„14 ოქტომბერს აქციაზე იყო არცთუ ისე მცირე რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც იქ მიიყვანა სწორედ „ქართულ ოცნებაზე“ გულაცრუებამ, განაწყენებამ ან სხვა უკმაყოფილების გამოწვევმა მიზეზებმა“, - განუცხადა For.ge-ს ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ.
როგორ ფიქრობთ, შესაძლოა თუ არა ვთქვათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის, გარკვეული რევანშისტული თუ რადიკალური სცენარია გაწერილი?
- რევოლუციური სცენარის დაანონსება, ფაქტობრივად, მოხდა - ნიკანორ მელიამ გამოაცხადა, რომ 30 ოქტომბერს ისევ უნდა შეიკრიბონ თავისუფლების მოედანზე, რომ დაიცვან ხმები. ეს არის გამოცხადება იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თუ დამარცხდა, თუნდაც თბილისის მერის არჩევნებში, არ აღიარებს შედეგებს და დაიწყება ის პროცესი, რასაც ვუყურებდით 2020 წელს, ან უფრო ადრე, 2003 წელს, მაგრამ რამდენად გამოუვათ ეს რევოლუციური სცენარი, მეორე საკითხია.
სააკაშვილის მოწოდება, რომ ყოველ დღე უნდა იყოს აქციები მისი გათავისუფლების მოთხოვნით, რეალიზდება ამ დღეებში, - ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანაში მოამწიფონ რევოლუციური სცენარი. ესაა დესტაბილიზაცია, დაპირისპირების გამომწვევი, რისი ნახვაც საქართველოში დასავლეთს არ სურს.
მართალია 14 ოქტომბრის აქციაზე, თავისუფლების მოედანზე ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა, თუმცა, რამდენად გამოვა 30 ოქტომბერსაც იგივე რაოდენობის და თუნდაც კიდევ მეტი, საპროტესტო აქციაზე?
- ჩვენ ვნახეთ რა რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში 14 ოქტომბრის აქციას. იქ ხალხი მივიდა საკუთარი უკმაყოფილების გამოსახატავად. არ მგონია, რომ ეს ხალხი მზად იყოს იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს უფრო რადიკალურ სცენარში. აქციის პროცესშივე მოხდა სცენარის შეცვლა და იქ მოსული ხალხი იმ დღესვე გაუშვეს სახლში. მაქვს ეჭვის, რომ სხვა სცენარი იყო გაწერილი. არ სურდათ არჩევებამდე გაემწვავებინათ სიტუაცია, რადგან ეს დასავლეთში უარყოფით დამოკიდებულებას გამოიწვევდა. ამიტომაც, სცენარი შეცვალეს და მოსული ხალხი მშვიდობიანად გაუშვეს უკან.
ეს იყო ერთგვარი ძალის დემონსტირება, რაც მგონია, რომ ერთჯერადია. არ ვფიქრობ, რომ იქ მოსული ხალხი განწყობილი იყოს იმისკენ, რომ მიიღოს მონაწილეობა რადიკალურ სცენარში. „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი ძაბავენ სიტუაციას. რამდენად იმოქმედებს ეს საზოგადოებაზე, დამოკიდებული იქნება დიდწილად ხელისუფლების პასუხზე.
თქვენ პირადად მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით?
- მაღალი ალბათობით, ველოდები საპროტესტო აქციას, რომელიც სავარაუდოდ, გაგრძელდება რამდენიმე დღე, შეიძლება რამდენიმე კვირა და შემდეგ შეხედავენ, როგორი იქნება საერთაშორისო შეფასება. თუ საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ არჩევნები ჩატარდა ნორმალურად და არ ყოფილა მძიმე დარღვევები, რამაც იმოქმედა საზოგადოების ნების თავისუფლად გამოვლინებაზე, მაშინ უკვე მათი პროტესტი აზრს დაკარგავს.
აშშ-ს სენატის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსული და რიგ-რიგობით შეხვდნენ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომდგენლებს. მგონია, რომ ეს შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე და მათ, ალბათ, შეატყობინეს აშშ-ს პოზიცია არჩევნებთან მიმართებაში. მათ სავარაუდოდ, ხელისუფლებას უთხრეს, რომ „არ გაბედოთ არჩევნების მასობრივი გაყალბება“ და ოპოზიციას უთხრეს, რომ „შეეგუოს და აღიაროს არჩევნების შედეგები“.
ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრება, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს უკრაინულ მხარეს გადასცემენ. იზიარებთ ამ მოსაზრებას? და რამდენად იმუშავებს ექსპრეზიდენტის ფაქტორი მეორე ტურში?
- ბოლომდე არ გამოვრიცხავდი ამ სცენარს. სააკაშვილი ძალიან მოხერხებულად სპეკულირებს თავისი შიმშილობის და პატიმრობის თემით. ეს ყველაფერი გათვლილია ჩვენი საზოგადოების ფსიქილოგიაზე. სააკაშვილის წარმოჩენა, როგორც წამებული გმირის, მუშაობს საზოდოების ერთ ნაწილში. ეს ფაქტორი იმუშავებს არჩევნებზეც. სააკაშვილი რომ არ ყოფილი ციხეში, არ ვარ დარწმუნებული, „ნაცმოძრაობა“ შეძლებდა ამდენი ხალხის მობილიზებას. ჩანს, რეალურად ვინ არის „ნაცმოძრაობის“ ლიდერი, არა ნიკანორ მელია, არამედ მიხეილ სააკაშვილი. მეორე ტურშიც მისი ფაქტორი, რა თქმა უნდა, იმუშავებს, მაგრამ არა ისეთივე ძალით, როგორც პირველივე ტურში.
თუკი უკრაინას არ გადასცემენ სააკაშვილის, მისი დატოვება ქართულ საპატიმროში, რამდენად მომგებიანი იქნება თავად „ქართული ოცნებისთვის?“
- მე რომ „ქართული ოცნების“ ადგილზე ვიყო, გამოვძებნიდი იურიდიულ პროცედურებს, - სახის შენარჩუნებით, გადასცეს უკრაინის მოქალაქე ამ სახელმწიფოს. მეორე მხრივ გასათვალისწინებელია, საზოგადოება როგორ აღიქვამს ამას. ამასთან, რამდენად მოახერხებენ ისინი ღია სასამართლოს პირობებში, დამაჯერებლად დაამტკიცონ სააკაშვილის დანაშაული, რომ ეს დაიჯეროს ჩვენმა საზოგადოებამ და ხომ არ შეიქმნება სასამართლოზე გარკვეული პრობლემები ამ საქმეების განხვილვასთან დაკავშირებით?! არსებობის უფლება აქვს იმ მოსაზრებას, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობდეს სააკაშვილის გადაცემა უკრაინისთვის.
არჩევნების პირველ ტურამდე ერთი დღით ადრე, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და მისი დაპატიმრება ხომ არ აჩენს ეჭვს, რომ ეს იყო ერთგვარი შეთანხმება სააკაშვილსა და „ოცნებას“ შორის?
- როდესაც ვსაუბრობთ შეთანხმებაზე, უნდა ვიცოდეთ რა არის შეთანხმების საგანი: სააკაშვილი ჩამოვიდოდა საქართველოში, ამით „ქართული ოცნება“ დაიმატებდა რამდენიმე პროცენტს და გადალახავდა იმ საკრარულ 43%-იან ბარიერს და „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემატებოდა 25%-ზე კიდევ 5%. შეთანხმება თუ იქნებოდა, ეს უფრო იქნებოდა სააკაშვილის ჩამოსვლის შედეგად, ხელისუფლების გადაბარების პროცედურა. ამ შემთხვევაში ნამდვილად ექნოდა აზრი სააკაშვილის ჩამოსვლას - დაინიშნებოდა ვადამდელი არჩევნები და მოხდებოდა ხელისუფლების გადაბარება. ის რომ ჩამოვიდა და ამხელა რისკი გასწია, მგონია, რომ სააკაშვილი ელოდება შედეგს.
თქვენ პირადად ელოდებით ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და ხელისუფლების გადაბარებას?
- ვერ ვიტყვი, რომ ეს სცენარი 100%-ით არ შესრულდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სააკაშვილი არის შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკოსი და წვრილ-წვრილი გარიგებები ნაკლებად აინტერესებს, მგონია, რომ ამისკენ არის მომართული - საპროტესტო აქციების შედეგად დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.