რატი ბრეგაძე: თუკი საჭირო გახდება პატიმარ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში

რატი ბრეგაძე: თუკი საჭირო გახდება პატიმარ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაში საუბარია სამოქალაქო კლინიკაზე, თუ საჭირო გახდება პატიმარ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს ავტომატურად სამოქალაქო კლინიკას.

„რაც შეეხება ექიმთა კონსილიუმს, რომელშიც წარმოდგენილი არიან საზოგადოებისთვის ძალიან ავტორიტეტული ექიმები, შეიკრიბნენ ორჯერ და არსებობს ორი დასკვნა. პირველად, როდესაც რეკომენდაციები გასცეს, ეს იყო თუ არ ვცდები 13 ოქტომბერს, ისინი შესრულებულია, ეს ეხება გარკვეულ მედიკამენტოზურ მკურნალობას. ბუნებრივია, ამ დეტალებზე არ ვიმსჯელებთ. ბოლო დასკვნა, რომელიც დადო კონსილიუმმა, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის. საუბარია, რომ თუ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია, ამ შეთხვევაში, უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, ხაზგასმით ვამბობ, რაზეც გვადანაშაულებენ ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და მათ შორის ზოგიერთი ოპონენტი, არ ყოფილა“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ამასთან, რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, შეესაბამება თუ არა კონკრეტულად იმ განსაზღვრულ სტანდარტებს დაწესებულება, რაც დადგენილია მულტიფუნქციური კლინიკისთვის, რატი ბრეგაძემ აღნიშნა:

„გუშინ ვიმყოფებოდით პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულება მზად არის პაციენტის მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუკი გახდება საჭირო პატიმარ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, ის გადაყვანილი იქნება ამ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილ კონსილიუმში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მისი პირადი ინიციატივით მოიწვია.

„ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ნინო ლომჯარიასთან. ნინო ლომჯარია პირადად ჩემი ინიციატივით იქნა მოწვეული ამ სამუშაო ჯგუფში. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ჯგუფის ყველა წევრს, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული პატიმარ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებში. აქ ასევე ჩართულია ნინო ლომჯარია. რაც შეეხება მის დასკვნას, მანდ ერთი სხვა ფაქტობრივი შეცდომაც იყო. ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ამასთან, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებაზე, ციხეში ე.წ. იმიტირებული ბუნტის შესახებ შეკითხვასაც უპასუხა.

„რაც შეეხება გვარამიას განცხადებას, მან თავად უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ დაინტერესებულია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებაში და მათ შორის პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვასა და მისი ჯანმრთელობის სტაბილურ მდგომარეობაში, უნდა გასცეს გენინსპექციის წარმომადგენლებს კითხვებზე პასუხი და მიაწოდოს ინფორმაცია“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.