ექსპერტი ამირან სალუქვაზე სოციელურ ქსელში წერს:
"პოლიციიდან რამდენიმე თანამშრომლის წასვლას უნდა გამოვეხმაურო. თეზისებად.
1. როცა ფორმიანი პირი პოლიტიკური დემარშით ტოვებ სამსახურს, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, ესაა საბოტაჟი და ჯაჭვური რეაქციის გამოწვევის მცდელობა.
2. როცა ბრიფინგს აწყობ წინა ხელისუფლების დროინდელ სამხარეოს უფროსთან, უკვე წამგებიან პოზიციაში იყენებ თავს და ნებისმიერ განცხადებას პოლიტიკური მხარის ელფერი ეძლევა.
3. ასაკით ყველა შუა ხნისაა. ზოგიერთმა კარგი კარიერა გაიკეთა წინა ხელისუფლების დროს. ახლა რომ უკანონო ბრძანების შესრულებაზე საუბრობთ, ნუთუ მაშინ არ გაგიგიათ რა ხდებოდა თქვენს სტრუქტურებში?
4. თუ მაშინ არ იყავით ამ ძალადობებში ჩართულები, ახლა ხდებით ყველაფრის თანამონაწილე, როცა წინა ხელისუფლების და თქვენი ყოფილი უფროსების გვერდით დგახართ. ოდნავ მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდებოდით, უბრალოდ სახლში რომ წასულიყავით.
5. ისიც ხომ ფაქტია, რომ წინა ხელისუფლების დროს გაკეთრბული კარიერის გამო, ამ ხელისუფლებას არავის გაუძევებიხართ?!
6. აბა გაძევება და სამსახურიდან დასტა-დასტად გაშვება იმათ დროს გენახათ, ვისთან ერთადაც დღეს ბრიფინგი მოაწყვეთ. მხოლოდ თავდაცვის სამინისტროდან, ომის წინ, 2004-2008 წლებში 8 ათასზე მეტი ოფიცერი დაითხოვეს, რაც იმ დაძაბულ, ფაქტიურად წინასაომარ ვითარებაში, პირდაპირი დივერსია იყო.
7. ისიც ფაქტია, რომ ვისთანაც დღეს დადექით, იმათ დროს რომ მსგავსი პოლიტიკური დემარში მოგეწყოთ, საპყრობილეში ამოყოფდით თავს. იქ რა ბრალდებებს წაგიყენებდნენ და რა მოპყრობა გექნებოდათ, ახსნას არ საჭიროებს.
8. არ ჯდება ეს ყველაფერი პოლიციელის, ოფიცირის ქცევის კოდექსში. ამავე დროს შეურაცხმყოფელია თქვენი ყოფილი თანამშრომლების მიმართ. იმედია გაითვალისწინებთ შემდგომი ნაბიჯების გადადგმისას.
9. ცნობისთვის. შსს-ში 40 ათასზე მეტი თანამშრომელია. ყოველ დღე ვიღაც იწყებს სამსახურს, ვიღაც კი ტოვებს. იგივეა სხვა უწყებებში. მთავარია, უკანონოდ არავის დაუთხოვია და უკანონოდ არავინ მოქცევიათ, განსხვავებული მოსაზრებების გამო, რაც წარსულს უნდა ჩავაბაროთ.
10. ცალკე თემაა ნაციონალური მოძრაობა და მისი მოკავშირეები, რომლებმაც კიდევ ერთი ფაქტით დაადასტურეს, რომ მათთვის პოლიტიკური ინტერესები სახელმწიფოებრივზე მაღლა დგას, მუდმივად ცდილობენ სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევას, ეკლესია იქნება, ძალოვანი უწყებები, თუ სხვა სტრუქტურები".