კარმენ მოლას სახელით ცნობილმა ესპანელმა მწერალმა ქალმა, რომელიც თრილერის ჟანრის ნაწარმოებებითაა ცნობილი, ცოტა ხნის წინ ლიტერატული პრემია, სახელად Premio Planeta de Novela და €1 მილიონის ოდენობით ჯილდო მოიპოვა. დამსწრე საზოგადოებისდა გასაკვირად, დაჯილდოების ცერემონიაზე არა უნივერსიტეტის ლექტორი და 3 შვილის დედა, არამედ 3 კაცი წარსდგა.
როგორც აღმოჩნდა, ქალი, რომელიც ესპანეთში თრილერის ჟანრის წიგნების წერითაა ცნობილი, სინამდვილეში არ არსებობს. მის მაგივრად ნაწარმოებებს აუგუსტინ მარტინეზი, ხორხე დიაზი და ანტონიო მერცერო წერდნენ. კარმენ მოლას გამოგონებამდე, სამივე კაცი სცენარის ავტორად მუშაობდა.
კარმენ მოლას ნაწარმოებები ჩამთრევი სიუჟეტით, სისხლიანი სცენებითა და ძლიერი პერსონაჟი ქალებითაა ცნობილი. მოლას ხშირად იტალიელ მწერალ ელენა ფერანტესაც ადარებდნენ. მოლამ ლიტერატურული პრემია ბოლო, გამოუქვეყნებელი წიგნისთვის, სახელად La Bestia (ურჩხული) მოიპოვა.
საზოგადოება კარმენ მოლას წლების განმავლობაში იცნობდა, როგორც უნივერსიტეტის ლექტორსა და 3 შვილის დედას, რომელიც ფსევდონიმს იმისათვის იყენებდა, რომ ოჯახთან ერთად მშვიდად, საზოგადოების ყურადღების გარეშე ეცხოვრა. კარმენ მოლას სხვადასხვა ჟურნალისთვის ინტერვიუებიც კი აქვს მიცემული.
"კარმენ მოლა, როგორც აქამდე ვიტყუებოდით, უნივერსიტეტის ლექტორი სულაც არაა. ჩვენ მეგობრები ვართ, რომლებმაც 4 წლის წინ გადავწყვიტეთ, ჩვენი ნიჭი ამბების მოსაყოლად გაგვეერთიანებინა", — განაცხადა ხორხე დიაზმა.
კაცებმა თქვეს, რომ სახელი შემთხვევით აირჩიეს ისე, რომ მკითხველთა წინაშე ქალად წარდგენის შედეგების შესახებ არ უფიქრიათ.
"არ ვიცი, ქალის ფსევდონიმით უფრო მეტი წიგნი გაიყიდებოდა, თუ კაცის ფსევდონიმით. წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ მეეჭვება. ჩვენ ქალის მიღმა არ დავმალულვართ, ჩვენ უბრალოდ სახელს ამოვეფარეთ", — თქვა ანტონიო მერცერომ.
აღნიშნულმა შემთხვევამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. მაგალითად, ტრიო ესპანელმა ქალთა უფლებათა დამცველმა ბეატრის ხიმენომ გააკრიტიკა.
"ქალის ფსევდონიმის გამოყენების გარდა, ეს კაცები წლების განმავლობაში ჟურნალებს ინტერვიუებს აძლევდნენ. ეს მხოლოდ სახელი კი არა, ეს ყალბი პროფილია, რომელსაც ისინი მკითხველებისა და ჟურნალისტების ყურადღების მისაპყრობად იყენებდნენ. ისინი თაღლითები არიან", — ამბობს ბეატრის ხიმენო.
"არავის გამორჩენია ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტის ლექტორი და სამი შვილის დედა, რომელიც დილაობით ალგებრას ასწავლის, შუადღეზე თავისუფალ დროს კი ძალადობით სავსე სიუჟეტის მქონე ნოველებს წერს, მშვენიერი მარკეტინგული გათვლა იყო", — ვკითხულობთ ესპანურ ჟურნალ El Mundo-ში.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია Women’s Institute-ის ესპანეთის განყოფილებამ შარშან კარმენ მოლას წიგნი აუცილებლად წასაკითხი ქალი ავტორების ნაწარმოებთა სიაში დაასახელა. სია მიზნად "სხვადასხვა პერიოდში მოღვაწე ქალების რეალობისა და გამოცდილების გააზრებასა და ქალთა უფლებებისა და თავისუფლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება".