუშაობის პროცესში. კომპანიამ ოზი ოსბორნზე უკვე შექმნა ორი დოკუმენტური ფილმი: ღმერთმა დალოცოს ოზი ოსბორნი (2011) და ბიოგრაფია: ოზი ოსბორნის ცხრა სიცოცხლე (2020).

ცხადია, ფილმში განსაკუთრებული როლი ექნება მუსიკასაც. კინოსურათისათვის სიმღერებს ოზის ბენდი Black Sabbath-ისა და მომღერლის სოლო რეპერტუარიდან შეარჩევენ.

აღსანიშნავია, რომ ლი ჰოლს ეკუთვნის ელტონ ჯონზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის, Rocketman-ისა და ბილი ელიოტის სცენარებიც. სწორედ ამ უკანასკნელისთვის წარადგინეს იგი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე.