27 ოქტომბერს გასამართი აქციის მთავარი სლოგანი იქნება „გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ქართული საზოგადოების თანადგომით, ოცივე მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები გაიმარჯვებენ.
„არანაირ კონტრაქციას აქ ადგილი არ აქვს. ეს არის აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საზოგადოების არჩევანი არის სიკეთე, მომავალი, მათ შორის ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და რომ ამ ქვეყანაში ვერასდროს გაიმარჯვებს ბოროტება, რევანში, წარსული, ტყუილი - შეუძლებელია ტყუილმა სიმართლეზე გაიმარჯვოს. სიმართლის, მომავლის, ხვალინდელი დღისა და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამარჯვება იქნება მთავარი მიზანი, რომ დაფიქსირდეს კიდევ ერთხელ თავისუფლების მოედანზე“, - განაცხადა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე პარტიის მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება გაიმართება.
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.