ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ტაივანს დაიცავს

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ტაივანს დაიცავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ტაივანს დაიცავს.

„ჩვენ ამის გაკეთების ვალდებულება გვაქვს. ჩინეთთან „ცივი ომი“ არ მსურს. მინდა, ჩინეთმა გაიგოს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას და არ შევცვლით ჩვენს შეხედულებებს“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

თავის მხრივ, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდაცვის სფეროში აშშ-ის ტაივანთან ურთიერთობა ტაივანთან ურთიერთობების აქტით რეგულირდება.

„ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებას აღნიშნული აქტის მიხედვით, გავაგრძელებთ ტაივანის თავდაცვის მხარდაჭერას და წინააღმდეგობას გავუწევთ სტატუს-კვოს ცალმხრივად შეცვლის მცდელობებს“, - აღნიშნეს თეთრ სახლში.

11 ოქტომბერს, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ტაივანის საქმეთა სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მა სიაოგუანმა განაცხადა, რომ ტაივანის მმართველი პარტიის დამოუკიდებლობისკენ მისწრაფება რეგიონში დაძაბულობისა და არასტაბილურობის წყაროა.

ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინ-ვენმა განაცხადა, რომ ტაივანი თავდაცვის გაძლიერებას განაგრძობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვერავინ აიძულოს მიიღოს გზა, რომელიც ჩინეთმა დაადგინა და რომელიც თავისუფლებასა და დემოკრატიას არ მოიცავს.

ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ტაივანი კი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პეკინს მოუწოდა, ტაივანზე სამხედრო, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა შეწყვიტოს.

4 ოქტომბერს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰუა ჩუნინმა განაცხადა, რომ ტაივანი ჩინეთს ეკუთვნის და აშშ-მა უპასუხისმგებლო განცხადებები არ უნდა გააკეთოს.