„ვაქცინაციის კამპანია თუ ჩავარდა, არა მხოლოდ ათასობით ადამიანს გამოვიგლოვებთ, ჩვენი ეკონომიკა უზარმაზარ დარტყმას მიიღებს“

„ვაქცინაციის კამპანია თუ ჩავარდა, არა მხოლოდ ათასობით ადამიანს გამოვიგლოვებთ, ჩვენი ეკონომიკა უზარმაზარ დარტყმას მიიღებს“

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. სტატისტიკურად ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსით 5000 ადამიანი ინფიცირდება, საიდანაც საშუალოდ 30 პაციენტი ყოველდღე იღუპება.

სპეციალისტების ნაწილის განცხადებით, საქართველოში პანდემიის ე.წ. მეხუთე ტალღა დაიწყო, თუმცა ქვეყანაში კიდევ ერთხელ შეზღუდვების ამოქმედებას არ ემხრობა. მათი შეფასებით, რეგულაციების შემოღება სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ქვეყანის ეკონომიკას და ადამიანებს. თანაც, აღნიშნავენ, რომ გამოსავალი არა შეზღუდვების ამოქმედებაში, არამედ აცრასა და ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურებაშია.

ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, თბილისის მასშტაბით 99 ბაღი დაიკეტა.

ინფიცირების ახალი შემთხვევის მატების ფონზე, ვხედავთ, რომ აცრების რამდენობა ყოველდღიურად დაახლოებით 5000-ს შეადგენს, რაც ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რისი მიღწევაც სპეციალისტებს სურთ, რომ ქვეყანაში დასრულდეს პანდემია.

ექსპერტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძე თვლის, რომ რეგულაციების ამოქმედება შესაბამის შედეგს ვერ მოიტანს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია აცრების რაოდენობამ მოიმატოს.

„არ მგონია, რომ შეზღუდვები კარგად მოქმედებდეს ეკონომიკაზე ან ადამიანებზე, ეს არის უკიდურესი ფორმა, თუ გაგრძელდა ასეთი მძიმე ესკალაციები. შეზღუდვები ადამიანებისთვის და თვითონ ქვეყნისთვის ძალიან პრობლემატურია. თუ სხვა გზა არ დაგვრჩება, ალბათ, შემოიღებენ იმ შეზღუდვებს, რომელიც შედარებით მეტ ეფექტს მოგვცემს იმით, რომ ინფექციის გადაცემის სისწრაფე შემცირდეს.

ამ ესკალაციას ბევრი რამ დაემთხვა: ჯერ იყო არჩევნები, შემდეგ სწავლის დაწყება, ცუდი ამინდები და ადამიანები დახურულ სივრცეში შევიდნენ, ნაკლები დროის გატარება დაიწყეს სუფთა ჰაერზე და ამას დამატებული რეგულაციების არდაცვა - პირბადის ტარება 50%-ს ქვემოთ ჩამოვიდა. ყველაზე მეტი ინფიცირებული არის იმ რეგიონებში, სადაც აცრების მაჩვენებელი დაბალი გვაქვს.

აცრის შემთხვევაში 9-ჯერ ნაკლები შანსია იმის, რომ დავინფიცირდეთ. იმაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, რომ შეზღუდვები შემოვიღოთ, არამედ იმაზე, რომ ადამიანები აიცრან. ეს არის ერთადერთი გზა, რომ შევაჩეროთ პანდემია და მუდმივად მოლოდინში არ ვიყოთ მორიგი შეზღუდვების, ჩაკეტვების და ტალღების. აცრის გარდა სხვა გამოსავალი არ არის. კარდაკარ სიარულის პრინციპი უნდა გავრცელდეს ყველგან. დასრულდეს არჩევნები და ყველა რესურსი ამ პროცესში უნდა ჩაიდოს.

ვაქცინაციის კამპანია თუ ჩავარდა, არა მხოლოდ ათასობით ადამიანს გამოვიგლოვებთ, იქნება უდიდესი პრობლემა ის, რომ ჩვენი ეკონომიკა უზარმაზარ დარტყმას მიიღებს. ჩვენ მუდმივად ვიქნებით ძალიან მძიმე მოლოდინებში, თუ როგორ დარტყმას მოგვაყენებს ყველაზე საშიში შტამი“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ For.ge-სთან.

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ზამთრის სეზონი ახლოვდება, ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდასთან ერთად, შესაძლოა, დღის წესრიგში საველე ჰოსპიტლების გახსნის საკითხი დადგეს.

მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით აცრა, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

„ტრაგედიას ვხედავთ, ორი-სამი თვის ინტერვალით. ახლა ზამთრის პერიოდია და ბევრმა სხვა ფაქტორმაც იმოქმედა, რომ 40 000-ს გადასცდა აქტიური შემთხვევების რაოდენობა. ახლა ქვეყანას ისევ დაუდგება საველე ჰოსპოტლების გახსნის აუცილებლობა. ამ წრიდან ვერ გამოვედით. ჩვენ გვჭირდება დამატებით იმუნური ფენა - მილიონნახევარი ადამიანი შეიძინოს ქვეყანამ. ამ იმუნურ ფენას ჩვენ სადღაც მაინც შევიძენთ, მაგრამ ეს იქნება ძალიან სერიოზული დანაკარგებით. თვეში 5 ათასი (აცრა) რომ იყოს სტაბილურად, 150 ათასზე მეტი არ დაავადდება და ე.ი. დაგვჭირდება კიდევ 10 თვე. ჩვენ ეს შეგვიძლია 3-4 თვეში გავაკეთოთ ვაქცინაციით. ბუნებრივად თუ გადავიტანთ, ამ მილიონ ნახევრიდან ერთი პროცენტი მაინც დაიღუპება - ანუ 15 ათასი ადამიანი შემდგომ 10 თვეში, რადგან საშუალოდ 1000 ადამიანს მაინც ვკარგავთ თვეში. 10 თვის განმავლობაში ჩვენ თუ 10 000 ადამიანს დავკარგავთ, პირობითად, ვაქცინაციას შეუძლია ეს ციფრი 11-ჯერ შეამციროს. ანუ ჩვენ შეგვიძლია 13-14 ათასი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კულუმბეგოვის თქმით, 14 დღის განმავლობაში შესაძლოა დაინფიცირდეს 60 ათასამდე პირი და აქედან 600-მდე ინფიცირებული დაუღუპოს.

„აქ ხელშემშლელი ფაქტორი არის საარჩევნო პერიოდი, რაშიც ჩვენ ვართ. იმედს ვიტოვებ, რომ არჩევნების შემდგომ მაინც იქნება ხელფეხი გახსნილი. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის ძალიან მძიმეა დღეში 5 000-მდე ადამიანის ინფიცირება - ეს ნიშნავს 14 დღის განმავლობაში 60 000-მდე ადამიანის ინფიცირებას. ეს არის უსერიოზულესი ციფრი და აქედან ერთი პროცენტი, 600-მდე ადამიანი ამ გადაწყვეტილებით დაიღუპება. ეს სწრაფად უნდა იყოს მიღებული, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს, სანამ არ დასრულდება საარჩევნო პერიოდი“, - განაცხადა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ბიძინა კულუმბეგოვმა.