მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება, ხმაური იყო.
ერთ-ერთმა დემონსტრანტმა, შენობის წინ ე.წ. სტენსილის გაკეთება, ტექსტის „თავისუფლება მიშას“ დაწერა მოისურვა, რის შემდეგაც, სამართალდამცველებმა მას მიუთითეს, რომ ადმინისტრაციულ შენობასთან წარწერის დატოვება კანონს ეწინააღმდეგება. ის პოლიციელებმა საპატრულო ავტომობილით გაარიდეს ტერიტორიას. ამას შეკრებილების გაღიზიანება მოჰყვა. მათმა ნაწილმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სამართალდამცველებს გამყიდველები და მონები უწოდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა.
გარდა ამისა, ჩამოყალიბდა ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის.