ნინო ლაცაბიძე: დავით კირკიტაძემ იცის, რომ რუსთავს გარდაუვლად წააგებს, ნერვებმა უმტყუნა და გადავიდნენ მეთოდებზე, პროვოკაციით შექმნან დაძაბული სიტუაცია

ნინო ლაცაბიძე: დავით კირკიტაძემ იცის, რომ რუსთავს გარდაუვლად წააგებს, ნერვებმა უმტყუნა და გადავიდნენ მეთოდებზე, პროვოკაციით შექმნან დაძაბული სიტუაცია

ზოგადად, ძალადობა, ადამიანის დამცირება, ფიზიკური შეურაცხყოფა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის განცხადება, რომ რუსთავში მათ ოფისში შეჭრის მცდელობა იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ლაცაბიძემ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებითა და დესტრუქციით ცდილობს, რუსთავში დაძაბულობა შექმნას.

„ეს განსაკუთრებით „კარგად“ გამოსდიოდა წარსულში და როგორც ჩანს, ახლაც გამოსდის დავით კირკიტაძეს. ამ ქალაქში გვინდა, რომ მშვიდობიანად ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია და ამისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს. მათი მხრიდან პირველი ტურის პერიოდშიც და ახლაც არის დესტრუქცია და პროვოკაცია იმის თაობაზე, რომ რუსთავში ხელოვნურად შექმნან დაძაბული სიტუაცია. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არავის აწყობს. დავით კირკიტაძემ უკვე იცის, რომ რუსთავს გარდაუვლად წააგებს, ნერვებმაც უმტყუნა და გადავიდნენ სწორედ ასეთ მეთოდებზე, რომ პროვოკაციით შექმნან ამ ტიპის დაძაბული სიტუაცია რუსთაველებში. რუსთაველებს აპირისპირებს ერთმანეთს“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

ამასთან, ნინო ლაცაბიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავიშირებით კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს გავლენას ვერ მოახდენს.

„სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, მიხეილ სააკაშვილი ზის იქ, სადაც უნდა იჯდეს. ეს ასე იქნება, თუ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. აქციები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ამაზე. ვითომ რეფერენდუმს ატარებდნენ და ნახეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მასშტაბით 47% აიღო, მეორე ტურზეც ვანახებთ, რომ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გამარჯვებას. არავინ დავთმობთ ჩვენს ქალაქებს იმისთვის, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის, დავით კირკიტაძის, მერაბიშვილის და მისნაირების საბოგინო და საჯიჯგნი არ გავხადოთ ქალაქი“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეჭრისა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელშეშლის მცდელობა იყო. კირკიტაძის ინფორმაციით, თავდამსხმელები სამართალდამცავი უწყების აგენტები არიან.