„ველოდები ე.წ „გავლენიანი“ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს დავით კირკიტაძის ამ ქმედებაზე“, - ამის შესახებ პარლამენტარი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს და რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომლის თანახმად დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
რატი იონათამიშვილი დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს:
„ნაცი, იგივე მიშისტი - ადამიანი, რომელსაც სხვა „სიკეთეებთან“ ერთად, ერთდროულად შეუძლია იყოს სასტიკი მოძალადე და შეშინებული ჩმორი. ველოდები ე.წ „გავლენიანი“ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს დავით კირკიტაძის ამ ქმედებაზე და „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“ და „ფორმულას რეაქციებს!“ - წერს რატი იონათამიშვილი.
ინფორმაციისთვის, 24 ოქტომბერს რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის დავით კირკიტაძის შტაბთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
კირკიტაძის თქმით, საჯარო მოხელეებმა პროვოკაცია და ოფისზე თავდასხმა სცადეს, აგრესიულად განწყობილები მივიდნენ და ოფისში მყოფ საარჩევნო შტაბის წევრებს აგინებდნენ და ლანძღავდნენ.
აღნიშნულ ფაქტს რუსთავში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებითა და დესტრუქციით ცდილობს, რუსთავში დაძაბულობა შექმნას.
„ეს განსაკუთრებით „კარგად“ გამოსდიოდა წარსულში და როგორც ჩანს, ახლაც გამოსდის დავით კირკიტაძეს. ამ ქალაქში გვინდა, რომ მშვიდობიანად ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია და ამისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს. მათი მხრიდან პირველი ტურის პერიოდშიც და ახლაც არის დესტრუქცია და პროვოკაცია იმის თაობაზე, რომ რუსთავში ხელოვნურად შექმნან დაძაბული სიტუაცია. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არავის აწყობს. დავით კირკიტაძემ უკვე იცის, რომ რუსთავს გარდაუვალად წააგებს, ნერვებმაც უმტყუნა და გადავიდნენ სწორედ ასეთ მეთოდებზე, რომ პროვოკაციით შექმნან ამ ტიპის დაძაბული სიტუაცია რუსთაველებში. რუსთაველებს აპირისპირებს ერთმანეთს“, - განაცხადა ლაცაბიძემ.