სოფელ კოლაგში დაღუპული 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ტრაგედიის ადგილას, ქვევრში სულ ახლახანს ზურგჩანთა აღმოაჩინეს. ნივთმტკიცება თბილისიდან ჩასულმა გამომძიებლებმა თან წაიღეს.
გარდაცვლილი ჩვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ მოთმინების ფიალა ევსებათ, რადგან რამდენჯერაც არ უნდა შეეხმიანონ სამართალდამცავ ორგანოებს, იქიდან ერთადერთი პასუხი მოდის, რომ საქმეს იძიებენ. დაღუპული ჩვილის ახლობლები კი ამბობენ „თუ იძიებენ საქმეს, გამოძიონ, თუ არადა, საქმე დახურონ“.
For.ge ბარბარე რაფალიანცის დეიდას დალი მექერიშვილს ესაუბრა.
წყლით სავსე ქვევრის დაცლისას ქალის ზურგჩანთა აღმოჩნდა, თუმცა, როგორც ვიცი, გამომძიებლებს ისევ თქვენგან აინტერესებთ, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული ნივთი. ზოგადად, რა სიახლეები იკვეთება ჩვილის საქმის ძიების პროცესში?
- დედაჩემის ინიციატივით, ქვევრიდან სამი კვირის წინ გამომძიებლებთან ერთად ამოიღვარა ეს წყალი. დედაჩემს ეშინოდა, წყლის დატოვება ქვევრში, რადგან ჩემი შვილები სულ იქ არიან და ვშიშობდით, არ განმეორებულიყო ტრაგედია. ბავშვები სულ შიგნით შედიან, ყოველთვის დაკეტილი ხომ ვერ იქნება ის მარანი?!
თავიდანვე რატომ არ მოხდა ამ ქვევრიდან წყლის ამოღვრა და რატომ არ დაათვლიერეს ქვევრი უფრო გულდასმით?
- არ ვიცით, ჩვენც ეს გვაინტერესებს. ჯერ თელავის სამხარეოდან მოდიოდნენ და ქვევრის პირს მარტო შლანგებით ზომავდნენ, რაღაც უაზრობებს აკეთებდნენ. მანამდე არავის გასჩენია წყლის ამოღვრის ინიციატივა. ჩვენ კიდევ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში ვიყავით და ვერ მოვიფიქრეთ, ამის გამოცდილება არ გვქონდა, რომ გვეფიქრა, შიგნით რაიმე ხომ არ ჩავარდა?! ეს ინიციატივა თვითონ მათ უნდა გამოეჩინათ და მათ უნდა ეთქვათ, ჩვენ რა ვიცოდით?
ახალი გამომძიებლები მანამდეც იყვნენ ჩამოსულნი, მაშინ გვითხრეს, გვეჩქარება და შემდეგ ამოვღვრითო. უჩვენოდ არ ამოღვაროთო. მართლაც, ბოლო დროსაც ჩამოვიდნენ და მაშინ ამოღვარეს წყალი. ასე რომ, ფსკერზე სპორტული ჩანთა ვიპოვეთ.
თქვენი ოჯახის წევრებს არ ეკუთვნოდა ეს ჩანთა?
- არა, ეს ისეთი ჩანთა არ იყო, რომ ვთქვათ, სკოლისთვის გამოეყენებინათ, ან წიგნები ჩაელაგებინათ, ვიწრო და მაღალი სპორტული ჩანთა იყო ერთი გადასაკიდით, „Sport” აწერია. ამ დროს სპორტსმენი არავინ გვყავს, არც ჩემი ძმა მისდევს სპორტს.
ალბათ, ისიც შეიძლება, რომ სამხილისთვის სპეციალურად ჩააგდეს ჩანთა ქვევრში, რომ სპორტით გატაცებულ პიროვნებაზე დაეჭვებულიყავით.
- ნამდვილად არ ვიცი, იმდენჯერ შემოიჭრა მაშინდელი პოლიცია დაუკითხავად... ჯერ კიდევ, გურჯაანის პოლიცია იძიებდა საქმეს, ყველანი წაგვიყვანეს გურჯაანში, ჩვენს გარეშე შევიდნენ სახლში და მოგვიანებით ჩემი მეუღლე რომ შევიდა და ჰკითხა, რას აკეთებთო, ქვევრს ვზომავთო. ამ დროს არ გაინტერესებთ, რით ზომავდნენ? - შლანგის პირით. თუ ქვევრის გასაზომად მოდიხარ, წამოიღე სანტიმეტრი, ჩვენ რაღას გვეკითხები?
შეიძლება, ეს ჩანთა მოგვიანებით ჩააგდეს და თავიდან არც ეგდო ქვევრში?
- არ ვიცი. რატომ მაშინვე არ გამოიკვლიეს ეს? ჩვენ ამის გამოცდილება რომ გვქონოდა, იმ წუთასვე ამოვიღებდით.
თქვენ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდით, თუმცა აცხადებთ, რომ საქმე არ იძვრის. ვინმეზე ხომ არ გაქვთ ეჭვი, რომ ამ საქმის გამოძიებას აფერხებს?
- ნამდვილად არ ვიცით, ამის ეჭვები გვაქვს, რომ განგებ აფერხებენ გამოძიებას, მაგრამ როგორც თვითონ გვეუბნებიან გამომძიებლები, ისინი ვერ გაბედავენ უკანონო ქმედების ჩადენას, რადგან პირად კონტროლზე ჰყავს ღარიბაშვილს ეს საქმე და ჩვენ როგორ გავბედავთ, რომ ვინმესგან ფული ავიღოთ, ან სხვა გარიგებაში შევიდეთო?! ეს ეჭვები რომ გვქონდა, იმიტომაც წავედით ღარიბაშვილთან. ფაქტობრივად, გვეგონა, რომ ვიღაც ამ საქმეში ფულს იხდიდა, რომ საქმე მიეჩქმალა. თუმცა, ისევ იგივე გრძელდება. ახლა, ჩვენ, ალბათ, პროკურატურას გადავცემთ ამ საქმეს. ტელევიზიით როგორც ვუყურებ, კბილაშვილის უწყებაში გამოძიებული საქმეები, მე მგონი, უფრო მალე იხსნება, ვიდრე ამათი. ნამდვილად არ ვიცი, რატომ ჭიანურდება საქმის ძიება.
თქვენ აცხადებთ, რომ არსებობს ვიდეომასალა, სადაც საუბარია მკვლელზეც და დამკვეთაზეც. სავარაუდოდ, ვინ უნდა იყოს ასახული ამ ვიდეომასალაზე?
- ჩანაწერი არსებობს და ეს აქვს „მაესტროს“ რეგიონალურ ჟურნალისტს. თუმცა ჟურნალისტი არ იძლევა ამ მასალას.
მაგრამ თქვენ ხომ ნახეთ ეს მასალა?
- ჩვენ მოვუსმინეთ, იქ ძალიან კარგად ჩანს, ვინც დაუკვეთა ეს მკვლელობა და ვინც იყო შემსრულებელი. ახლა გამომძიებლები გვეუბნებიან, რომ იმ ვიდეოში, ვინც მკვლელობის შესახებ ყვება, თურმე გიჟი ყოფილა. ის ჩვენგან დაკითხვას არ იმსახურებს, რადგან უწესო ქალია, „20 კაპიკიანი პუტანკააო“. ვერ ვხვდები, ის „20 კაპიკიანი პუტანკაა“ თუ ვინც არის, ხომ უნდა დაკითხო და გამოიძიო? როგორც იქნა, მოგვიანებით მაინც დაკითხეს. ღარიბაშვილთან რომ ჩავედით, ამის შემდეგ დაიწყეს ამ საქმეზე მუშაობა. არადა, ერთი თვის განმავლობაში იცოდნენ და არ მუშაობდნენ ამ საქმეზე.
ეს ფარული ვიდეომასალაა?
- დიახ, კამერა უჭირავთ დაბლა, ფეხები უჩანთ მარტო და საუბარი კარგად ისმის, ფარულად აქვს ჩაწერილი და სახე არ უჩანს. შემდეგ ეს ყველაფერი უარყვეს.
ეს ყველაფერი ღვინიაშვილს რამენაირად უკავშირდება? ღვინიაშვილი აცხადებს, რომ თავად არის დაინტერსებული ამ საქმის გამოძიებით.
- იცით, ჩანაწერში როგორაა ნათქვამი? ღვინიაშვილის ბიძაშვილის შვილებმაო, - ასე ამბობს. თვითონ ღვინიაშვილზე არფერი ვიცი, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა ქულების დაწერა მასთან. დაზუსტებით ვერავის დავადებ ხელს, ვერც მექერიშვილს და ვერც ვერავის. ფაქტია, რომ უნდა გაიხსნას ეს საქმე. მე რომ შემეძლოს, მე გავხსნიდი. მესამე კვირა დაიწყო და არც კი ჩამოდიან დედაქალაქიდან შსს-ს გამომძიებლები. არადა, პირდაპირ მინისტრმა ღარიბაშვილმა გამოგზავნა ეგ ხალხი, ოთხნი ჩამოდიან ხოლმე და ახლა რატომღაც არ გამოჩენილან.
ფიქრობთ ზუსტად ის ხალხი აბრკოლებს საქმის გამოძიებას, ვინც აქამდეც მუშაობდა საგამოძიებო ორგანოებში?
- კახეთში მარტო სამხარეოს პოლიციის უფროსი შეიცვალა, ხოლო გურჯაანის პოლიციაში შეიცვალა პოლიციის უფროსი და მოადგილე. დანარჩენები ისევ იმავე პოსტზე არიან.
ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავდა. აქედან გამომდინარე, მისი გამოძიება ადვილი არ იქნება.
- ადვილად გამოსაძიებელი ნამდვილად არ იქნება, რადგან ეს ძალიან რთული საქმეა. თანაც, იმ დროს ყველანაირი კვალი წაიშალა. რასაც ჰქვია, გაანადგურეს ყველაფერი და ეს იყო ძალიან კარგად დაგეგმილი ქმედება, კარგი დამკვეთი ჰყავდა, რომელმაც ყველაფერი იცოდა, თუ რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ, რომ კვალი არ დარჩენილიყო. პატარა ბიჭ-ბუჭები ამას ვერ გააკეთებდნენ. ახლა ისეთი კანონია, რომ გამომძიებლებს შეუძლიათ, არც კი დაისწრონ მოწმეები, მაგრამ მაშინ არ იყო ეს კანონი ძალაში შესული და ამდენად, უნდა დაესწროთ რომელიმე მოწმე. თუმცა, იმ ღამით ისე ჩატარდა საექსპერტო სამუშაოები, რომ არავინ დაისწრეს, ისე აიღეს ანაბეჭდები. რა ვიცი, რა გააკეთეს, სამი დღე არავინ შეგვიშვეს სახლში, საპატრულო ლენტა ჰქონდა შემორტყმული და შიგნით ორი მცველი იცავდა. ერთი მათგანი შიგნით იჯდა, ერთი - გარეთ. არ ვიცი, რას აკეთებდნენ. ნუთუ შეიძლებოდა, შემთხვევის ადგილი სამი დღის განმავლობაში ჩაკეტილი ყოფილიყო?! იმ დროს ნაციონალები იყვნენ ხელისუფლებაში და არ იყო მთავრობა შეცვლილი.
ადრე საუბრობდნენ, თითქოს განგებ დაახრჩვეს ჩვილი, შემდეგ ითქვა, თითქოს, ქვევრში შესაშინებლად ჩააგდეს და წყლის გამო შემთხვევით გაიგუდა, ამის თაობაზე ახალი ვერსია ხომ არ გამოიკვეთა?
- ვის უნდა დაეხრჩო, დედას? გაავრცელეს, თითქოს, შვილის სიკვდილი უნდოდაო. თუ ასე იყო, 80 წლის მოხუცს მოუვლიდა, პამპერსს გამოუცვლიდა მაწვნის ფულის გამო, რომ ბავშვი გამოეკვება?! მამამისი კი 15 ლარის გულისთვის მთელი რვა-ცხრა საათის განმავლობაში მუშაობდა შუა სიცხეში შესვენების გარეშე, გადატყავებული ჰქონდა მთელი გვერდები ისე, რომ ბავშვს საჭმელი არ მოკლებოდა. თუ ბავშვის სიკვდილი უნდოდათ, მიაგდებდნენ, არც მოუვლიდნენ და შიმშილით მოკლავდნენ. ჩანაწერს თუ ვერწმუნებით, იმ კადრში ის ადამიანი იძახის, ამ ბავშვის მოკვლა არ დაუვალებიათ, უბრალოდ, დაგვავალეს, რამდენიმე ხნით ბავშვის თვალიდან არიდება, ამიტომაც შიგნით რომ შევედი, ისეთ ქვევრში ჩავაგდე, რომელსაც პირი ჰქონდა ატეხილი, რომ ბავშვს ესუნთქა და არ გაგუდულიყოო, თუმცა მე რა ვიცოდი, თუ იქ წყალი იქნებოდაო. ნამდვილად არ ვიცოდი და არ გვინდოდა მისი მოკვლაო.
მაგრამ ქვევრში რომ აგდებდა ბავშვს, როგორ გადარჩებოდა?
- ისედაც ვერ გადარჩებოდა, ტონანახევრიანი ქვევრია, იქ რომ ჩაუძახებ ბავშვს, რა გადაარჩენდა?
ვიდეომასალაში დაფიქსირებული ხმით ხომ შეიძლებოდა ამ ადამიანის იდენტიფიცირება?
- დიახ, იგი აქ ცხოვრობს, სოფელში, მაგრამ პრობაციონერი იყო, ქურდობისთვის გახლდათ ნაჯდომი, მაგრამ გამომძიებლებმა ეს მასალა რომ გამოიძიეს, ყველანაირად გამორიცხეს ეს ვერსია. ეს ჩანაწერი სიგიჟეა და დაივიწყეთო. არადა, როგორ უნდა დაივიწყო, როდესაც იმ ჩანაწერში ეს ყველაფერი ასახულია?!
მკვლელი უშუალოდ ლაპარაკობს ვიდეომასალაში?
- დამნაშავე თვითონ არ ლაპარაკობს. უბრალოდ, ეს დანაშაული ვინც ჩაიდინა, მისი დეიდა - ნინო უყვება სხვა პიროვნებას - ლოლა ტუსაშვილს, ასე და ასე მოხდა, ჩემმა დისშვილმა, დედაჩემს ფული მოპარა და სახლიდან გაიქცა და ბავშვი შემოაკვდაო. ლოლა საუბარში შეყვა და იმანაც დაფქვა ყველაფერი. ამდენი ხნის მანძილზე გამოძიებას რატომ არ უთხარითო, - ეუბნება ჟურნალისტი. იმიტომ არ ვუთხარი, რომ ეგენი ღირსები არ არიანო, ამას ჩვენს შესახებ იძახის, რადგან ჩვენ მისი საქმიდან აცილება მოვითხოვეთ და ამის შემდეგ თბილისელი ადვოკატები გვყავდა.