ბრალდებული ქარდავა აუდიოჩანაწერების გავრცელებით იმუქრება

ბრალდებული ქარდავა აუდიოჩანაწერების გავრცელებით იმუქრება

სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედების ორგანიზებაში ბრალდებული, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა youtube-ზე სკანდალური ვიდეოჩანაწერების ატვირთვით იმუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, ძებნაში მყოფმა ქარდავამ ძალოვან სტრუქტურას შემოუთვალა, თუ ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას არ გაათავისუფლებენ, ის კომპრომატების შემცვლელ ფარულ ვიდეოჩანაწერებს გაავრცელებს. აღსანიშნავიამ რომ ძმებ ქარდავებს ახლო ურთიერთობა აქვთ ძმებ ახალაიებთან.

როგორც ამბობენ ჩანაწერები იმდენად სკანდალურია, ხელისუფლების წარმომადგენლები ქარდავას დაპირდნენ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ახალაიას გაათავისუფლებენ. „ამბები.გე“-ს ინფორმაციით, ბრალდებული ქარდავა ითხოვს, რომ ეს დაპირება ხელისუფლებამ მაისში შეასრულოს. ასევე ქარდავა მოითხოვს, რომ ყოფილი ხელისფლების წარმომადგენლების დაკავება შეწყდეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი ბრალდებულ ქარდავასთან გარიგებას კატეგორიულად უარყოფენ.

ბრალდებულ ქარდავას ინტერესების დამცველი მალხაზ ველიჯანაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის უცნობია რა სახის აუდიოჩანაწერები გააჩნია ქარდავას. თუმცა აქვე ამბობს, რომ სავსებით რეალურია ბრალდებული ახალაია სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლოს. როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ახალი საფუძველი გაჩნდება, რომელიმე მოწმე თუ შეცვლის ჩვენებას და პროკურატურის ზეწოლაზე ისაუბრებს, ან არ დაადასტურებს ფაქტებს, ეს ფაქტიურად ახალ გარემოებად ჩაითვლება, რომ მიმართონ სასამართლოს.

„სავსებით რეალური იქნება, რომ სასამართლომ შეუცვალოს აღმკვეთი ღონისძიება ახალაიას და იგი გამოუშვან გირაოთი. მოწმეები სასამართლოზე ვერ ადასტურებენ იმ ჩვენებას, რაც მათ გამოძიებას მისცეს,“ - ამბობს მალხაზ ველიჯანაშვილი.

თავისთავად საინტერესოა რაში ჭირდება ქარდავას შანტაჟი, თუ დაცვის მხარე თვლის, რომ სისხლის სამართლის საქმეები მტკიცებულებებით არაა გამყარებული. გარდა ამისა, ჩნდება კითხვა - რატომ თქვა თავად ახალაიამ უარი, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მეგის ქარდავას და ბაჩანა ახალაიას საქმე მტკიცებულებებით არის გამყარებული. ახალაიას ბრალი სსკ 143-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) 333-ე მუხლის მე-3 პუნქტით (სამსახურეობრივი უფლებაოსილების გადამეტება) სსკ 144-ე (წამება) პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „გ“ „დ“ ქვეპუნქტებით აქვს წარდგენილი. გარდა ამისა, ახალაის ბრალი ედება ციხის ბუნტის ორგანიზებაში.

რაც შეეხება ქარდავას, ის წამების ორგანიზება და სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედების ორგანიზებაშია ბრალდებილი. ქარდავას დაუსწრებლად შეფარდებული აქვს წინასწარი პატრიმრობა. ის ამ დრომდე ძებნაშია. ქარდავასთან ერთად იძებნებიან ბაჩანა ახალაიას ძმა, დათა ახალაია და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე.

ერთ-ერთი ვერსიით ძებნაში მყოფი ბრალდებულები თავს ანკარას აფარებენ. გარდა ამისა, ბრალდებულია მისი ძმა, ლევან ქარდავაც, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელონდა. მას ბრალად წინასაარჩევნო პერიოდში, ფარული ვიდეოჩანაწერების ორგანიზება ედებოდა, თავად ლევან ქარდავა სასამართლომ პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლა.

ის ფაქტი, რომ შსს-ს მაღალჩინოსნები სკანდალური კადრების შეგროვებით იყვნენ დაკავებული, ამის შესახებ განცხადება შს მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნები აგროვებდნენ აუდიოჩანაწერებს პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების შესახებ, ეს ჩანაწერები კი შსს-ს სპეციალურ დეპარტამენტში ინახებოდა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა კადრები საკმაოდ მძიმე სანახავი იყო და პირობა დადო, რომ ფირები განადგურდებოდა.

მოგვიანებით საქართველოს პროკურატურამ სკანდალური ვიდეოჩანაწერი გაავრცელა. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელ ცნობილ მამაკაცებთან სექსუალურ ურთიერთობას ამყარებდნენ კონსპირაციულ ბინაში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას მიერ გადაბირებული პირები. გამოძიებით დადგენილია, რომ მეგის ქარდავას დავალებით და ორგანიზებით, ამავე დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები აგროვებდნენ ინფორმაციას სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე და ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგ აშანტაჯებდნენ მათ და სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობას აიძულებდნენ.

ეს არის ის მცირე კადრები, რომლის გატანა ქარდავამ ვერ შეძლო. ჩვენი ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის ყოფილმა შეფმა საკმაოდ დიდი რაოდენობის აუდიოჩანაწერები გაიტანა ქვეყნიდან. არსებობს ინფორმაცია, რომ ჩანაწერების ნაწილი საქართველოში ინახება. როგორც ცნობილია, ქარდავას დავალებით რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა, მათი სამიზნე მაშინდელი ოპოზიციის ლიდერები და ოჯახის წევრები იყვნენ.

უმრავლესობის წევრი შალვა შავგულიძე უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ხელისუფლების რომელიმე წევრზე შესაძლოა არსებობდეს რაიმე სახის ჩანაწერები.

„თუ მას აქვს ჩანაწერი, რომელიც ხელისფლების რომელიმე წევრის დანაშაულ ქმედებაზე მიუთითებს და ამას არ აქვეყნებს, ეს დანაშაულის დაფარვაა. საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე, ეს მისი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევა. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არავინ არ აპირებს მასთან გარიგებაში შესვლას,“ - აცხადებს for.ge-სთნ საუბრისას შალვა შავგულიძე.

იურისტი კახი კახიშვილი for.ge-სთან საუბარში ასეთი ჩანაწერების არსებობას შესაძლებლად მიიჩნევს.

„ჩვენ გვახსოვს არჩევნების შემდგომი პერიოდი, როდესაც სააკაშვილმა აღიარა დამარცხება, მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შსს-ში, სოდ-ში, კუდ-ში ნადგურდებოდა რაღაცა სახის დოუმენტები. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტას ასეთი ჩანაწერები აქვს, ეს ფაქტია. ისინი ქმნიდნენ ფაილებს კონკრეტული პირების, მათ შორის პოლიტიკოსების, მათი ოჯახებისა და მეგობრების შესახებ.

„შემდგომში ამ ჩანაწერების მეშვეობით ხდებოდა მათი შანტაჟი. ფაქტია, რომ ამ კადრების ნაწილი საზღვარგარეთ არის გატანილი, ნაწილი აქ აქვთ გადანახული, ეს არის მათი სტილი. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ხალხს მოდულის შენობაში იბარებდნენ და პირდაპირ აშანტაჟებდნენ. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეული ტაქტიკაა. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის აუდიო ჩანაწერი გავრცელდება, გამოძიებას ადვილად შეუძლია იმის იდენტიფიცირება თუ რომელმა ინტერნეტ მომხმარებელმა გაავრცელა ის. ასეთი ჩანაწერების გავრცელება საქართველოს კანონმდებლობით ითვალისწინებს სისხლის სამართლის დანაშაულს,“ - აცხადებს კახი კახიშვილი.