ირაკლი რუხაძე: დიდი პრობლემა, რომელსაც ეს ქვეყანა ვერ გაექცა, არის ის, რომ ჩვენ გვყავს „ნაციონალური მოძრაობა“ - მათი ხელისუფლებაში დაბრუნება ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება

ირაკლი რუხაძე: დიდი პრობლემა, რომელსაც ეს ქვეყანა ვერ გაექცა, არის ის, რომ ჩვენ გვყავს „ნაციონალური მოძრაობა“ - მათი ხელისუფლებაში დაბრუნება ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება

ირაკლი რუხაძე მიიჩნევს, რომ დიდი პრობლემა, რომელსაც ეს ქვეყანა ვერ გაექცა, არის ის, რომ ჩვენ გვყავს „ნაციონალური მოძრაობა“. ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს კატასტროფა ჩაიდინა, ბოლო 9 წელია, არიან როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია და ცდილობენ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რაც ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება. ყველაზე დიდი ამოცანა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, ეს არის ის, რომ არ დავუშვათ დესტრუქციული და კრიმინალური ძალის უკან დაბრუნება“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ყველა მიმართულება იყო ან ძალიან ცუდი ან საშინელი.

„დავიწყოთ ადამიანების უფლებების აბსოლუტური უგულებელყოფით. 300 ათასი დაჭერილი (ეს რაც ვიცით), პირველ ადგილზე, თან დიდი ფორით, ყველა სხვა ქვეყანასთან, ბელორუსიისა და რუსეთის ჩათვლით 100 ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით, 1%-იანი გამამართლებელი განაჩენები, თან ეს ყველაფერიო ხდებოდა ძალიან უსამართლოდ. თუ დაიჭერდნენ ვიღაცის ბავშვს, ვისაც ფული ჰქონდა, ფულს გადაახდევინებდნენ და მის შვილს გამოუშვებდნენ. სხვის შვილებს ციხეში ამყოფებდნენ წარმოუდგენლად გაუსაძლის პირობებში, რომ შიში, რა ცუდია ციხე, დამკვიდრებულიყო და მერე მდიდარ ადამიანს ან მის შვილს რომ დაიჭერდნენ, სწრაფად გადაეხადათ ფული. ამას მოჰყვა ორი ომი. ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობთ 2008 წლის ომზე და გვავიწყდება 2004 წლის ომი, რომელიც ასევე კატასტროფული იყო, როცა სამაჩაბლოში მოხდა შეჭრა. 2008 წელის ომზე ვიკამათოთ ვისი ბრალი იყო, მაგრამ 2004 წელზე ხომ საკამათო არაფერი გვაქვს, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებული უზარმაზარი ავანტიურა.

ეკონომიკა, რომელიც ქვეყნის განვითარების ხერხემალია, იყო აბსოლუტური სიმახინჯე, რადგან იყო ერთი კაცის ხუშტურზე. მთავარი ეკონომიკური მოთამაშეები იყვნენ ზურაბ ადეიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი, ანუ ძალოვანი მინისტრები. რა უნდოდა ზურაბ ადეიშვილს ეკონომიკაში?! მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი შეეშინებინათ. კარგი მაგალითია ღვინოში რა მოხდა - როცა ირაკლი ოქრუაშვილი გამოვიდა და თქვა რუსეთში რაც უნდა გავგზავნოთ, მაინც დალევენო და რუსეთმა ჩაკეტა ჩვენი ბაზარი და ვინ დანიშნეს მერე ღვინისა და ყურძნის ასაღორძინებლად, იგივე ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც მიადგა ამ ღვინის ქარხნებს და აიძულა - ყველასგან იყიდეთ ყურძენიო“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.