პარტია ,,თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა და უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე გორის რაიონის სოფელ დიცში ჩავიდნენ და იქ სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ. სოფელში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების ინდოელებზე გასხვივებას აპროტესტებენ. კახა კუკავას თქმით, იმ შემთხვევაში თუკი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ინდოლები კვლავ გააგრძელებენ მუშაობას, თბილისიდან 500-მდე აქტივისტი კოლონის სახით ჩავა და სოფლის მოსახლეობასთან ერთად მათ მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემს. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, 4 აპრილს სოფლის მოსახლეობამ ინდოელებს ვაშლის ნერგების დარგვის საშუალება არ მისცა.
კახა კუკავას თქმით, საქართველოს მასშტაბით 70-მდე სოფელია, სადაც სოფლის სარეზერვო მიწები უცხოელებზე – პაკისტანელებზე, ინდოელებზე, თურქებზე და ჩინელებზეა გასხვივებული. ,,ეს არის მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც ჩვენამდე მოვიდა. შესაძლოა, უფრო მეტ სოფელშიც ამდაგვარად ხდება. ამიტომ, თითოეული სოფლის ინტერესების დასაცავად ცალ-ცალკე რომ არ ვიბრძოლოთ, საქართველოს პარლამენტში წარვადგენთ კანონპროექტს, სადაც საუბარი იქნება იმაზე, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მიწები უცხოელებზე არ გაიყიდოს” – განაცხადა კახა კუკავამ.
კუკავას ეს იდეა სოფლის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას მოეწონა. ისინი მას თანადგომას დაპირდნენ. რაც შეეხება უკვე გასხვივებულ მიწებს, კუკავა ამბობს, რომ სასამართლოს გზით, პრივატიზაციის შედეგები უნდა გაუქმდეს:
,,ამ პროცესში ჩვენი წარმომადგენლები დაგეხმარებიან. როგორც ვიცი, თქვენი იურისტი უკვე მუშაობს და მომზადებულიც აქვს სარჩელი. დავუკავშირდებით მას და სამართლებრივ კონსულტაციას გავუწევთ. სარჩელის უზრუნველყოფამდე საჭიროა ინდოელებმა სამუშაოები შეაჩერონ. პრივატიზაციის გაუქმების შემდეგ კი სახელმწიფომ ინვესტორებს თანხას დაუბრუნებს. იმასაც გეტყვით, რომ ვაპირებთ ამ ინდურ კომპანების წარმომადგენლებთან შეხვედრას და იმის ახსნას, რომ აქ არაფერი გამოუვათ. ეს პროცესი უნდა დამთავრდეს” – განაცხადა კუკავამ.
სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზაქარია ვატიტაძე ამბობს, რომ დიცის მიწების გასხვივება სოფლის მოსახლეობამ გვიან გაიგო. მართალია, საქართველოს კანონმდებლობით, პირველი 6 თვის განმავლობაში ამ მიწების შესყიდვის შეთავაზება ადგილობრივ მცხოვრებლებთან ხდება, მაგრამ დიცელები ამბობენ, რომ ეს შეთავაზება, მხოლოდ, ინტერნეტით გამოქვეყნდა: ,,დიცში ინტერნეტი არ იციან, ვერც ვერავინ გავიგეთ ამის შესახებ. აღმოჩნდა, რომ სოფლის სარეზერვო მიწები ქართულმა კომპანიამ ,,მადლმა” იყიდა, ხოლო 3 დღის შემდეგ, ,,მადლმა” ინდოელ ინვესტორებზე გაასხვისა” – აღნიშნავს სოფლის გამგებელი.
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე შენიშნავს, რომ ეს ქართული კომპანიები ე.წ. ,,პადსტავკის” როლს ასრულებენ. ,,ისინი მაშინდელმა ხელისუფლებამ შექმნა იმისთვის, რომ ვითომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ქართველებმა იყიდეს. ხოლო კერძო პირებმა შემდეგ უცხოელებზე გაასხვივეს. ამით სახელმწიფომ ის პასუხისმგებლობა მოიხსნა, რომ თითქოს მათ არ გაუყიდიათ მიწები უცხოელებზე. ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიებმა კი პარალელურად უცხოელებისგან თანც მიიღეს.” – აცხადებს ლორთქიფანიძე.
სარჩელი პრივატიზაციის გაუქმების მოთხოვნით, გორის სასამართლოში უკვე შევიდა. მოსამართლემ მოსარჩელე მხარეს არქივიდან იმ ცნობის მოძებნა მოსთხოვა, სადაც დაფიქსირებულია, რომ უცხოელებზე გასხვივებული მიწა სარეზერვო ფონდს წარმოადგენდა.